NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "კლივლენდის" ტრიოს 101 ქულა, "ბოსტონის" წაფორხილება

AutoSharing Option
"კლივლენდმა" ლოს ანჯელესში ზედიზედ მეორე მატჩი ჩაატარა. თუ "კლიპერსის" წინააღმდეგ "კავალიერზის" სამწვრთნელო შტაბმა გუნდის ლიდერები დაასვენა, ამჯერად, "ლეიკერსთან" მატჩში "დიდი ტრიო" მოედანზე იყო და სწორედ მან მოიგო აღნიშნული შეხვედრა: კაირი ირვინგმა (46 ქულა), ლებრონ ჯეიმსმა (34) და კევინ ლავმა (21) გუნდური 125 ქულიდან 101 ქულა დააგროვეს!

"ლეიკერსი", რომელმაც ზედიზედ მეხუთე მატჩი წააგო, სამი მეოთხედის შემდეგ 10 ქულით იგებდა, მაგრამ ბოლო 12-წუთეულში ვეღარ გაუძლო მეტოქის შეტევებს. კალიფორნიელთა რიგებში 40 ქულით კარიერის რეკორდი დაამყარა დ'ანჯელო რასელმა.

* * *
გუშინდელი დღე "კლივლენდისთვის"
იმ მხრივაც იყო წარმატებული, რომ წააგო აღმოსავლეთ კონფერენციაში პირველი ადგილისთვის ბრძოლაში მისმა მთავარმა კონკურენტმა. "ბოსტონი" მესამე მეოთხედში 13 ქულით უგებდა "ფილადელფიას", მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. მასპინძელთაგან გადამწყვეტი სიტყვა თქვეს დარიო შარიჩმა და რობერტ კოვინგტონმა, რომლებმაც ბოლო ხუთწუთნახევარში ერთად ცხრა ქულა დააგროვეს.

"ფილადელფიამ" ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო და შეწყვიტა "ბოსტონის" სამმატჩიანი მოგებათა სერია. აღსანიშნავია, რომ "სელტიქსი" ზედიზედ მეორე შეხვედრას ატარებდა თავისი ლიდერის აიზია ტომასის გარეშე.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ კავაი ლენარდმა 12-დან ცხრა ტყორცნა ააცილა და მიმდინარე სეზონში შედეგიანობის პირადი ანტირეკორდი (12 ქულა) დაამყარა, "სან ანტონიომ" ძალიან იოლად დაამარცხა "საკრამენტო" - 118:102 და შეწყვიტა ორმატჩიანი წაგებათა სერია.

"სპურსის" რიგებში ექვსმა კალათბურთელმა დააგროვა მინიმუმ 10 ქულა და მათგან ყველაზე შედეგიანი იყო სათადარიგო პაუ გასოლი - 22 ქულა.

* * *
დამიენ ლილარდმა სეზონში საკუთარი შედეგიანობის პირადი რეკორდი (49 ქულა) დაამყარა და "პორტლენდს" "მაიამის" წინააღმდეგ მოაგებინა. ლილარდისთვის ეს იყო მეოთხე შეხვედრა სეზონში, როცა მატჩში მინიმუმ 40 ქულას აგროვებდა.

"პორტლენდმა" ზედიზედ მესამე და ბოლო 10 მატჩში მერვე შეხვედრა მოიგო და მერვე ადგილზე მყოფ "დენვერს" ერთი მოგებით ჩამორჩება.

* * *
კიდევ ერთი გუნდი დასავლეთში, რომელიც პლეი ოფის მერვე საგზურისთვის იბრძვის, "დალას მავერიქსია", რომელმაც "ბრუკლინი" დაამარცხა და სამი მოგებით ჩამორჩება "დენვერს".

"ნეტსმა" ბოლომდე აწვალა "მავერიქსი". პრაქტიკულად, თამაშის ბედი ჯეი ჯეი ბარეამ გადაწყვიტა, რომელმაც თავისი 20 ქულიდან 11 მეოთხე მეოთხედში ჩააგდო, მათ შორის, ზედიზედ ცხრა ქულა 2 წუთსა და 31 წამში აიღო. ბარეას მხარი აუბა ჰარისონ ბარნსმა, რომელმაც 103:101-ზე ზედიზედ ორი ორქულიანი ჩააგდო.

* * *
პლეი ოფში მოხვედრის მცირე შანსი რჩება "ნიუ ორლეანს", რომელმაც მეოთხე მეოთხედში გატეხა "მინესოტას" წინააღმდეგობა. საფინალო სირენამდე ექვსწუთნახევრით ადრე, ანგარიშში სხვაობა სამ ქულა იყო, რის შემდეგაც, მომდევნო სამი წუთში "პელიკანზმა" 12:0 გაქცევა შეასრულა და გადაწყვიტა მატჩის ბედი.

* * *
დასავლეთის მე-14 გუნდს "ფინიქსს" მხოლოდ რვა მოქმედი კალათბურთელი ჰყავდა "დეტროიტის" წინააღმდეგ, მაგრამ მესამე მეოთხედში მისი უპირატესობა 12 ქულას აღწევდა. თუმცა, "სანზს" ძალა არ ეყო თამაშის მოგებამდე მისაყვანად და განადგურდა მეოთხე მეოთხედში.

"დეტროიტმა" შეწყვიტა სამმატჩიანი წაგებათა სერია. მის რიგებში 18 ქულა და 18 მოხსნა მიითვალა ანდრე დრამონდმა და ეს მისი 46-ე ორმაგი დუბლი იყო სეზონში.

ბრუკლინი-დალასი 104:111
26:32, 17:25, 29:25, 32:29
ბ: ლოპესი (27+7 მოხსნა), დინუიდი (18+7 პასი), ფოიე (11), ეისი (11), უაიტჰედი (10).
დ: ნოვიცკი (23+9 მოხსნა), ბარეა (20+7 პასი), ბარნსი (19), მეტიუზი (15), ჰარისი (11).

ფილადელფია-ბოსტონი 105:99
25:23, 21:28, 30:28, 29:20
ფ: შარიჩი (23), კოვინგტონი (16+7 მოხსნა), ლუვავუ-კაბარო (13).
ბ: ჰორფორდი (27+8 მოხსნა+6 პასი), კრაუდერი (15+7 მოხსნა), ბრედლი (13).

დეტროიტი-ფინიქსი 112:95
24:23, 23:26, 30:26, 35:20
დ: კოლდუელ-პოუპი (23+8 პასი), დრამონდი (18+18 მოხსნა), მორისი (16), ჯექსონი (14), ბეინსი (13+17 მოხსნა), ლოუერი (10+7 მოხსნა).
ფ: იულისი (17+11 პასი), კრისი (16+7 მოხსნა), უორენი (15), ედი (13), ლენი (11+7 მოხსნა), უილიამსი (11+12 მოხსნა).

ნ. ორლეანი-მინესოტა 123:109
28:34, 20:20, 40:30, 35:25
ნ-ო: დევისი (28+12 მოხსნა), კროუფორდი (22), ჰოლიდეი (21+7 პასი), კაზინსი (15+11 მოხსნა), მური (14), ჰილი (13).
მ: თაუნსი (33), უიგინსი (25), მუჰამადი (20), რუბიო (10+14 პასი), ჯენგი (9+10 მოხსნა).

ტორონტო-ინდიანა 116:91
32:24, 30:21, 29:28, 25:18
ტ: დეროზანი (22), იბაკა (16), კეროლი (12), პელტლი (12+7 მოხსნა), ჯოზეფი (11+9 პასი), ვალანჩუნასი (11+13 მოხსნა), პაუელი (11).
ი: ჯორჯი (18), ტიგი (16+7 პასი), იანგი (16), ელისი (10).

მაიამი-პორტლენდი 104:115
29:28, 22:24, 28:33, 25:30
მ: ჯ. ჯონსონი (24+7 მოხსნა), დრაგიჩი (17), უაიტსაიდი (17+10 მოხსნა), ტ. ჯონსონი (14), რიჩარდსონი (10).
პ: ლილარდი (49), ნურკიჩი (21+12 მოხსნა), მაკალუმი (18), ვონლე (11+7 მოხსნა).

სან ანტონიო-საკრამენტო 118:102
21:27, 37:22, 41:25, 19:28
ს-ა: პ. გასოლი (22+9 მოხსნა), ოლდრიჯი (18+8 მოხსნა), პარკერი (16+7 პასი), ლენარდი (12), ლი (11+7 მოხსნა), მილსი (10+7 პასი), სიმონსი (10).
საკ: ჰილდი (18), კოული-სტაინი (18), ტემპლი (15), ლაბისიერი (14+7 მოხსნა), პაპაიანისი (6+10 მოხსნა).

ლეიკერსი-კლივლენდი 120:125
28:31, 31:24, 33:27, 28:43
ლ: რასელი (40+6 პასი), კლარკსონი (19+6 პასი), ინგრემი (18), რენდლი (10+7 მოხსნა+7 პასი), ზუბაცი (10).
კ: ირვინგი (46), ჯეიმსი (34+7 პასი), ლავი (21+15 მოხსნა), ტომპსონი (4+10 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული