საქართველოს თასი: "ბათუმმა" და "ქუთაისმა" მოიგეს

AutoSharing Option
28 ნოემბერს რეგიონებში 2015 წლის საქართველოს თასის გათამაშებამ სტარტი აიღო, რომელშიც მონაწილეობას ეროვნული ჩემპიონატის რვავე გუნდი იღებს.

გუნდები წინა სეზონში დაკავებული ადგილების მიხედვით ორ კალათაში გადანაწილდნენ და კენჭისყრის შედეგად 4 ქვეჯგუფში განთავსდნენ.

ჯგუფში თასის გათამაშების მატჩები 2 მოგებამდე ჩატარდება, მოედნის უპირატესობა კი 1-ლ კალათაში მოხვედრილ, გასული სეზონის 4 საუკეთესო გუნდს აქვს.

საქართველოს თასის პირველი 2 მატჩი 28 ნოემბერს ქუთაისსა და ბათუმში ჩატარდა, სადაც, სათამაშოდ, შესაბამისად, "შსს აკადემიისა" და "სოხუმის" გუნდები ჩავიდნენ. მაყურებელმა ორივე ქალაქში სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრები იხილა.

ბათუმში
გამართულ მატჩი ბოლო წუთებში მოპოვებული უპირატესობის წყალობით მასპინძელთა გუნდმა იმარჯვა - 85:60. მანამდე კი, თითქმის მთელი თამაში დაძაბული ბრძოლა მიმდინარეობდა.

პირველი მეოთხედი მასპინძელთა უმნიშვნელო ლიდერობით - 22:20 დასრულდა, მეორე პერიოდში ბააკაშვილის და შვანგირაძის ზუსტი წყალობით ჯერ სოხუმელები გალიდერედნენ, თუმცა ბათუმელთა ახალწვეულმა, ბი ჯეი იანგმა თავისი შედეგიანობით გუნდს ლიდერობა დაუბრუნდა და დიდი შესვენებისთვის კვლავ მასპინძლები იგებდნენ - 41:40.

თანაბარი ბრძოლა გაგრძელდა მესამე პერიოდის დასაწყისშიც, თუმცა ბათუმელებმა მალე უპირატესობა მოიპოვეს და გადამწყვეტი ათწუთეულის წინ 8 ქულით დაწინაურდნენ - 61:54.

ბოლო პერიოდი მასპინძლებმა საკმაოდ კარგად ჩაატარეს, ტემპი შეინარჩუნეს და უპირატესობა ხელიდან არ გაუშვიათ. სოხუმელები, ჩლაიძის ლიდერობით, ბევრს ეცადნენ, თუმცა ჩამორჩენის აღმოფხვრა ვეღარ შეძლეს. მათი მაქსიმუმი სხვაობის 11 ქულამდე დაყვანა იყო. საბოლოოდ, 80:65 ბათუმელთა სასარგებლოდ.

ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო ახალგაზრდა ლეგიონერი ბობ ჯინ იანგი, რომელმაც თავი 27 ქულას მოუყარა, ორმაგი დუბლი მიითვალეს ლეგიონერებმა - ქრისტოფერ ფელჩერმა (17ქულა, 17მოხსნა) და ნიკ კელოგმა (14 ქულა, 12მოხსნა).

"სოხუმს" 19 ქულით ირაკლი ჩლაიძემ ულიდერა, 15 ქულა და 8 მოხსნა ჰქონდა ვატო ბააკაშვილს, 13 ქულა დააგროვა გრიგოლ შვანგირაძემ, გიორგი ჯგერენაიამ კი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 10ქულა, 11მოხსნა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა თბილისში, 6 დეკემბერს, საკალათბურთო აკადემიის დარბაზში გაიმართება.

ბათუმი - სოხუმი 80:65
22:20; 19-20; 21-14; 18-11

მიხეილ კობეშავიძე ("ბათუმის" მთავარი მწვრთნელი): "მადლობას გადავუხდი ჩემს ბიჭებს. გუნდი არ არის კარგად შეთამაშებული, შედეგის მიღწევისთვის გარკვეული დროა საჭირო. გაცილებით მეტს ველოდები ჩემი გუნდისგან".

ვაჟა კვარაცხელია ("სოხუმის" მთავარი მწვრთნელი): "მივულოცავ "ბათუმს", კარგად იასპარეზა და ბრწყინვალე ლეგიონერები ჰყავს. თამაში საინტერესოდ დაიწყო, თუმცა შემდეგ ვერ გავუძელით. დაღლილობამ იჩინა თავი. სამომავლოდ, როცა ბათუმში მოგვიწევს თამაში, აუცილებლად წინა დღეს ჩავალთ რეგიონში".

* * *
მასპინძლებმა მოიპოვეს გამარჯვება ქუთაისშიც - 74:64. ქუთაისლებმა პირველი პერიოდი 16:14 მოიგეს, მეორე მეოთხედში კი კვიმსაძის და გრძელიძის კარგი თამაშის წყალობით საგრძნობი უპირატესობა მოიპოვეს, "შსს აკადემია" ვერც ფარქვეშ ლიდერობდა და არც პერიმეტრიდან უმართლებდა, შედეგად, მასპინძლებმა პირველ ნახევარში 11 ქულით - 37:26 იმარჯვეს.

შესვენების შემდეგ "ქუთაისი" კიდევ უფრო უკეთ ათამაშდა. კვიმსაძეს და გრძელიძეს ბარბაქაძე და ფაშაევიც მიეშველნენ და მასპინძელთა უპირატესობამ მესამე პერიოდის ბოლოს 15 ქულას გადააჭარბა - 61:40.

ფაქტი იყო, "შსს აკადემიას" ამ სხვაობის გაბათილება და თამაშის შემობრუნება გაუჭირდებოდა, თუმცა აკადემიელებმა სიმტკიცე და ბრძოლისუნარიანობა გამოავლინეს, ცინცაძის და წივწივაძის ეფექტური და შედეგიანი თამაშით ვითარება ბოლო წუთებში დაიძაბა, როცა აკადემიელებმა სხვაობა 6 ქულამდე შეამცირეს - 68:62 მატჩის დასრულებამდე 2,30 წუთით ადრე. დარჩენილ დროში სტუმრებმა რამდენიმე შეცდომა დაუშვეს, კვიმსაძემ და ბარბაქაძემ კი შანსი გამოიყენეს და თავიანთი გუნდი კვლავ 10-ქულით გაიყვანეს წინ. 1 წუთში აკადემიელებს სხვაობის აღმოფხვრის ძალა არ ეყოთ და შეხვედრა 64:74 დათმეს.

გამარჯვებულებს 17 ქულით, 5 მოხსნით და 6 შედეგიანი გადაცემით ბუბა კვიმსაძემ ულიდერა, 14 ქულა და 8 მოხსნა დააგროვა გიორგი ბარბაქაძემ, ლევან გრძელიძემ კი 13 ქულა მიითვალა.

"შსს აკადემიაში" 12 ქულით, 6 მოხსნით და 5 პასით გიორგი ცინცაძე გამოირჩა, 11-11 ქულა კი ბექა წივწივაძის და ბექა ჩიკვილაძის ანგარიშზე დაგროვდა.

"ქუთაისი" - "შსს აკადემიის" მეორე მატჩიც 6 დეკემბერს, აკადემიის დარბაზში გაიმართება.

ქუთაისი - შსს აკადემია 74:64
18-14; 19-12; 24-19; 13-19

მედეა მხეიძე ("ქუთაისის" მწვრთნელი): "მივულოცავ "ქუთაისს"გამარჯვებას, ჩვენს გულშემატკივრებს და ყველა იმ ადამიანს, ვისაც დღევანდელი მოგება გაუხარდა. ეს თამაში ჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო. "დინამოსთან" განცდილი მარცხის შემდეგ ეს გამარჯვება ნამდვილად გვჭირდებოდა. სუპერლიგის წინა ტურის მარცხმა გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია და გულშემტივარიც გაგვინაწყენდა. ვიმედოვნებ, ამ მოგების შემდეგ სიტუაცია გამოსწორდება, ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ და ქუთაისის სპორტის სასახლეშიც ბევრად მეტი ქომაგი მოვა".

კოტე ტუღუში (შსს აკადემიის მთავარი მწვრთნელი): "როგორც მოსალოდნელი იყო დაძაბული და რთული თამაში გამოდგა. მეტოქემ თავიდანვე მოიპოვა უპირატესობა და ჩვენი შეცდომების წყალობით წინ გასვლის საშუალება მივეცით. ბოლომდე ვიბრძოდით, მაგრამ ქუთაისში მოგება ნამდვილი სასწაულია. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დღევანდელი შეცდომები მაქსიმალურად გამოვასწოროთ და მესამე თამაშის საჭიროება გავხადოთ".

წყარო: superleague.ge

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული