ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, 69 წლის ბოგდან ტანიევიჩმა პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც ის 24 კანდიდატი დაასახელა, რომელთაგანაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის ნაკრების 12 მოთამაშე შეირჩევა.
კანდიდატთა შორის ყველა წამყვანი მონტენეგროელი კალათბურთელია, პლუს ნატურალიზებული ამერიკელი გამთამაშებელი - 2 წლის წინ "მაკაბის" შემადგენლობაში ევროლიგის ჩემპიონი და გასულ სეზონში მოსკოვის "ხიმკიში" მოთამაშე ტაირის რაისი.
მცველები: ნიკოლა ივანოვიჩი, პეტარ პოპოვიჩი (ორივე – "მეგა ლეკსი", სერბეთი), ნიკოლა პავლიჩევიჩი ("ოლიმპია", სლოვენია), ტაირის რაისი ("ხიმკი", რუსეთი),
ფორვარდები: ნემანია დურიშიჩი ("ზიელონა გორა", პოლონეთი), ემირ ჰაჯიბეგოვიჩი ("მორნარი"), ალეკსა ილიჩი ("ბუდუჩნოსტი"), ბლაგოტა სეკულიჩი ("ტენერიფე", ესპანეთი), მილკო ბიელიცა ("დარუშაფაკა", თურქეთი), ნემანია რადოვიჩი ("მურსია", ესპანეთი), ვლადიმირ დაშიჩი (უგუნდოდ), დანილო ნიკოლიჩი ("მეგა ლეკსი", სერბეთი), ივან მარაში ("ცმოკი-მინსკი", ბელორუსი).
ცენტრები: ნიკოლა პეკოვიჩი ("მინესოტა", NBA), ნიკოლა ვუჩევიჩი ("ორლანდო", NBA), ბოიან დუბლევიჩი ("ვალენსია", ესპანეთი), მარკო ტოდოროვიჩი ("ბილბაო", ესპანეთი), ზორან ნიკოლიჩი ("პრატი", ესპანეთი), ვასილიე ბაჩოვიჩი ("ბუდუჩნოსტი").
მინესოტელი ნიკოლა პეკოვიჩი გაფართოებულ სიაში კია, მაგრამ მისი საკვალიფიკაციოში თამაში თითქმის გამორიცხულია. ამაზე თავად ტანიევიჩის კომენტარიც მიანიშნებს:
"პეკოვიჩს საკმაოდ ადრე დავეკონტაქტე და მისგან ეროვნულ გუნდში თამაშზე თანხმობა მივიღე. სამწუხაროდ, მალევე მან ტრავმა მიიღო და სეზონის ნაადრევად დასრულება მოუხდა. ჩვენი წინასწარი შეთანხმება ასეთია: ნიკოლა სრულად რეაბილიტაცაზე გადაერთვება და თუკი ფინალურ ეტაპზე გასვლა მოვახერხეთ, იქ აუცილებლად დიდ დახმარებას გაგვიწევს. რაც შეეხება ვუჩევიჩს, მასთან პრობლემა არ უნდა იყოს. ნიკოლას არანაირი პირობა არ წამოუყენებია და წესით, კვალიფიკაციის დროს ნაკრებში იქნება".
მონტენეგროს ნაკრები ევროშესარჩევისთვის მზადებას 20 ივლისს, სერბულ კურორტ ზლატიბორში დაიწყებს, სადაც ორ საკონტროლო მატჩს ჩაატარებს: უნგრეთთან და შვეიცარიასთან. 18-20 აგვისტოს ჩერნოგორიელები მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეს ეწვევიან და მასპინძელთა გარდა, კიდევ ერთ მეტოქეს გაეჯიბრებიან. ამ თამაშების კვალად, ტანიევიჩის გუნდი მზადებას მშობლიურ პოდგორიცაში გააგრძელებს, 27 აგვისტოს კი სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანას ეწვევა და მასპინძელთა ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.
საქართველოსა და მონტენეგროსთან ერთად ევროშესარჩევ ჯგუფში სლოვაკეთი და ალბანეთიცაა. ევრობასკეტის საგზურს პირდაპირი გზით ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, ხოლო 7 ჯგუფის მეორეადგილოსნიდან საგზურს 4 საუკეთესო დაეუფლება.
gbf.ge