ვეტერანი კალათბურთელი ვალერი ლომაძე ვატო ნაცვლიშვილს აკრიტიკებს

AutoSharing Option
ვეტერანმა კალათბურთელმა ვალერი ლომაძემ ჩვენს გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება გვთხოვა.

"არ შეიძლება ადამიანურად გულისტკივილით არ აღვნიშნო ის, რომ 28 ნოემბრის "ლელოში" წავიკითხე წარსულში სახელგანთქმული კალათბურთელის, ვატო ნაცვლიშვილის ინტერვიუ, სადაც რესპონდენტი აღნიშნავს, რომ კალათბურთის ფედერაციის მომავალ არჩევნებს უცხადებს ბოიკოტს იმ მოტივით, რომ თითქოს არჩევნები ჩატარდება არადემოკრატიულად.

საპასუხოდ მინდა ვთქვა, რომ ვეტერანი სპორტის მუშაკები, მათ შორის, ვეტერანი კალათბურთელებიც დამემოწმებიან, რომ ის აჟიოტაჟი, რაც ამჟამად კალათბურთის ფედერაციის ირგვლივ არის ატეხილი, მთელი ჩვენი მოღვაწეობის მანძილზე არ გაგვიგია და დარწმუნებული ვარ, არც
იქნებოდა.

საკვირველია, რომ ვისაც ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის, ყველა კრიტიკულად ცდილობს დააფიქსიროს თავისი აზრი.

არადა, ვფიქრობ, კალათბურთის ფედერაცია არ იმსახურებს იმ კრიტიკას, მით უმეტეს, იმ ხალხისაგან, რომელსაც თითი თითზე არ დაუდია კალათბურთის განვითარების სასიკეთოდ. კარგადაა ნათქვამი - სხვას რომ აკრიტიკებ, ისიც თქვი, შენ რა გააკეთეო.

ზოგიერთი ჩვენი კოლეგის, მათთან ერთად, ვახტანგ ნაცვლიშვილის მოსაზრებაა, რომ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბედი უნდა გადაწყვიტონ იურიდიულმა პირებმა და არა ფიზიკურმა პირებმა.

იურიდიულ პირებად იგულისხმებიან ზოგიერთი სპორტული სკოლის, კლუბის და სხვა სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც ჩემი აზრით, კალათბურთში ნაკლებად არიან ჩახედულები და რომლებსაც არავითარი დამსახურება არ მიუძღვით ქართული კალათბურთის განვითარების საქმეში.

დარწმუნებული ვარ, დამეთანხმებით, რომ ქართული კალათბურთის ბედი უნდა გადაწყვიტოს კალათბურთში ჩახედულმა და მცოდნე ხალხმა, ე.ი. კალათბურთის საზოგადოებამ.

არადა, ის ჩვენი კოლეგები, რომლებიც დღე და ღამე აკრიტიკებენ კალათბურთის ფედერაციას და ცდილობენ დაუმტკიცონ საზოგადოებას, რომ ფიზიკურ პირებს არ უნდა ჰქონდეთ კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევისას ხმის უფლება, ძირითად ყურადღებას ამახვილებენ კალათბურთის ფედერაციის გამგეობის წევრებზე. არადა, გამგეობა დაკომპლექტებულია უაღრესად პროფესიონალი პიროვნებებით.

მაგალითად, ავიღოთ ჩემი, როგორც გამგეობის ერთ-ერთი წევრის, მონაცემები: 11 წლის განმავლობაში ვთამაშობდი საბჭოთა კავშირის პირველობის უმაღლეს ლიგაში. 1961 წლის შედეგების მიხედვით, დამასახელეს საბჭოთა კავშირის 25 უძლიერეს ვაჟ კალათბურთელთა შორის.

კარიერის დასრულების შემდეგ 27 წლის განმავლობაში ვიყავი სპორტკომიტეტის კოლეგიის წევრი. ვმუშაობდი სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ მშენებლობის დარგში. შემდგომ 10 წლის განმავლობაში ვიყავი თბილისის სპორტის სასახლის დირექტორი.

ზოგის აზრით, როგორც ფიზიკურ პირს, არჩევნებში ხმის უფლება წამერთმეოდა. სამაგიეროდ, ხმის უფლება ექნებოდა რომელიმე სპორტული სკოლის დირექტორს, რომელიც შეიძლება იყოს მოჭიდავე ან მძლეოსანი.

როგორ ფიქრობთ, მან უნდა აირჩიოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი? ამ შემთხვევებზე დასკვნის გაკეთება მკითხველისთვის მიმინდვია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ვახტანგ ნაცვლიშვილი: "დინამო" საიმისოდ მომწიფდა, რომ საჩემპიონო ამბიცია ჰქონდეს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული