სერია
ბოლო ორი წლის საუკეთესო გუნდმა იმდენად შეაჩვია ყველა თავის მოგებებს, რომ მისი ორმატჩიანი წაგებათა სერია წარმოუდგენელი ჩანდა. მაგრამ "ვაშინგტონთან" მატჩი თავიდანვე არ აეწყო "გოლდენ სტეიტისთვის". ზაზა ფაჩულია ცუდად დაეცა კევინ დურანტს მარცხენა ფეხზე და "დურანტულა" მოედანზე აღარ დაბრუნებულა. ზემოტივირებული "უიზარდსი", რომელიც აღმოსავლეთში მეორე ადგილისთვის იბრძვის, მთელი მატჩის განმავლობაში ლიდერობდა და მხოლოდ ბოლოსკენ მიუშვა ახლოს მოწინაამდეგე. თამაშის ბედი სტეფ კარის უნდა გადაეწყვიტა, მაგრამ მისი სამქულიანი ცხრა მეტრიდან კალათში არ ჩავარდა - 108:112.
"ჩიკაგოსთან" მატჩისთვის სტივ კერის გუნდმა უკვე იცოდა, რომ დურანტი
ზედიზედ მეორე მატჩში კლეი ტომპსონმა და სტივენ კარიმ საშინელი პროცენტით შეასრულეს სამქულიანები, გადამწყვეტ მონაკვეთში კი ერთი ბურთიც ვერ ჩააგდეს. 87:94 - კალიფორნიელებმა ზედიზედ ორი მატჩი პირველად წააგეს 2015 წლის აპრილის შემდეგ. თითქოს გარანტირებული პირველი ადგილი რეგულარულ სეზონში დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
უესტბრუკი
გასულ კვირას, რასელ უესტბრუკი სამმაგ-დუბლებს აღარ გამოეკიდა და სროლასა და შედეგიანობაზე იყო კონცენტრირებული. შედეგად, ის საშუალოდ მეტოქეთა ფარის მიმართულებით 30-ჯერ ისროდა და ყოველ მატჩში მინიმუმ 40 ქულა დააგროვა. თუმცა, ასეთმა ინდივიდუალურმა სტატისტიკამ თავად "ოკლაჰომას" სარგებლობა არ მოუტანა. "ნიუ ორლეანთან" და "იუტასთან" მატჩებში, როცა რასელი ასე თუ ისე იმჩნევდა პარტნიორებს და ორი სამმაგი დუბლი შეასრულა, "თანდერმა" შეძლო მოგება, აი, "პორტლენდთან" და "ფინიქსთან" შეხვედრებში კი მისი 45 და 48 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა მოგებისთვის.
რაც შეეხება სამმაგ დუბლებს, "ოკლაჰომას" ლიდერმა უკვე 30 შეაგროვა და მალე დაამხობს ჩემბერლენის შედეგს 1967-68 წლების სეზონიდან (31 სამმაგი).
რეკორდი
სეზონში სამმაგი დუბლების საერთო რაოდენობის მიხედვით რეკორდი უკვე დამყარებულია. უესტბრუკისა (30) და ჯეიმს ჰარდენის (15) გარდა, საერთო საქმეში წვლილი შეიტანეს ლებრონ ჯეიმსმა (7), დრეიმონდ გრინმა (4) და ნიკოლა იოკიჩმა (4). ასევე თითო სამმაგი დუბლი შეასრულა 21-მა კალათბურთელმა.კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ხუთ მოთამაშეს, რომლებსაც კარიერაში ერთად 40 სამმაგი დუბლი აქვთ გაკეთებული, ამ სეზონში ჯერ თავი არ გამოუჩენიათ. ყველაზე მეტად ეს ჯონ უოლისგან გვიკვირს, რომელიც ვერაფრით ახერხებს წელს 10 მოხსნის შეგროვებას.
ცერემონიები
ერთბაშად ორი ნომერი ამოიღეს ხმარებიდან გასულ კვირას. თავდაპირველად, "დეტროიტმა" დააფასა რიჩარდ ჰემილტონის წვლილი და მისი მაისურა საშინაო არენის თაღზე აღმართა. ის მესამე კალათბურთელია 2004 წლის საჩემპიონო გუნდიდან, რომლის ნომერსაც "პისტონზში" აღარავინ გამოიყენებს. მანამდე, ამგვარი პატივი წილად ხვდა რაშიდ უოლასსა და ტაიშონ პრინსს.
მეორე დაფასებული მოთამაშეა პიტ მარავიჩი. ამიერიდან, მისი სათამაშო მაისურა "ატლანტას" არენის ჭერზე ბობ პეტიტის, ლუ ჰადსონის, დომინიკ უილკინსისა და დიკემბე მუტომბოს მაისურების გვერდით იქნება.
თავისუფალი აგენტები
გამოცოცხლება იყო თავისუფალი აგენტების ბაზარზე."გოლდენ სტეიტმა" კევინ დურანტის ტრავმის შემდეგ, სასწრაფოდ აიყვანა მსუბუქი ფორვარდი მეტ ბარნსი; ცენტრი ენდრიუ ბოგუტი დერონ უილიამსის კვალს დაადგა და "კლივლენდში" ამოჰყო თავი; ბრენდონ ჯენინგსი "ვაშინგტონმა" აიყვანა; ჩინეთიდან NBA-ში დაბრუნდა და "ოკლაჰომაში" ითამაშებს ნორის კოული, ხოლო ესპანელი ვეტერანი ხოსე კალდერონი "ატლანტას" შეუერთდა.
ინტრიგა
ჯოელ ემბიდმა ბენ სიმონსს მიბაძა და მანაც ვადაზე ადრე დაასრულა სეზონი. თუმცა, გასული წლის დრაფტის პირველი ნომრისგან განსხვავებით, კამერუნელმა მოასწრო ამ სეზონში თამაში, თან ეს 31-ჯერ გააკეთა. მიუხედავად მცირე რაოდენობის მატჩებისა, "სიქსერზის" ცენტრი აშკარად გამოირჩეოდა სხვა ახალბედების ფონზე და წესით, უპრობლემოდ უნდა მიეღო საუკეთესო დებიუტანტის პრიზი. გამარჯვებულს ამ ნომინაციაში ჟურნალისტები ასახელებენ და საინტერესოა, რამდენი მათგანი გადაწყვეტს, რომ 31 მატჩი არასაკმარისია პრიზის მისაცემად.
კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.აღმოსავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "შარლოტის" მცველი კემბა უოკერი. მან სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ, 27.7 ქულა, 6.3 შედეგიანი პასი, 4.3 მოხსნა და 1.33 ჩაჭრა დააგროვა. "ჰორნეტსმა" სამი მატჩიდან ორი მოიგო.
დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო იყო "სან ანტონიოს" მცველი კავაი ლენარდი. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა და ასეთი საშუალო სტატისტიკა დააფიქსირა: 32.0 ქულა, 9.0 მოხსნა, 4.3 შედეგიანი პასი და 4.0 ჩაჭრა. ამ მომენტისთვის, კავაის 90-მატჩიანი სერია აქვს, როცა ერთ თამაშში მინიმუმ 10 ქულას აგროვებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"