ფიბა-ევროპამ ევრობასკეტ 2015-ის მასპინძელ ქვეყნებს პარტნიორები დაუმტკიცა

AutoSharing Option
ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპის მასპინძელ ქვეყნებს პარტნიორი ფედერაციები დაუმტკიცა.

მოგეხსენებათ, მომავალი წლის კონტინენტის პირველობის ჯგუფური ეტაპი საფრანგეთში, ხორვატიაში, ლატვიასა და გერმანიაში გაიმართება. ამ ქვეყნებმა დამატებით თითო ქვეყანა აირჩიეს, რომლებიც მათ ტურნირის ორგანიზებაში, მეტწილად კომერციულ-მარკეტინგული კუთხით დაეხმარებიან.

ეს პრაქტიკა ევროკალათბურთში პირველია და ალბათ აღარც განმეორდება. ეს გზა ფიბა-ევროპამ და თავად მასპინძელმა ქვეყნებმა იმიტომ აირჩიეს, რომ შექმნილი ექსტრაორდინალური სიტუაციის გამო ტურნირის ორგანიზება მაღალ დონეზე მოხდეს. მოგეხსენებათ, 2015 წელს ევროპის ჩემპიონატი უკრაინაში უნდა გამართულიყო, მაგრამ ამ ქვეყანაში მიმდინარე სამხედრო და
პოლიტიკური ქაოსის გამო ეს უფლება გასულ სექტემბერს, ევრობასკეტამდე ზუსტად ერთი წლით ადრე ჩამოართვეს.

პარტნიორ ფედერაციათა არჩევა რომ მოხდებოდა, ამაზე ევროპული პრესა ხშირად წერდა, თუმცა რა როგორ იქნებოდა და ვინ ვის აირჩვდა, ეს ზუსტად არავინ იცოდა.

14 ნოემბერს ფიბა-ევროპამ ოფიციალურად გამოაქვეყნა, რომ: საფრანგეთმა პარტნიორად ფინეთი აირჩია, გერმანიამ - თურქეთი, ხორვატიამ - სლოვენია, ხოლო ლატვიამ (აქამდე გაჟღერებული ლიტვის ნაცვლად) - ესტონეთი.

თუ რა გავლენას იქონიებს მასპინძელ ქვეყანათა ეს არჩევნები განთესვის კალათების შედგენაზე, ამას ფიბა-ევროპა დამატებით გამოაქვეყნებს 8 დეკემბრამდე. ამ დღეს პარიზის დისნეილენდში ევრობასკეტ 2015-ის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა გაიმართება და ტურნირის მონაწილე დარჩენილი 16 ქვეყანა (მათ შორის საქართველოც) შეიტყობს, თუ რომელ ქვეყანაში მოუწევს ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა.

ფიბა-ევროპის მმართველმა საბჭომ აშემდეგი ევრობასკეტის შესარჩევი ტურნირის გამართვის ვადები და მონაწილე გუნდების რაოდენობა დაამტკიცა. კონტინენტის 2017 წლის პირველობაზე 24 გუნდი იასპარეზებს, ხოლო შესარჩევი ტურნირი 2016 წლის 31 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება. თამაშები ოთხშაბათს და შაბათს ჩატარდება.

წყარო: www.gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული