საქართველოს "არმია" ევროჩელენჯზე

AutoSharing Option
საქართველოს ჩემპიონი "არმია" ევროჩელენჯის გათამაშებაში 8 ნოემბერს ჩაერთვება. პირველ ტურში ქართველები გერმანიის "გოტინგენს" უმასპინძლებენ.

ამ ორი გუნდის გარდა B ჯგუფში ითამაშებენ ჰოლანდიის ჩემპიონი "ლეიდენი" და თურქეთის "ბეშიქთაში", რომელშიც ამერიკელი ვარსკვლავი დერონ უილიამსი თამაშობს.

ფიბა-ევროპის ოფიციალურ საიტზე ჟურნალისტმა ჯეფ ტეილორმა A ჯგუფის შემდეგ მიმოიხილა ევროჩელენჯის B ჯგუფი, რომელშიც ქართული "არმიის" პარალელურად ლაპარაკია მის მეტოქეებზე. ვფიქრობთ, ეს პუბლიკაცია ქართველ მკითხველსაც დააინტერესებს:
"ამ ჯგუფზე ბევრია საწერი, რადგან ძალიან საინტერესო გუნდები არიან თავმოყრილნი.

დავიწყოთ იქიდან, რომ სწორედ აქ ითამაშებს 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი დერონ
უილიამსი. იგი თურქულ "ბეშიქთაშში" NBA-ს ლოკაუტის დასრულებამდე დარჩება. დერონმა და მისმა ახალმა მეგობრებმა სეზონი მძიმედ დაიწყეს - ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორი მატჩის ჯამში ბელგიის "მონსთან" დამარცხდნენ და ევროთასის ნაცვლად ევროჩელენჯზე მოხვდნენ.

"გოტინგენს" შეუძლია იამაყოს, რომ ორი სეზონის წინ ევროჩელენჯი მოიგო. თუმცა მაშინდელი გუნდიდან შემადგენლობაში ერთადერთი კალათბურთელი დარჩა - მაიკლ მიკსი, რომელიც "იისფრებში" მთავარი მწვრთნელის ასისტენტად მუშაობს.

ქართული "არმიაც" ანგარიშგასაწევი გუნდი იქნება, რადგან მიმდინარე სეზონის წინ არაერთი ძლიერი კალათბურთელი დაიმატა.
"ლეიდენმა" კი შარშან ჰოლანდიის ჩემპიონატი მოიგო და ევროჩელენჯზე ჯგუფიდან გასვლის პრეტენზიაც ექნება.

"გოტინგენი"
როგორც აღვნიშნეთ, გერმანული "გოტინგენი" საგმირო სეზონის შემდეგ მთლიანად შეიცვალა. ორი წლის წინ გუნდი დატოვა ევროჩელენჯის 2010 წლის ფინალური ოთხეულის საუკეთესო კალათბურთელმა ტეილორ როჩესტიმ. მწვრთნელი, ჯონ პატრიკი ამ ზაფხულს "გოტინგენიდან" "ვიურცბურგში" გადავიდა. მისი ადგილი დაიკავა სტეფან მიენაკმა. გუნდის თავკაცმა 2010 წლის შემდეგ "გოტინგენში" დააბრუნა 23 წლის გამთამაშებელი ლუის დეილი, რომელმაც წლევანდელი ბუნდესლიგა ეფექტურად დაიწყო: 20 ქულა "ლუდვიგსბურგს" ჩაუგდო, 21 - "ბაიერნს".

8 ოქტომბერს ტრავმა მიიღო და გუნდს ექვსი კვირით გამოაკლდა ახალგაზრდა გამთამაშებელი ნიკო ადამჩაკი. არის კიდევ ერთი დანაკლისი - 10 ოქტომბერს იმედისმომცემმა ჯოშ სლეიტერმა განაცხადა, რომ პირადი მიზეზებით გუნდის დატოვება სურდა.

