"კარგიას" გარდა, კიდევ გაიგონებთ "შესანიშნავია", "საუკეთესოა"...
საკალათბურთო კლუბ "ბასკონიას" კემპში მხოლოდ ქართველები როდი არიან. ჩვენგან 16 კალათბურთელია, რომლებიც ესპანელმა სპეციალისტებმა მაისის ბოლოს თბილისში ჩატარებულ კემპზე აარჩიეს, მათთან ერთად კი 15-13 წლის უამრავი ბავშვი ვარჯიშობს.
წინასწარ გეტყვით: გარდა იმისა, რომ ვიტორიული კემპი მოთამაშეთა სწორად გამოწვრთნას ემსახურება, მისი დანიშნულება საესპანეთოდ რამდენიმე კალათბურთელის
დავბრუნდეთ დარბაზში... თუმცა რომელ დარბაზში, საკითხავია, რადგან "ბასკონიას" განკარგულებაში ორი დარბაზია, ბავშვებიც სხვადასხვაგან არიან განაწილებულები ასაკის მიხედვით. პირველია საკალათბურთო კლუბ "ლაბორალ კუჩას" "ბრუესა არენა", სადაც შუადღის შემდეგ შეჯიბრებები იმართება.
იქვე მდებარეობს შედარებით მცირე სავარჯიშო დარბაზი, რომელიც მოსამზადებელი კომპლექს "პიკის" ნაწილია. მოშორებით კი მეტად პრაქტიკული საკალათბურთო პავილიონი, სადაც კემპის მონაწილეები ინდივიდუალური მონაცემების დახვეწაზე მუშაობენ. პავილიონი ქალაქის მთავრობას ეკუთვნის, იმდენად კარგადაა დაგეგმილი, იმდენად მოსახერხებელი და ეფექტურია, რომ აქ მის შესახებ წერას რომ მოვყვეთ, ძალიან შორს წავალთ, ცალკე პუბლიკაცია დასჭირდება. მსგავსის საქართველოს პრაქტიკაში განხორციელება ძალიან სასარგებლო იქნება.
საკალათბურთო კემპის მე-11 დღეს ბავშვების ჩვეულებრივი რეჟიმი ერთმა გარემოებამ დაარღვია - "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის გამოჩენამ და ბლიც-ინტერვიუებმა ქართველები საკმარისად გაახალისა. ერთ-ერთმა მწვრთნელმა ისიც უთხრა - ლაპარაკი მოედანზეც უნდა იცოდეთ და მის მიღმაცო.
თამაშისას ლაპარაკი რამდენად მნიშვნელოვანია, ვარჯიშის მსვლელობისას დავრწმუნდით: მოზარდები ექვს ჯგუფად გაიყვნენ და ექვსი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, სხვადასხვა კომპონენტზე ვარჯიშობდნენ: დაცვაზე, შეტევაზე, ტექნიკაზე, სისწრაფეზე... ერთ მხარეს "კარგია" რომ ისმოდა, უკვე მოგახსენეთ, მეორე მხარეს - "ჰელფ" (Helf)! ეს ინგლისური სიტყვა ქართულ თარგმანში ნიშნავს "მიშველე", "დამეხმარე"...
ჰოდა, მწვრთნელის მითითებით, მოთამაშეს, რომელსაც ვიზავი გაასწრებდა, აუცილებლად უნდა დაეძახა თანაგუნდელისთვის, დაზღვევისთვის. ეს იყო დაცვითი მეცადინეობა, რომლის დროსაც მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს პარტნიორთა შორის ურთიერთგაგებასა და ლაპარაკს.
შეტევაზე მომეცადინეებს "შერმადინის" წინააღმდეგობის დაძლევა უწევდათ - ვერ გავარკვიეთ, ვინ მოიფიქრა, მაგრამ საინტერესო რამ კი ვნახეთ: ღერძზე მიმაგრებულ ადამიანის ფორმის ფიგურას, რომელიც ხელაწეული იდგა, თვალები ჰქონდა მიხატული, გულზე კი "შერმადინი" ეწერა. "ბასკონიას" კემპზე მყოფი ქართველები 14-15 წლისანი არიან. ვინც ვარჯიშს არ დაიზარებს, 5-6 წელიწადში ეროვნული ნაკრების ვარჯიშებზე მართლაც მოუწევს გიორგი შერმადინის წინააღმდეგ დგომა. ისიც ვისურვოთ, რომ შერმადინს რაც შეიძლება მეტი ეთამაშოს სანაკრებო კალათბურთი.
როცა ბასკურ-ქართულ ურთიერთობაზე ვწერთ, აუცილებლად უნდა ვთქვათ თორნიკე შენგელიაზე, რომელსაც ვიტორიაში დიდ პატივს სცემენ, კემპის მონაწილეებს კი წინ საუკეთესო მაგალითი აქვთ, როგორ შეიძლება ქართველმა "ბასკონიასთან" ერთად ევროპაში უმაღლეს საფეხურს მიაღწიოს.
კლუბის გენერალურ დირექტორ ხესუს ვასკესისთვის საამაყოა, რომ წლეულს მისმა გუნდმა ევროლიგის ოთხთა ფინალში ითამაშა. მას დანარჩენ სამ გუნდთან შედარებით მცირე ბიუჯეტი აქვს, თუმცა სწორი მუშაობით, ახალგაზრდებზე აქცენტით ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის შექმნა მოხერხდა.
- თორნიკე ჩვენთან ორი სეზონია თამაშობს. იგი გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და დიდ სამსახურსაც გვიწევს. შესანიშნავი პიროვნება და კალათბურთელია. წლეულს, როდესაც ფორმის პიკს მიაღწია და გუნდთან ერთად ახალ სიმაღლეზე უნდა ასულიყო, სწორედ მაშინ მიიღო ტრავმა. ძალიან გულდასაწყვეტი იყო. შემდეგ მომჯობინდა და ევროლიგის ოთხთა ფინალშიც ითამაშა.
მჯერა, რომ იგი მომდევნო სეზონში უჩვენებს, რომ თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, - გვითხრა ხესუს ვასკესმა და განაგრძო:
- საქართველოს კალათბურთის ფედერაცის ხელმძღვანელობა რომ გავიცანით, მათგან შევიტყვეთ, რა სიტუაცია იყო ქართულ კალათბურთში. შარშან კემპი ჩავატარეთ, ჩვენი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსულები, რათა კარგად შეგვესწავლა თქვენი კალათბურთის რესურსი.
ისიც ნათელია, რომ ნიჭიერ მოზარდებს მაღალი დონის ბევრი თამაში, კონკურენცია სჭირდებათ. ამიტომ გავაფორმეთ თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში ამჟამად 16 ქართველი ვარჯიშობს "ბასკონიას" საკალათბურთო კემპზე. რამდენიმე მათგანი ჩვენთან დარჩება და აქ განაგრძობს მომზადებას.
მონდომებით ვარჯიშობენ ქართველი ბავშვები. აი, რა გვითხრა "ქუთაისის" ლიდერმა ალექსანდრე მერკვილაძემ:
- თითოეული ჩვენგანისთვის აქ ვარჯიში დიდი გამოცდილებაა. ბევრი სიახლე გავიგეთ, დილაობით სხვადასხვა კომპონენტზე ვვარჯიშობთ, დღის მეორე ნახევარში კი თამაშები გვაქვს. ძალიან საინტერესოა საკუთარი ძალების გამოცდა უცხოელ კალათბურთელებთან. ვცდილობთ, არავის ჩამოვრჩეთ, რაც, მგონი, კარგად გამოგვდის.
ავტორის ფოტოები
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"