NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ბევრი პირადი რეკორდი

AutoSharing Option
ბრძოლა პოზიციებისთვი
"გოლდენ სტეიტის" წარუმატებელმა სერიამ მცირე ხნით აღადგინა ინტრიგა პირველი ადგილისთვის ბრძოლაში დასავლეთ კონფერენციაში. მაგრამ, ამის შემდეგ, "უორიორზმა" შვიდმატჩიანი შთამბეჭდავი სერია გამოაცხო, თან მატჩების დიდი ნაწილი ორნიშნა სხვაობით მოიგო და დაამშვიდა თავისი გულშემატკივარი.

ამასობაში, დაიძაბა სიტუაცია აღმოსავლეთში. "კლივლენდი" თითქმის ყველა მატჩში სუსტ თამაშს აჩვენებს. "ლეიკერსთან" და "შარლოტთან" თამაშებში ტაირონ ლიუს გუნდი ფონს გავიდა, მაგრამ "დენვერთან" და "ვაშინგტონთან" სრული და ჯანმრთელი შემადგენლობაც არ აღმოჩნდა საკმარისი მოსაგებად. ამ გუნდებმა კარგად დაგვანახეს "კლივლენდის" პრობლემები დაცვაში - ორივე მატჩში "კავალიერზის" ფარში 50 პროცენტზე მაღალი
სიზუსტით ისროდნენ.

ასე რომ, "კლივლენდი" უკვე აღარ არის აღმოსავლეთის ლიდერი და თუ ასე გააგრძელა, "ბოსტონის" გარდა, მას, შესაძლოა, "ტორონტომ" და "ვაშინგტონმაც" გაუსწრონ.

უესტბრუკი
გასული კვირის პირადი რეკორდების ავტორებს რასელ უესტბრუკი შეემატა. მან თავისი სამმაგი დუბლების კოლექციაში მრავალფეროვნების შეტანა გადაწყვიტა და ერთ-ერთი ტრიპლ-დაბლი ასპროცენტიანი სროლებით გაალამაზა: ექვსიდან ექვსი ჩააგდო თამაშიდან და ექვსიდან ექვსი საჯარიმოც მოათავსა კალათში. "ფილადელფიასთან" მატჩი უესტბრუკისთვის უნიკალური იყო იმ მხრივაც, რომ "ოკლაჰომას" რიგებში ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი არა ის, არამედ ენეს კანტერი იყო.

ასევე სამმაგი დუბლი შეასრულა უესტბრუკმა MVP-ის პრიზისთვის მთავარ კონკურენტთან - ჯეიმს ჰარდენთან დაპირისპირებაში, ოღონდ ის მატჩი "ჰიუსტონმა" მოიგო. ოსკარ რობერტსონის რეკორდამდე (41 სამმაგი დუბლი სეზონში) უესტბრუკს ოთხი ტრიპლ-დაბლი სჭირდება. ჩემპიონატის დამთავრებამდე კი "თანდერს" კიდევ ცხრა მატჩი რჩება, ასე რომ, რეკორდის შანსი სავსებით რეალურია.

ლებრონის მიღწევა
გასულ კვირას, "კლივლენდის" ფორვარდმა ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ყველა დროის საუკეთესო ასისტენტების სიაში. ლებრონ ჯეიმსმა ორი შედეგიანი პასით გაუსწრო მორის ჩიქსს და მე-12 პოზიციაზე გადაინაცვლა. შემდეგი სამიზნეა - როდ სტრიკლენდი, თუმცა, ამ კალათბურთელამდე მისვლა ამ სეზონში არ მოხერხდება, რადგან ამ მოთამაშეებს ერთმანეთისგან თითქმის 600 გადაცემა აშორებთ.

პირადი რეკორდები
დევინ ბუკერის 70 ქულაზე უკვე ბევრი დავწერეთ, ამიტომაც, გასული კვირის სხვა რეკორდებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მაგალითად, "ლეიკერსის" წევრმა დ'ანჯელო რასელმა "კლივლენდს" 40 ქულა ჩაუგდო, რაც შედეგიანობის პირადი რეკორდია. თუმცა, ამან "ლეიკერსს" ვერ მოაგებინა, თან რასელიც ვერ გახდა მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე, რადგან კაირი ირვინგმა 46 ქულა დააგროვა.

"იუტას" ფორვარდმა გორდონ ჰეივორდმა 38 ქულა მიითვალა "ინდიანას" წინააღმდეგ. ფორვარდმა 24-დან 16 სროლი ჩააგდო, მაგრამ ვერ უშველა თავის გუნდს.

სამაგიეროდ, რუდი გობერის პირადმა რეკორდმა (35 ქულა) მოაგებინა "იუტას". ფრანგი ცენტრი პრაქტიკულად იდეალური იყო "ფილადელფიასთან" შეტევაში - 14-დან მხოლოდ ერთი სროლა ააცილა.

დ'ანჯელო რასელს არ ჩამორჩა ჯორდან კლარკსონი, რომელიც "მინესოტასთან" მატჩში 35 ქულით დაეხმარა "ლეიკერსს".

რეაბილიტაცია
ლამარკუს ოლდრიჯი მწყობრში ჩადგა და ბოლო მატჩებით თუ ვიმსჯელებთ, თავს კარგად გრძნობს. სულ მალე, ოპტიმალური შემადგენლობა ეყოლება "სპურსის" მთავარ კონკურენტს "გოლდენ სტეიტს". კევინ დურანტმა განაახლა ვარჯიშები და შეუძლია გამოჩნდეს რეგულარული ჩემპიონატის დასკვნით მატჩებში. ამ ჭორს კორექტირება გაუკეთა "უორიორზის" მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა - აღნიშნა, რომ ორი კვირა არის მოლოდინის მინიმალური ვადა.

"კლივლენდი" სან ანტონიოში შერცხვა, უესტბრუკმა "დალასს" მარტომ მოუგო
გუშინ, რეგულარული ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი მატჩი გაიმართა - მოქმედი ჩემპიონი "კლივლენდი" ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს "სან ანტონიოს" სტუმრობდა. შეხვედრამ არ გაამართლა გულშემატკივართა მოლოდინი და კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ რეგულარულის ბოლოსკენ, "კლივლენდი" აშკარად მოიკოჭლებს. ლებრონ ჯეიმსის გუნდმა ზედიზედ მეორედ წააგო, ბოლო 10 მატჩში კი მეხუთედ დამარცხდა.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ სტუმრებს "სპურსის" დამარცხების მინიმალური შანსიც არ ჰქონდათ. უკვე პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლების უპირატესობა 24 ქულას შეადგენდა. მესამე მეოთხედში "კლივლენდმა" სცადა გაბრძოლება, მაგრამ ერთ ეპიზოდში ლებრონ ჯეიმსმა ზურგის ტრავმა მიიღო და ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. ამ მომენტში ლებრონს 17 ქულა, 8 მოხსნა და 8 პასი ჰქონდა და ახლოს იყო სამმაგ დუბლთან.

გუშინ, მხოლოდ მას მისდიოდა ასე თუ ისე თამაში, "კლივლენდის" სხვა ლიდერები კი საკუთარ თავს არ ჰგავდნენ: კაირი ირვინგმა და კევინ ლავმა 4-4 ბურთი ჩააგდეს შესაბამისად, 13 და 12 ცდიდან. და საერთოდ, "კლივლენდმა" იმ დღეს თამაშიდან 37 პროცენტის სიზუსტით ისროლა, 26-დან მხოლოდ ოთხი სამქულიანი ჩააგდო და საჯარიმოების 61 პროცენტი გამოიყენა. ასეთი სტატისტიკით რთულია "სპურსთან" გამარჯვებაზე ფიქრი.

* * *
რასელ უესტბრუკმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა MVP-ის ტიტულისკენ. "ოკლაჰომას" ლიდერმა პირადად გადაწყვიტა "დალასთან" გასვლითი მატჩის ბედი. "მავერიქსი" სირენამდე სამი წუთით ადრე, კომფორტულად იგებდა შეხვედრას - 91:78. და ბოლო სამ წუთში, სტუმრებმა 14:0 გაქცევა მოაწყვეს და მოიგეს - 92:91. ამ 14 ქულიდან 12 უესტბრუკის ანგარიშზეა. სულ მან 37 ქულა მიითვალა, რასაც 13 მოხსნა და 10 შედეგიანი პასი ემატება. ეს რასელის 37-ე სამმაგი დუბლი იყო სეზონში.

* * *
სულ უფრო ცილდება პლეი ოფის ზონას "დეტროიტი", რომლის პოზიციებსაც ცოტა ხნის წინ, თითქოს არაფერი ემუქრებოდა. "პისტონზმა" მხოლოდ პირველ მეოთხედში გაუწია ღირსეული წინააღმდეგობა "ნიუ იორკს", შემდეგ კი ინიციატივა მეტოქეს გადაულოცა და ზედიზედ მეოთხედ, ბოლო რვა მატჩში კი მეშვიდედ დამარცხდა, რითაც, აღმოსავლეთის ცხრილში მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა.

* * *
დემარ დეროზანი აგრძელებს ბრწყინვალე ფორმის დემონსტრირებას. "ტორონტოს" ლიდერი გასული კვირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, ახლა კი 36 ქულა ჩაუგდო "ორლანდოს" და თავის გუნდს ზედიზედ მეექვსედ მოაგებინა. "ტორონტოსთვის" ეს იყო 45-ე მოგება რეგულარულში და ის მხოლოდ სამი გამარჯვებით ჩამორჩება ლიდერ "ბოსტონს".

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები გამოავლინა.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ტორონტოს" მცველი დემარ დეროზანი. ის ლიგის ლიდერი იყო საშუალო შედეგიანობით (33.3 ქულა), რასაც 5.7 პასი, 5.3 მოხსნა და 1.3 ჩაჭრა დაუმატა. "ტორონტომ" გასულ კვირას სამიდან სამი მატჩი მოიგო და ზედიზედ მეოთხე სეზონში გაინაღდა პლეი ოფში თამაში. დეროზანმა სამიდან ორ მატჩში შეძლო მინიმუმ 40 ქულის დაგროვება და ახლა, შვიდი 40-ქულიანი მატჩი დაუგროვდა სეზონში.

დასავლეთში საუკეთესო გახდა "ჰიუსტონის" ლიდერი ჯეიმს ჰარდენი. სამიდან სამ მოგებულ მატჩში მისი მონაგარი იყო 33.0 ქულა და 13.3 შედეგიანი პასი, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო ლიგაში.

ნიუ იორკი-დეტროიტი 109:95
34:36, 30:23, 25:15, 20:21
ნ-ი: როუზი (27+6 პასი), პორზინგისი (25+8 მოხსნა), ენტონი (21), ერნანგომესი (15).
დ: მორისი (20), სმიტი (15), კოლდუელ-პოუპი (12), ჰარისი (12), დრამონდი (10+15 მოხსნა).

ტორონტო-ორლანდო 131:112
35:34, 38:23, 26:32, 32:23
ტ: დეროზანი (36), ვალანჩუნასი (17+9 მოხსნა), იბაკა (16+7 მოხსნა), პაუელი (16), ჯოზეფი (15+13 პასი), პელტლი (12).
ო: პეიტონი (22+9 პასი), ფურნიე (20), როსი (17), გორდონი (16), ვუჩევიჩი (12+15 მოხსნა).

სან ანტონიო-კლივლენდი 103:74
28:18, 36:22, 17:18, 22:16
ს-ა: ლენარდი (25+6 პასი), ოლდრიჯი (14+7 მოხსნა), პ. გასოლი (14), ჯინობილი (12), დედმონი (8+13 მოხსნა).
კ: ჯეიმსი (17+8 მოხსნა+8 პასი), ტომპსონი (11+7 მოხსნა).

დალასი-ოკლაჰომა 91:92
26:25, 24:10, 19:22, 22:35
დ: მეტიუზი (15), ნოელი (15+8 მოხსნა), ფერელი (13), ჰარისი (12), ბარნსი (10), ბარეა (10+8 პასი).
ო: უესტბრუკი (37+13 მოხსნა+10 პასი), ოლადიპო (15+9 მოხსნა), გიბსონი (13).

საკრამენტო-მემფისი 91:90
28:27, 23:22, 23:19, 17:22
ს: კოლისონი (23+7 პასი), ჰილდი (14), კოული-სტაინი (12+9 მოხსნა), კუფოსი (11), ლოუსონი (10).
მ: კონლი (22+9 პასი), რენდოლფი (17+15 მოხსნა), რაიტი (11), გრინი (10), დენიელსი (10).

იუტა-ნ. ორლეანი 108:100
28:21, 28:30, 25:20, 27:29
ი: ჰუდი (20), გობერი (20+19 მოხსნა+5 დაფარება), ინგლსი (19), ჯორჯ ჰილი (17), ჯონსონი (14+7 მოხსნა+6 პასი).
ნ-ო: დევისი (36+17 მოხსნა), ჰოლიდეი (19), კროუფორდი (14), ჰილი (11+8 მოხსნა).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. x-ბოსტონი 74 48 26 64.9
2. y-კლივლენდი 73 47 26 64.4
3. x-ვაშინგტონი 73 45 28 61.6
4. x-ტორონტო 74 45 29 60.8
5. ატლანტა 73 37 36 50.7
6. მილუოკი 73 37 36 50.7
7. ინდიანა 73 37 36 50.7
8. მაიამი 73 35 38 47.9
9. ჩიკაგო 74 35 39 47.3
10. დეტროიტი 74 34 40 45.9
11. შარლოტი 73 33 40 45.2
12. ნიუ იორკი 74 28 46 37.8
13. ფილადელფია 73 27 46 37.0
14. ორლანდო 74 27 47 36.5
15. ბრუკლინი 73 16 57 21.9

დასავლეთი
თ მ წ %
1. y-გ. სტეიტი 73 59 14 80.8
2. x-სან ანტონიო 73 57 16 78.1
3. x-ჰიუსტონი 73 51 22 69.9
4. x-იუტა 74 45 29 60.8
5. x-კლიპერსი 75 44 31 58.7
6. ოკლაჰომა 73 42 31 57.5
7. მემფისი 74 40 34 54.1
8. პორტლენდი 73 35 38 47.9
9. დენვერი 73 35 38 47.9
10. დალასი 73 31 42 42.5
11. ნ. ორლეანი 74 31 43 41.9
12. საკრამენტო 74 29 45 39.2
13. მინესოტა 72 28 44 38.9
14. ფინიქსი 74 22 52 29.7
15. ლეიკერსი 73 21 52 28.8

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული