სეზონის პირველ შეხვედრაში ერთმანეთის პირისპირ "ოლიმპი" და "მგზავრები" წარდგნენ. ლეონიდ ივატინის გაწვრთნილმა ოლიმპელებმა მეტოქე იოლად - 78:57 დაამარცხეს და თუკი ხვალ "დინამოს" მოუგებენ, ფინალში გავლენ. "სოხუმმა" და "რუსთავმა" კი უხვქულიან, საინტერესო მატჩში გამოავლინეს გამარჯვებული. ორივე გუნდი ასცდა 100-იან ნიშნულს - 104:102 რუსთაველთა სასარგებლოდ.
* * *
დუდუ დადიანის მემორიალი ახალი სეზონისთვის სამზადისში მყოფი გუნდებისთვის შესანიშნავი საშუალებაა როგორც საკუთარი, ისე მეტოქეების შესაფასებლად. გუნდები ახალი დაკომპლექტებულნი არიან, მწვრთნელებს ახალწვეულთა საქმეში ნახვა სურთ, ასევე, ვარჯიშებზე შემადგენლობით "ოლიმპიც" და "მგზავრებიც" ტოლძალოვნად ჩანდნენ, თუმცა ლეგიონერები, რომლებსაც აქამდე არ ვიცნობდით, გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდნენ. "მგზავრებში" სამი უცხოელი ვიხილეთ - დეივ ფოსტერი, ქარიმ კალები და ალექს უილიამსონი. "ოლიმპში" ტრეი ბურნეთმა და ვოლტერ პიჩფორდმა იასპარეზეს.
გამარჯვებულებს ბურნეთმა ულიდერა, რომელმაც 20 ქულა და 13 მოხსნა მიითვალა. ბათუმიდან "ოლიმპში" გადასულმა ირაკლი მიქელაძემ საკმაოდ მახვილგონივრულად ითამაშა და 14 ქულასთან ერთად 5 პასი მიითვალა. ოლიმპელთა გამთამაშებელმა, ამჯერად მსროლელის პოზიციაზე გადასულმა რევაზ როგავამ გამარჯვებულებს 13 ქულა მიაშველა.
"მგზავრებში" 10-ქულიანი ბარიერი მხოლოდ ფოსტერმა დაძლია, რომელმაც 22 ქულას უწია.
5 ოქტომბერი, თბილისი. ახალი სპორტის სასახლე
ოლიმპი-მგზავრები 78:57
20:13, 15:11, 23:18, 20:15
ოლიმპი: ღუდუშაური (2ქ), ბურნეთი (20ქ, 13მ), ბოლქვაძე (5ქ), როგავა (13ქ, 4პ, 3ჩ), გ. ბაქრაძე (9ქ, 6მ, 3პ), მიქელაძე (14ქ, 5პ), კახა ტომარაძე (5ქ, 5მ), ნ. ბაქრაძე, მასხულია (2ქ), გუგეშაშვილი, ჩოჩია (2ქ), ჰიჩფორდი (6ქ).
მგზავრები: ფოსტერი (22ქ, 5მ, 3პ), ფხაკაძე (8ქ, 3ჩ), გაგუა, კალები (5ქ, 7მ), ცირეკიძე (6ქ, 5მ), წივწივაძე (6პ), ლომინაშვილი (8ქ), ტურძელძე, ქავთარაძე (5ქ), უილიამსონი (1ქ), რეინოლდსი (2ქ).
* * *
დღის მეორე მატჩში ერთმანეთს "სოხუმი" და "რუსთავი" შეხვდნენ. ორთაბრძოლა საკმაოდ საინტერესო გამოდგა. სოხუმელებმა პირველივე წუთზე რომ მოიპოვეს ლიდერობა, მატჩის ბოლოსწინა წუთამდე იგებდნენ. სწორედ შეხვედრის მიწურულს გაათანაბრა "რუსთავმა" (რომელიც მატჩის მსვლელობისას სოხუმელებს 15-17 ქულითაც ჩამორჩებოდა) ანგარიში - 100:100.დიდ შესვენებაზე "სოხუმი" 16 ქულით ლიდერობდა, თუმცა მესამე პერიოდის შემდეგ მხოლოდ 8-ქულიანი ჰანდიკაპი შერჩა. ბოლო მეოთხედში თითქოს არაფერი ჩანდა საგანგაშო, სოხუმელების ლიდერობამ ისევ 10-ქულიან ზღვარს გადააჭარბა, მაგრამ რუსთაველები არ დანებდნენ.
ლეგიონერთა შედეგიანი თამაშით, რასაც ახალგაზრდა გიგი გოგობერიშვილის სიზუსტეც ერთვოდა, რუსთაველებმა ჯერ ანგარიშის გათანაბრება, ხოლო ბოლო წუთზე დაწინაურებაც მოახერხეს. ქვემოქართლელებს ბოლო გდება მართლაც შთამბეჭდავი გამოუვიდათ. ჯერ ტომი სპანოლომ ჩატენა თანაგუნდელის აცილებული, ხოლო მატჩის ბოლო ბურთი, შეხვედრის დასრულებამდე 2.9 წამით ადრე ამირ უილიამსმა ჩატენა - 104:102, რუსთაველთა სასარგებლოდ.
"სოხუმს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ნუგზარ ჭეიშვილი, რომელიც მისთვის ჩვეულ - სწრაფ სტილში ათამაშებდა ახალგაზრდა სოხუმელებს. სისწრაფეში რუსთაველებიც არ ჩამორჩნენ და საბოლოოდ ნ უგზარ ჭეიშვილის გუნდებისთვის დამახასიათებელი შედეგიანი მატჩი გამოვიდა.
რუსთაველთა ბომბარდირი 26 ქულით, 12 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით ტომი სპანოლო გახდა. 19 ქულა მიითვალა გიგი გოგობერიშვილმა, ხოლო 17 ქულა კასპერბაუერის ანგარიშზეა. სოხუმელთაგან 24 ქულით ბულიავა გამოირჩა, 21 დააგროვა ბოქოლიშვილმა, ხოლო ლათანმა შეხვედრა 20 ქულით დაასრულა.
5 ოქტომბერი, თბილისი. ახალი სპორტის სასახლე
სოხუმი-რუსთავი 102:104
33:25, 29:21, 20:28, 20:30
სოხუმი: კვეტენაძე, ბერუაშვილი (9ქ, 6მ), კოკა ტომარაძე (2ქ), ბოქოლიშვილი (21ქ, 4პ), ბარბაქაძე (11ქ, 3ჩ), ლათანი (20ქ, 8მ, 5პ), რიხლიუკი (15ქ, 10მ), ბულიავა (24ქ), ხანიაშვილი, ზუზაძე.
რუსთავი: ხმელიძე (4ქ), ქიტოშვილი (1ქ), ლი (15ქ, 9პ, 5მ), ჩაჩანიძე (9ქ), კასპერბაუერი (17ქ, 4პ), გოგობერიშვილი (19ქ), გუგავა, სპანოლო (26ქ, 12მ, 5პ), უილიამსი (13ქ, 13მ).
* * *
დღეს, 6 ოქტომბერს, "რუსთავი" დაისვენებს, ხოლო "სოხუმი" შარშანდელი მემორიალის ფინალისტსა და სუპერლიგის ჩემპიონ "ქუთაისს" 18:00 საათზე დაუპირისპირდება. 16:00 საათზე შედგება "დინამოსა" და "ოლიმპის" დაპირისპირება.(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"