შეხვედრა: რეკომენდაცია ფიბას სახელმძღვანელოდან

AutoSharing Option
4 ნოემბერს სასტუმრო "რედისონში" წესდებაზე სამსჯელოდ კალათბურთის ფედერაციის გამგეობა სუპერლიგის კლუბებსა და საკალათბურთო სკოლების წარგზავნილებს უნდა შეხვედროდა.

არ გამოცხადდნენ კლუბების წარმომადგენლები, რომლებმაც არმისვლის გადაწყვეტილება შაბათს მიიღეს.

ღონისძიება ჩატარდა და საერთო აზრით გადაწყდა, რომ მოეწყოს ერთი შეხვედრა, რომელზეც საკალათბურთო სამყაროს ყველა დაპირისპირებული მხარე ერთმანეთის გვერდით დაჯდება და ყოველგვარ გაურკვევლობას წერტილს დაუსვამს.

* * *

4 ნოემბერს სასტუმროში გაგვაცნეს საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობის განცხადება:

"2013 წლის 31 ოქტომბერს ჟენევაში გაიმართა შეხვედრა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ფიბა) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებს
შორის.

ფიბას შტაბ-ბინაში შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ფიბას გენერალურმა მდივანმა პატრიკ ბაუმანმა, ფიბას განვითარების მენეჯერმა ზორან რადოვიჩმა, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ბესიკ ლიპარტელიანმა და გენერალურმა მდივანმა მერაბ რატიშვილმა.

შეხვედრაზე, სხვადასხვა საკითხთან ერთად, განხილულ იქნა ,,ფიბას ეროვნული ფედერაციების სახელმძღვანელოს" საკითხი. კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი სატელევიზიო ეთერის და კერძო საუბრების საშუალებით აცხადებს, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს კანონს და იმპერატიულ ნორმას და არა ფიბას რეკომენდაციებს ეროვნული ფედერაციების მიმართ.

ამის საპასუხოდ ფიბას ხელმძღვანელობამ გააკეთა მინიშნება აღნიშნული სახელმძღვანელოს წანამძღვარზე, სადაც გარკვევით წერია: ,,ფიბას სახელმძღვანელოს ეროვნული ფედერაციებისთვის" მიზანია დახმარების გაწევა თქვენი ეროვნული ორგანიზაციისათვის ყოველდღიური საქმიანობის წარმართვაში.

კონკრეტული რჩევების შეთავაზებით, სხვადასხვა მიმართულებით… ეს დოკუმენტი გთავაზობთ მეგობრულ რჩევებს, რომლებიც თქვენ დამხმარე ინსტრუქციების სახით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ მუშაობაში.

ამიტომ ისარგებლეთ ამ სახელმძღვანელოთი თქვენთან არსებულ გარემოზე მისადაგებით".

* * *

მერაბ რატიშვილმა არგამოცხადებულ საკალათბურთო კლუბებთან დაკავშირებით აღნიშნა:

"სამწუხაროდ, მათ აირჩიეს ფედერაციის ლეგიტიმურ ორგანოსთან, გამგეობასთან არაკონსტრუქციული ურთიერთობის გზა. მათი არმოსვლის ორ გაუგებარ მიზეზთან დაკავშირებით ვაცხადებთ:

1. ფედერაციის 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობაზე, რომელიც იქნა გადადებული ფედერაციის გამგეობის მიერ, დელეგატებზე ზეწოლის ფაქტებს იკვლევს საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტი. ყველამ პატივი უნდა ვცეთ ზემოხსენებულ კომიტეტს, წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს და დაველოდოთ მათი მოკვლევის შედეგებს.

2. რაც შეეხება 10 აგვისტოს რიგგარეშე ყრილობის (რომელიც გადადებულ იქნა ფედერაციის გამგეობის მიერ) შემდეგ დარბაზში დარჩენილი საკალათბურთო სუბიექტების პრეტენზიას, რომელიც არის აბსოლუტურად გაურკვეველი და უკანონო: სუბიექტებს შეუძლიათ თავიანთი პრეტენზიები წარუდგინონ სასამართლოს. ამაზე გამგეობა სხვა კომენტარს ვერ გააკეთებს.

და ბოლოს: საკალათბურთო კლუბებს და ბავშვთა საკალათბურთო სკოლებს მოვუწოდებთ, გამოიჩინონ გონიერება და პასუხისმგებლობა, პატივი სცენ ფიბას ოფიციალურ შეტყობინებას, პატივი სცენ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტს და აირჩიონ არა ბოიკოტის, არამედ კონსტრუქციულობის გზა ქართული კალათბურთის საკეთილდღეოდ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული