რუსთაველებმა წლევანდელი ტურნირიც შესანიშნავად დაიწყეს - 74:43 გაიმარჯვეს, თუმცა დღესვე შეიძლება ითქვას, რომ "ენერჯი" მემორიალს ზედიზედ მეხუთედ ვეღარ მოიგებს.
ამის მიზეზი მარტივია: პირველი წრის შემდეგ ქვემოქართლელთა გუნდი ხუთმა წამყვანმა კალათბურთელმა დატოვა - ჟულივეტ ტუჯანი და ბექა წივწივაძე შსს-ში გადავიდნენ, გოგა ცეკვავა - "ქუთაისში", დუდა
ბუნებრივია, გაგიჩნდებოდათ კითხვა: მაშ, "ენერჯიში" ვინღა დარჩა? შეგიძლიათ გუნდის განაცხადს გადახედოთ და რუსთავში დარჩენილთა გვარებს ამოიკითხავთ.
...ახალგაზრდული და პერსპექტიული გუნდი, თუ უფროსობამ "ენერჯის" არ მიხედა, ერთ-ორ წელიწადში "ენერჯის" ეს ახალგაზრდებიც დატოვებენ და მივიღებთ "დინამოს" მსგავს არასახარბიელო სიტუაციას.
ჰო, მართლა, რუსთაველებმა გუშინ სწორედ "დინამოს" მოუგეს 31-ქულიანი სხვაობით. როგორც ჩანს, საფეხბურთო "დინამოში" ახალი მფლობელის გამოჩენის მიუხედავად - საკალათბურთოში არაფერი შეცვლილა...
***
ბევრი რამ შეიცვალა შსს-სა და "აგრარულში". ორივე გუნდში ახალი მწვრთნელები გამოჩნდნენ. ძალოვნებს არჩილ ჟღენტთან ერთად დავით უსტიაშვილი გაუძღვა, ხოლო "აგრარულის" ახალი თავკაცი გია კაზანჯიანი კადეტთა ნაკრებთან ერთად შეკრებაზეა და სტუდენტები მისმა თანაშემწე თემურ აბულაძემ გაიყვანა.
შსს-ს შემადგენლობაში კარგად გაისარჯნენ ახალწვეულები ჟულივეტ ტუჯანი და ბექა წივწივაძე. მათ ნამდვილად არ ეტყობოდათ, რომ ახალ გუნდში პირველ მატჩს ატარებდნენ.
ძალოვნებს "აგრარები" პირველ მეოთხედში გაუძალიანდნენ, მაგრამ მეორე პერიოდიდან შსს-მ თამაში დაალაგა და ანგარიშშიც სოლიდური უპირატესობა მოიპოვა. იყო ეპიზოდი, როცა ძალოვნები 40 ქულის სხვაობით დაწინაურდნენ, საფინალო სირენამ კი ამ მატჩშიც 31-ქულიანი სხვაობა დააფიქსირა.
***
დღის ცენტრალური მატჩი სტუდენტური დერბი იყო - თსუ "სამედიცინოს" დაუპირისპირდა. "მედიკოსების" რიგებში პირველი წრის შემდეგ რამდენიმე ცვლილებაა: მთავარ მწვრთნელად ნუგზარ კანდელაკი დაინიშნა. გარდა ამისა, გუნდში გადავიდნენ აკაკი დვალიშვილი და ნოდარ თენიეშვილი. "სამედიცინოში" ჩატარებულ პირველივე მატჩში აკაკის ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - 13 ქულა, 9 მოხსნა.
თავის მხრივ თსუ-შიც მატებაა - "არმიადან" მიხეილ ბერიშვილი გადავიდა. ორი ნუგზარის (კანდელაკისა და ჭეიშვილის) დუელში გამარჯვებული თსუ-ს თავკაცი გამოვიდა. თსუ-ელებმა გადამწყვეტ უპირატესობას მესამე პერიოდში მიაღწიეს - 26:14 მოიგეს და ბოლო მეოთხედში უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს.
ასე რომ, პირველი ტურის შემდეგ გამოიკვეთა A ჯგუფის ორი ფავორიტი - თსუ და შსს. ამ ჯგუფში ერთ-ერთი მთავარი მატჩი 20 იანვარს დილის 12 საათზე გაიმართება, შსს "სამედიცინოს" დაუპირისპირდება.
***
თურქული შეკრებიდან დაბრუნებულმა "სოხუმმა" მემორიალის პირველ ტურში იუჯინ ჰარისისა და ლაშა ფარღალავას ძალისხმევით იოლად დაძლია სტუ-ს წინააღმდეგობა.
სოხუმელებმა სუპერლიგის პირველი წრის შემდეგ 2 უცხოელი მოთამაშე დაკარგეს - ლიტველი პეტრას ბალოჩკა და ამერიკელი მაიკ მაქქერი. სამაგიეროდ, გუნდის ხელმძღვანელობამ შემადგენლობა გააძლიერა ექს-სტუ-ელი ზვიად ანთაძით, რომელსაც პირველივე მატჩში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მოუწია თამაში და მისდა გასახარად, გამარჯვება "სოხუმს" დარჩა.
დღის ბომბარდირი ლაშა ფარღალავა გახდა, რომელმაც სტუ-ს 35 ქულა ჩაუგდო.
სოხუმელებმა პირველი და მეორე მეოთხდი ერთნაირი ანგარიშით - 25:19 მოიგეს. მეორე პერიოდის შუაწელში სტუ-მ თამაში გამოასწორა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ვაჟა კვარაცხელიას გაწვრთნილმა სოხუმელებმა მალევე შეატრიალეს მატჩის ბედი თავის სასარგებლოდ. ფარღალავამ და ჰარისმა გუნდს ჯამში 65 ქულა შესძინეს, რითაც მეტოქეს წარმატების შანსი გადაუწურეს.
19 იანვარს ნათლისღებაა. შესაბამისად, მემორიალზე შესვენებაა გამოცხადებული. მეორე ტური 20-ში გაიმართება.
18 იანვარი, რუსთავი, ქიმიკოსების დარბაზი
A ჯგუფი
შსს-აგრარული 93:62
16:12, 23:10, 29:7, 25:33
შსს: ლაფანაშვილი (11ქ), ბ. ლეჟავა, მოკოლაძე (8ქ), კოტონი (7ქ), მარკოიშვილი (9ქ), ტუჯანი (8ქ), ბარბაქაძე (8ქ), იმნაძე (18ქ), შერმადინი (5ქ), წივწივაძე (5ქ), ტომარაძე (12ქ), სუხიშვილი (2ქ)
აგრარული: ტეტელაშვილი (4ქ), ნანიტაშვილი (5ქ), კანდელაკი, სიგუა (6ქ), ჩაჩანიძე (21ქ), ხანიაშვილი (19ქ), გემაზაშვილი (2ქ), ჯავახიშვილი (3ქ), მუმლაძე (2ქ)
მსაჯები: მ. ანდღულაძე, ხ. გაბედავა
კომისარი: გ. სანაძე
თსუ-სამედიცინო 85:67
16:12, 24:24, 26:14, 19:17
თსუ: ხიზანიშვილი (1ქ), გაფრინდაშვილი (7ქ, 8მ, 6პ), მარხვაშვილი (5ქ), კოხრეიძე, ლონდარიძე (18ქ), კორკოტაძე (14ქ), ჩიტაშვილი (10ქ), მათიაშვილი (16ქ), დეკანოიძე, მ. ბერიშვილი (12ქ), მაისურაძე, ჩქარეული (2ქ)
სამედიცინო: გულისაბედაშვილი (8ქ), ჩაჩიბაია (2ქ), ი. ლეჟავა, თავართქილაძე (2ქ, 5პ), ბექაური (7ქ), ნინიაშვილი (6ქ), კეიდია (2ქ), როდუმტა (4ქ), ჭოჭუა (19ქ), ფაიქრიძე, დვალიშვილი (13ქ, 9მ), თენიეშვილი (4ქ)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. ბერეკაშვილი
კომისარი: რ. ხომერიკი
B ჯგუფი
ენერჯი-დინამო 74:43
21:5, 20:6, 15:15, 18:17
ენერჯი: მაჭავარიანი (10ქ), ბერუაშვილი (1ქ), მებურიშვილი, მაისურაძე, აბაიშვილი, გუგავა (19ქ), ზედელაშვილი (2ქ), ლამუ (27ქ, 18მ), თვარაძე (5ქ), გ. არაბული (7ქ, 13 მ), ობგაიძე (3ქ).
დინამო: ივანეიშვილი (2ქ), ეძგვერაძე (8ქ), პატარაია (8ქ), თვაური (4ქ), გლუნჩაძე (4ქ), შალიკიანი, ცაგარეიშვილი, ალხანაიძე (13ქ, 11მ), თავამაიშვილი (3ქ), გულდედავა (1ქ)
მსაჯები: დ. ბერეკაშვილი, მ. ანდღულაძე
კომისარი: რ. გელოვანი
სოხუმი-სტუ 104:85
25:19, 25:19, 25:25, 29:22
სოხუმი: ფარღალავა (35ქ, 9მ, 5პ, 3ჩ), ჰარისი (30ქ, 5პ), ჩლაიძე, კვეტენაძე (4ქ), შანიძე (4ქ), სორდია (6ქ), კანკია, კოპალიანი (6ქ), რ. დამუსი (15ქ, 13მ), ანთაძე (4ქ)
სტუ: ჭოხონელიძე (8ქ), ვ. ბერუაშვილი (15ქ), ჩიკვილაძე (18ქ), გასიტაშვილი (2ქ), თევზაძე (2ქ), კობიძე (8ქ), ჯანგველაძე (14ქ), ჩალიგავა, ლაშქარაძე (6ქ), მჭედლიშვილი (2ქ), ძიძიგური (8ქ), ახალკაცი (2ქ)
მსაჯები: ზ. მაჩალაძე, დ. სადღობელაშვილი
კომისარი: რ. გელოვანი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
.