სანაცვლოდ "გოტინგენის" ხელმძღვანელობამ აიყვანა გამოცდილი გამთამაშებელი კაილ ბეილი, რომელიც გასული სეზონის შემდეგ გუნდიდან წავიდა, თუმცა ოქტომბრის შუაში კვლავ "იისფრებს" დაუბრუნდა. ამ ამბით ძალიან გახარებული იყო მთავარი მწვრთნელი მიენაკი:

- ბეილის გამოცდილება გუნდს ძალიან დაეხმარება. მან იცის როგორ უნდა სწრაფად თამაში და როგორ უნდა უხელმძღვანელოს დაცვას მოედნის მთელს პერიმეტრზე. იგი სლეიტერის შემცვლელად არ აგვიყვანია, დავიმატეთ როგორც კაილ ბეილი, რომელიც ჩვენს გუნდს ძალიან სჭირდებოდა.

"ბეშიქთაში"

"მონსთან" ევროთასის საკვალიფიკაციოში წაგების გამო "ბეშიქთაშს" რეაბილიტაცია სჭირდებოდა, რაც თურქეთის ჩემპიონატში დამაჯერებელი თამაშით მოახერხა. ფაქტია, რომ გუნდში უამრავი ვარსკვლავია შეკრებილი: დერონ უილიამსი, მარსელიუს კემპი, ზორან ერცეგი და თურქი ცენტრი სემიჰ ერდენი, რომელსაც "მონსთან" არ უთამაშია.

- ბელგიური კლუბის წინააღმდეგ ცუდად გამოვიყურებოდით. ეს ჩვენთვის დიდი გაკვეთილი იყო, რის შემდეგაც მაქსიმალური კონცენტრირება დაგვჭირდება, რათა იმ შედეგს მივაღწიოთ, რაც დასახული გვაქვს, - ამბობს სემიჰ ერდენი.

"ბეშიქთაშის" ერთ-ერთი მთავარი პლუსი მთავარი მწვრთნელი ერგინ ატამანია, რომელიც მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტია. თუ იგი "მონსთან" წაგებით გაწბილებული იყო, ხალისით ლაპარაობდა თურქეთის ჩემპიონატში "ბანდირმასთან" (107:69) მატჩზე:

- თურქული ლიგა ეფექტური მოგებით გავხსენით. მართალია, დაცვაში თავიდან ცოტა მოვისუსტეთ, მაგრამ საბოლოოდ ამ კომპონენტში გუნდის გარჯით უკმაყოფილო არ ვარ. ევროჩელენჯისთვის კიდევ მოვუმატებთ. აუცილებლად უნდა შევეხო დერონ უილიამსის თამაშს, რომელმაც შესანიშნავად იცის, როგორ წამოახტუნოს ფანები სკამებიდან.

სხვათა შორის, უილიამსი თურქეთის ჩემპიონატის ბოლო ტურის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.

"არმია"

საქართველოს ჩემპიონ "არმიაზე" ბევრს ვერ ვიტყვით, მხოლოდ ის უნდა აღინიშნოს, რომ გუნდში არაერთი კარგი ახალწვეულია: NBA-ს წარმომადგენელი სანდიატა გეინსი, რომლიც "ნიუ ჯერსის" წევრია და საქართველოში ლოკაუტის დასრულებამდე ითამაშებს; გუნდშია პუერტო რიკოელი გილერმო დიასი; ნორჩოპინგის "დოლფინსის" მძიმე ფორვარდი იოაკიმ კიელბომი; ფორვარდ-ცენტრი უილ ტომასი და კარგი მსროლელი ჯერემი რიჩარდსონი, რომელიც გასულ სეზონში "ვალენსიას" ღირსებას იცავდა და ევროლიგის მეოთხედფინალში ხუთი მატჩის ჯამში ასპარეზობას გამოთიშა მადრიდის "რეალი".

"ლეიდენი"
ჰოლანდიელები გასულ სეზონში დაწყებულ მოგებათა სერიის გაგრძელებისთვის ემზადებიან, თუმცა შიდა ჩემპიონატი მთლად ეფექტურად ვერ დაიწყეს (3 მოგება, 2 მარცხი).

"ლეიდენში" დაბრუნდა არვინ სლაგთერი, გამთამაშებელი, რომლმაც სექტემბერში ტრავმა მიიღო. თუმცა დღეისთვის მწყობრშია და გუნდს ჰოლანდიის ჩემპიონატში ეხმარება.

ასეთივე სიტუაციაშია მძიმე ფორვარდი პატრიკ ჰილმანი, რომელმაც მხარის ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ვარჯიშობს.

შიდა ჩემპიონატები
ზედიზედ ორი მოგების შემდეგ "ლეიდენმა" ჰოლანდიის ჩემპიონატში მდგომარეობა გაიუარესა და 3 მოგების წილ 2 წაგება აქვს.
"გოტინგენმა" ბუნდესლიგის გახსნით მატჩში მწარე მარცხი იწვნია "ოლდენბურგისგან". ხუთი ტურის შემდეგ გოტინგენელებს მხოლოდ ერთი გამარჯვება აქვთ.

"ბეშიქთაშმა" თურქეთის ჩემპიონატი "ბენდირმასთან" 38-ქულიანი გამარჯვებით გახსნა. მეორე მატჩი კი "კარშიაკასთან" (ესეც ევროჩელენჯის მონაწილეა) გასვლაზე მოიგო 100:93.

საქართველოს ჩემპიონატში "არმიამ" პირველი მატჩი ჩაატარა და "დინამო" დამაჯერებლად დაამარცხა - 90:53.

ვის იმედად?
"გოტინგენის" მთავრი მექულე პარის ჰორნია. ეს გამთამაშებელი ნიუ იორკის "სენტ ჯონსის" უნივერსიტეტში გამოიწვრთნა და წლეულს გერმანიის ჩემპიონატის პირველივე ტურში 28 ქულა ჩააგდო (7-დან 5 სამქულიანი).

არმიელმა უილ ტომასმა გასულ სეზონში ევროჩელენჯის ფინალურ ოთხეულში ითამაშა. იგი ბელგიის "ოოსტენდეს" ღირსებას იცავდა და საშუალოდ 12.1 ქულას და 6.6 მოხსნას აგროვებდა. "ოოსტენდემ" ევროჩელენჯი მესამე ადგილზე დაასრულა.

"ბეშიქთაშის" ერთ-ერთი მთავარი მექულე კემპია. ეს მსროლელი ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე საშუალოდ 21 ქულას აგროვებდა, თამაშიდან 33-ჯერ სტყორცნა და 17 ჩააგდო.

ჰოლანდიური "ლეიდენი" ჯევონ შეპარდის იმედზეა. ეს კანადელი ბომბარდირი გასულ წელს სამხრეთ ამერიკის ჩემპიონატზე გამოირჩა. ნაციონალური გუნდის მაისურით იგი მარ დელ პლატაში (არგენტინა) საშუალოდ 9.4 ქულას აგროვებდა. თამაშიდან 46-დან 21 ტყორცნა გამოიყენა. კანადის ნაკრებმა შეჯიბრი მეექვსე ადგილზე დაასრულა.

იცოდით?
"გოტინგენის" არენა "ლოკჰეილზე" 2010 წელს ევროჩელენჯის ფინალური ოთხეულის მატჩები ჩატარდა. მას მერე გუნდმა დარბაზი შეიცვალა და დღეს "სპარკასენ-არენაზე" თამაშობს, რომელიც 3 447 მაყურებელს იტევს.

ისტორიის თვალით
"ბეშიქთაში" ევროტურნირებზე ბოლო 14 წელია ზედიზედ თამაშობს. დასკვნითი ორი სეზონი გუნდმა ევროთასზე გაატარა, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე ღირებულ წარმატებას ვერ მიაღწია. საუკეთესო შედეგი "ბეშიქთაშს" 2005 წელს ჰქონდა, როცა ფიბა-ევროპის ლიგაზე მეოთხედფინალი ითამაშა.

1994-95 წლების სეზონში კორაჩის თასზე თბილისის ასკ გამოვიდა. ეს გუნდი დიდი ხნის შესვენების შემდეგ განახლდა და ევროსარბიელს დაუბრუნდა. კლუბის ქომაგებისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გასული სეზონი იყო, როცა "არმიამ" საქართველოს თასი, სუპერთასი და ჩემპიონობა მოიპოვა.

"ლეიდენმა" გასულ წელს ევროჩელენჯის საკვალიფიკაციო ეტაპზე თურქულ "კარშიაკასთან" წააგო. თუმცა მას მერე ჰოლანდიის ჩემპიონობა მოიპოვა და წლეულს ევროჩელენჯზე ჯგუფში მოხვდა. კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგი სწორედ 2011 წელს მოპოვებული ჰოლანდიის ჩემპიონობა იყო."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული