NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები უოკერი და ტომპსონი

AutoSharing Option
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "შარლოტ ჰორნეტსის" მცველი კემბა უოკერი. მან თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. უოკერი ლიგის ლიდერი იყო საშუალოდ 30.3 ქულით, რასაც 4.5 შედეგიანი პასი, 5.8 მოხსნა და 1.3 ჩაჭრა დაუმატა.

დასავლეთ კონფერენციის ლაურეატი გახდა "გოლდენ სტეიტ უორიორზის" მცველი კლეი ტომპსონი. ის თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა.

ტომპსონმა საშუალოდ 27.7 დააგროვა. მან 50 პროცენტის სიზუსტით ისროლა სამქულიანები - 26-დან 13 და 15-დან 14 საჯარიმო გამოიყენა. მცველმა განსაკუთრებით გამოიჩინა თავი "ინდიანასთან"
მატჩში, რომელშიც 25-დან 14 სროლა (სამქულიანები - 6/11) გამოიყენა და 40 ქულა მიითვალა.

უოკერის კვირა
5 იანვარი. ბოსტონი-შარლოტი 95:104. 33 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი.
7 იანვარი. შარლოტი-ნიუ ორლეანი 98:94. 31 ქულა, 4 მოხსნა, 4 პასი.
8 იანვარი. ტორონტო-შარლოტი 95:103. 29 ქულა, 7 მოხსნა, 8 პასი, 3 ჩაჭრა.

ტომპსონის კვირა
5 იანვარი. გოლდენ სტეიტი-ოკლაჰომა 117:91. 19 ქულა.
7 იანვარი. გოლდენ სტეიტი-ინდიანა 117:102. 40 ქულა, 4 მოხსნა, 3 პასი.
9 იანვარი. გოლდენ სტეიტი-კლივლენდი 112:94. 24 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ჯეფ ტიგი ("ატლანტა"), არონ აფლალო ("დენვერი"), გრეგ მონრო ("დეტროიტი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), კრის პოლი ("კლიპერსი"), ენტონი დევისი ("ნიუ ორლეანი"), რობერტ კოვინგტონი ("ფილადელფია"), დამიენ ლილარდი ("პორტლენდი"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი") და დემარკუს კაზინსი ("საკრამენტო").

გრინი მემფისელი გახდა
გუშინ ოფიციალურად გამოცხადდა სამმხრივი ტრეიდის შესახებ "მემფისს", "ბოსტონსა" და "ნიუ ორლეანს" შორის.

ამ გაცვლის შედეგად "მემფისმა" მიიღო ჯეფ გრინი და რას სმიტი, "ბოსტონში" გადავიდნენ ტაიშონ პრინსი და ოსტინ რივერსი, "ნიუ ორლეანს" კი ერგო ქუინსი პონდექსტერი. გარდა ამისა, "ბოსტონმა" მიიღო მომავალ დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევის უფლება.

ვარაუდობენ, რომ უახლოეს ხანში "ბოსტონი" რივერსს "კლიპერსში" გაუშვებს და შესაბამისად, ახალგაზრდა მოთამაშე კალიფორნიულ კლუბში მამის - დოკ რივერსის ხელმძღვანელობით ითამაშებს.

პროხოროვი "ნეტსს" ყიდის
რუსი მილიარდერი მიხაილ პროხოროვი აღარ აპირებს თავისი "ძვირფასი სათამაშოთი" გართობას და გასაყიდად გამოაქვს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბი "ბრუკლინ ნეტსი".

როგორც იცით, პროხოროვმა "ნეტსის" აქციათა 80 პროცენტი 2009 წელს შეიძინა 220 მილიონ ევროდ. ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, 2014 წლის იანვარში "ბრუკლინის" ფასი 780 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამჟამად, პროხოროვის გუნდი მერვე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული