სუპერლიგის "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვა დაიწყო

AutoSharing Option
15 იანვარს საკალათბურთო სუპერლიგის ოფიციალურ ვებ-გვერდზე "ყველა ვარსკვლავის" მატჩისთვის ხუთეულების შერჩევა დაიწყო.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩ-აქციას წლეულს რუსთავი უმასპინძლებს, რითაც რეგიონებში კალათბურთის პოპულარიზაციის ტრადიცია გრძელდება. 25 იანვარს რუსთავის სპორტულ დარბაზში "ოლ სტარის" მატჩი და აქციის შემადგენელი ჩატენვებისა და 3-ქულიანი სროლების კონკურსები გაიმართება.

3-ქულიანების კონკურსში მონაწილეობას 7 კალათბურთელი მიიღებს: შარშანდელი გამარჯვებული გიორგი ბარბაქაძე (ქუთაისი) და მიმდინარე სუპერლიგის 6 საუკეთესო სნაიპერი. რაც შეეხება ჩატენვების კონკურსს, მასში მონაწილეობა ნებაყოფლობითია.

"ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილე გუნდების სასტარტო ხუთეულებს გულშემატკივრები შეარჩევენ და ხმის მიცემა დღეში ერთხელ შეეძლებათ.
პროცედურა ტრადიციული იქნება - ყოველი ხმის მიმცემი საიტის შესაბამის განყოფილებაში წარმოდგენილი მოთამაშეებიდან შეარჩევს მისთვის სასურველ ხუთეულებს (2 უკანახაზელს, 2 ფორვარდს და 1 ცენტრს).

გამოკითხვა 23 იანვარს, ღამის 12:00 საათზე დასრულდება და ყველაზე მეტი ხმის მიმღები 10 კალათბურთელი (5-5 თითოეული გუნდიდან) "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ გუნდების მწვრთნელები - ირაკლი ხოშტარია და კოტე ტუღუში დარჩენილი მოთამაშეებისგან, საკუთარი შეხედულებისამებრ, 7-7 კალათბურთელს შეარჩევენ, რომლებითაც შეავსებენ შემადგენლობას.

სპეციალური პრიზით დაჯილდოვდება "ყველა ვარსკვლავის" მატჩის საუკეთესო მოთამაშე, რომელსაც კომპეტენტური ჟიური დაასახელებს. მატჩი-აქციის MVP, ჩატენვებისა და 3-ქულიანების კონკურსების გამარჯვებულები ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან სუპერლიგის გენერალური სპონსორისგან - აზარტული თამაშების კომპანია "ევროპა-ბეთისგან".

15 იანვარს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში, "ყველა ვარსკვლავის" მატჩის გამოკითხვასთან დაკავშირებით, პრესკონფერენცია გაიმართა, რომელზეც "ოლ სტარში" მონაწილე გუნდების მწვრთნელებმა - ირაკლი ხოშტარიამ (დინამო) და კოტე ტუღუშმა განცხადებები გააკეთეს.

სანამ მწვრთნელთა კომენტარებს შემოგთავაზებდეთ, გეტყვით, რომ აღნიშნული პრესკონფერენცია განსაკუთრებული იყო. პირველად სპორტულ თემატიკაზე გამართული პრესკონფერენციის მონაწილე დარბაზში არ იმყოფებოდა და განცხადებები პირდაპირი ჩართვით, ამ შემთხვევაში, skype-ის მეშვეობით გააკეთა.

"ოლ სტარის" ერთ-ერთი გუნდის თავკაცი, კოტე ტუღუში ლატვიაში იმყოფება, სადაც მისი კლუბი "არმია" შეკრებას გადის. სპორტის სამინისტროში გამართული პრეკონფერენციის დროს "არმია" ვარჯიშობდა, მისი მთავარი მწვრთნელი, კოტე ტუღუში კი თბილისურ პრესკონფერენციაში ვალმეირას დარბაზიდან ჩაერთო.

კოტე ტუღუში:
"პირველ რიგში, მინდა ყველას მოგილოცოთ შობა-ახალი წელი და ყველაფერი საუკეთესო გისურვოთ.

ძალიან სასიამოვნოა, რომ წლევანდელი "ყველა ვარსკვლავის" მატჩი რუსთავში ტარდება. "რუსთავის'' გუნდში არაერთი წელი მაქვს გატარებული და აქაური გულშემატკივარიც ძალიან მიყვარს.

შარშან გარკვეული მიზეზების გამო ვერ მივიღე "ოლ სტარის" მატჩში მონაწილეობა და ამაზე დღემდე გული მწყდება. ამიტომ წელს განსაკუთრებით მიხარია, რომ ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელობა მიწევს. დარწმუნებული ვარ, საინტერესო და სანახაობრივი შეხვედრა გამოვა".

თამუნა რუაძე (სუპერლიგის პრესსამსახური):
"ყველა ვარსკვლავის" მატჩი-აქცია 25 იანვარს, 16:00 საათზე რუსთავში გაიმართება. ხმის მიცემა დღეიდან დაიწყო და გულშემატკივარს აქტიურობისკენ მოვუწოდებთ.

წლევანდელი "ოლ სტარი", წინა წლებისგან განსხვავებით, იანვრის თვეში, მეორე წრის დაწყებამდე ტარდება. ეს თარიღი გუნდებთან შეთანხმებით წინასასეზონო შეხვედრებზე დადგინდა. მათთვის აღნიშნული პერიოდი უფრო მისაღები და მოსახერხებელი აღმოჩნდა.

ამ სეზონში ლეგიონერთა შედარებით მცირე რაოდენობის გამო ორივე გუნდი როგორც ქართველი, ისე უცხოელი კალათბურთელებით დაკომპლექტდება".

ირაკლი ხოშტარია:
"მეც გილოცავთ განვლილ დღესასწაულებს. რაც შეეხება "ყველა ვარსკვლავის" მატჩს, მივესალმები ფედერაციის გადაწყვეტილებას, რომ ტრადიცია არც წელს დაირღვა და აღნიშნული შეხვედრა იმართება.

მართალია, "ოლ სტარი" შოუა და ძირითადი ყურადღება სანახაობას ექცევა, ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესო თამაში იქნება.

სასიამოვნოა, რომ გუნდებს გულშემატკივარი დააკომპლექტებს და ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა, თუ ვის აირჩევენ ისინი. მე, როგორც ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელი, შევეცდები, ჩემი წვლილი შევიტანო, რომ სანახაობრივი თამაში გამოვიდეს და მაყურებელმა ისიამოვნოს".

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული