NBA. პლეი ოფი. გრიფინმა ისევ დაამთავრა

AutoSharing Option
"კლიპერსის" ფორვარდი ბლეიკ გრიფინი სეზონის ბოლომდე გამოვიდა მწყობრიდან. "იუტასთან" სერიის მესამე მატჩში კალათბურთელმა ფეხის თითის ტრავმა მიიღო.

დეტალურმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ გრიფინს ოპერაცია ესაჭიროება და პლეი ოფის ბოლომდე ვერ გავა მოედანზე. ასე რომ, განმეორდა შარშანდელი სეზონის სიტუაცია, როცა ბლეიკმა ასევე ტრავმის გამო, პლეი ოფის პირველ რაუნდში შეწყვიტა გამოსვლა.

წელს, პლეი ოფის სამ მატჩში ბლეიკ გრიფინის საშუალო სტატისტიკა 20 ქულა, 6 მოხსნა და 2.3 პასი იყო.

პირველი ორი მატჩის წაგების შემდეგ, "ინდიანა" სერიოზულად იყო განწყობილი მესამე მატჩის მოსაგებად. და პირველი ტაიმი
"პეისერსს" იდეალური გამოუვიდა - 74:49. ისტორიაში არც ერთ გუნდს არ წაუგია პლეი ოფის მატჩი პირველი ტაიმის 25 ქულით მოგების შემდეგ.

მაგრამ ლებრონ ჯეიმსსა და კომპანიას უყვართ ისტორიის გადაწერა. "კავალიერზმა" დაუჯერებელი მესამე მეოთხედი ჩაატარა და თითქმის გააბათილა მასპინძლების უპიტარესობა - 35:17. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში დამნაშავენი "ინდიანას" კალათბურთელებიც არიან, რომლებმაც 26-დან მხოლოდ 5 ბურთი ჩააგდეს.

არ წაუვიდათ თამაში კაირი ირვინგსა და კევინ ლავს და მათ ნაცვლად, მეოთხე მეოთხედში რეზერვისტები - ჩენინგ ფრაი (13 ქულა) და კაილ კორვერი (12) ბრწყინავდნენ.

ინდიანა-კლივლენდი 114:119
37:27, 37:22, 17:35, 23:35
ი: ჯორჯი (36+15 მოხსნა+9 პასი), ტიგი (15+7 პასი), სტივენსონი (13), იანგი (11+14 მოხსნა), სერაფინი (11).
კ: ჯეიმსი (41+13 მოხსნა+12 პასი), ირვინგი (13), სმიტი (13), ლავი (13), ფრაი (13), კორვერი (12), ტომპსონი (9+10 მოხსნა).
სერია: 0-3

***
ისევე, როგორც ტორონტოში, მილუოკიშიც "ბაქსმა" და "რეპტორზმა" მოგებები გაცვალეს.

მესამე მატჩში "მილუოკიმ" ისე დაჩაგრა მეტოქე, რომ კომენტარი საჭირო არ არის. საკმარისია იმის თქმა, რომ დეროზანისა და ლაურის წყვილმა მხოლოდ 21 ქულა (18-დან 4 ზუსტი ტყორცნა) ჩააგდო. "ტორონტოს" 33.8 ჰქონდა თამაშიდან რეალიზაციის პროცენტი.

მეოთხე მატჩში დუეინ კეისის შეგირდებმა გაიხსენეს, რომ სწორედ მათ დაიკავეს მესამე ადგილი აღმოსავლეთში. დეროზანმა სერიაში პირველად გადააბიჯა 30-ქულიან ზღვარს, ლაურიმ კი თავისი 18 ქულიდან 14 მეორე ტაიმში დააგროვა. და ეს საკმარისი აღმოჩნდა სერიაში ანგარიშის გასათანაბრებლად. "მილუოკის" მატჩში 20 დაკარგვა დაუგროვდა, აქედან შვიდი ანტენტოკუნმპოზე მოდიოდა.

მილუოკი-ტორონტო 104:77
32:12, 25:18, 21:16, 26:31
მ: მიდლტონი (20+7 პასი), ანტენტოკუნმპო (19), მონრო (16), ბიზლი (13), მაკერი (11), დელავედოვა (10).
ტ: ლაური (13), რაიტი (13), პაუელი (12), ვალანჩუნასი (11).

მილუოკი-ტორონტო 76:87
19:19, 22:22, 17:23, 18:23
მ: სნელი (19), ანტენტოკუნმპო (14+9 მოხსნა), მონრო (14+9 მოხსნა), მიდლტონი (10+11 მოხსნა).
ტ: დეროზანი (33+9 მოხსნა), ლაური (18), პაუელი (12), ვალანჩუნასი (12), იბაკა (10).
სერია: 2-2

***
"მემფისს" პლეი ოფში ზედიზედ ცხრა მატჩი ჰქონდა წაგებული "სან ანტონიოსთან", მაგრამ შინ ზედიზედ ორჯერ მოუგო და სერიაში სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა.

მესამე მატჩში დიდი შესვენებისთვის "მემფისი" მხოლოდ ოთხ ქულას იგებდა. მესამე მეოთხედის პირველ წუთზე დედმონმა და პარკერმა შეცდომები დაუშვეს და მასპინძლების უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა. პოპოვიჩმა ტაიმ-აუტი აიღო და ხუთეული მთლიანად შეცვალა უახლოესი რეზერვით, მაგრამ "სპურსს" ამან ვერ უშველა. ჩააგდო თამაში სტუმრების ლიდერმა კავაი ლენარდმა, რომელმაც პირველ ტაიმში 16 ქულა დააგროვა, მაგრამ მეორეში მხოლოდ ორი ტყორცნა შეასრულა.

მეოთხე მატჩი, რომელიც გუშინ ჩატარდა, მთლიანად პლეი ოფის მშვენება გახდა. ლენარდმა, ამჯერად, 43 ქულა დააგროვა, თითქოს ძირითად დროში გამარჯვების ტყორცნაც ჩააგდო, მაგრამ მაიკ კონლიმ შეძლო სირენამდე 4 წამით ადრე თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა.

დამატებით დროში "მემფისი" 6 ქულით გავიდა წინ, მაგრამ ლენარდმა აქაც გაიბრწყინა და ორი დაუჯერებელი სამქულიანი ჩააგდო - 108:108. თუმცა, ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი - მარკ გასოლის ბაზერ-ბიტერმა 0.7 წამით ადრე, სერიაში ანგარიში გაათანაბრა - 110:108.

მემფისი-სან ანტონიო 105:94
21:21, 29:25, 31:17, 24:31
მ: კონლი (24+8 პასი), რენდოლფი (21), მ. გასოლი (21), ენისი (12), სელდენი (10).
ს-ა: ლენარდი (18), ოლდრიჯი (16+11 მოხსნა), ანდერსონი (15), მილსი (11), სიმონსი (10).

მემფისი-სან ანტონიო 110:108 (ო)
23:26, 32:25, 19:20, 22:25, 14:12
მ: კონლი (35+9 მოხსნა+8 პასი), მ. გასოლი (16+12 მოხსნა), გრინი (14), კარტერი (13), რენდოლფი (12+11 მოხსნა).
ს-ა: ლენარდი (43+6 ჩაჭრა), პარკერი (22), ოლდრიჯი (13), პ. გასოლი (8+11 მოხსნა).
სერია: 2-2

***
საკუთარ მოედანზე პირველი ორი მატჩის წაგების შემდეგ, "ბოსტონის" პერსპექტივები მეტად ბუნდოვანი ჩანდა. გუნდის ლიდერს აიზია ტომასს ავტოკატასტროფაში და დაეღუპა და კალათბურთელი მეორე და მესამე მატჩებს შორის, დაკრძალვაზე იმყოფებოდა, გუნდის სხვა მოთამაშეები კი ვერ ბრწყინავდნენ. მიუხედავად ამისა, ბრედ სტივენსის შეგირდებმა მოახერხეს გარდასახვა გასვლით მატჩში.

"სელტიქსმა" შესანიშნავად ჩაატარა პირველი მეოთხედი - 33:15, გაუძლო "ჩიკაგოს" ქამბექს მეორეში და სვლა არ შეუჩერებია დიდი შესვენების შემდეგ. ამაში სტუმრებს დაეხმარა 17 რეალიზებული სამქულიანი მეტოქის ექვსის წინააღმდეგ.

ჩიკაგო-ბოსტონი 87:104
15:33, 26:11, 22:32, 24:28
ჩ: უეიდი (18), ბატლერი (14), ლოპესი (12), მიროტიჩი (11), ციპზერი (10).
ბ: ჰორფორდი (18), ტომასი (16+9 პასი), კრაუდერი (16), ბრედლი (15+7 პასი), როზირი (11).
სერია: 2-1

***
მეორე მატჩში რასელ უესტბრუკის 51-ქულიანმა სამმაგმა დუბლმა ვერ უშველა "ოკლაჰომას". მესამე თამაშში უესტბრუკმა მორიგი სამმაგი შეასრულა - 32 ქულა, 13 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი. რაც მთავარია, "ოკლაჰომამ" მოიგო და გაქვითა ანგარიში სერიაში. საინტერესოა, რომ რასელმა ეს ტრიპლ-დაბლი ისე გააკეთა, რომ მხოლოდ ერთი სამქულიანი ისროლა.

უესტბრუკს ღირსეულად უპირისპირდებოდა ჯეიმს ჰარდენი, რომელმაც 44 ქულა დააგროვა. მას შეეძლო თავისი გუნდისთვის გამარჯვების მოტანა, მაგრამ ბოლო სამქულიანი ააცილა მიზანს.

ოკლაჰომა-ჰიუსტონი 115:113
34:25, 31:33, 28:25, 22:30
ო: უესტბრუკი (32+13 მოხსნა+11 პასი), გიბსონი (20), ოლადიპო (12), რობერსონი (12), კანტერი (10).
ჰ: ჰარდენი (44), უილიამსი (22), ანდერსონი (18), გორდონი (12).
სერია: 1-2

***
სერიის მესამე მატჩი "იუტასთვის" შესანიშნავად მიდიოდა. რუდი გობერის არყოფნის მიუხედავად, "ჯაზი" შეხვედრის დიდი ნაწილი ლიდერობდა, გორდონ ჰეივორდი კი კარიერის მატჩს ატარებდა.

მასპინძლების იმედებს ხაზი გადაუსვა კრის პოლმა. მეოთხე მეოთხედში "კლიპერსმა" 15:0 გაქცევა შეასრულა და ზედიზედ ცხრა ქულა სტუმრების გამთამაშებელმა აიღო. სირენამდე 2.09 წამით ადრე, კალიფორნიელები 103:96-ს იგებდნენ და "ჯაზს" მიახლოების საშუალება აღარ მისცეს.

იუტა-კლიპერსი 106:111
34:21, 24:28, 26:33, 22:29
ი: ჰეივორდი (40), ჯორჯ ჰილი (26), ჯონსონი (15).
კ: პოლი (34+10 პასი), ჯორდანი (17+13 მოხსნა), მბა ა მუტე (15), გრიფინი (11).
სერია: 1-2

***
ვაშინგტონში სტუმრად წაგებულ ორ მატჩში "ატლანტამ" ბოლომდე იბრძოლა, რაც ამ გუნდის პოტენციალზე მეტყველებდა. "ჰოქსმა" გუშინ დაამტკიცა, რომ დედაქალაქურ კლუბს იოლად არაფერს დაუთმობს.

მესამე მატჩში დიდად ბრძოლა არ გამოვიდა. "ატლანტამ" უკვე პირველ მეოთხედში აჯობა მეტოქეს 18 ქულით და დარჩენილ დროში ამ დიდი უპირატესობის ვარირებით იყო დაკავებული. სტუმრების ერთადერთი მოთამაშე, რომელიც ბოლომდე იბრძოდა, ჯონ უოლი (29 ქულა, 7 პასი) იყო, რომელმაც თითქმის იდეალურად ითამაშა (2 შეცდომა), მაგრამ პარტნიორებს არ გამოსდიოდათ არაფერი. საკმარისია აღინიშნოს, რომ "უიზარდსის" სასტარტოს ოთხმა მოთამაშემ ჯამში ერთი ქულით მეტი აიღო, ვიდრე უოლმა.

ატლანტა-ვაშინგტონი 116:98
38:20, 26:26, 26:21, 26:31
ა: მილსეპი (29+14 მოხსნა), შრიოდერი (27+9 პასი), პრინსი (16), ჰოვარდი (5+11 მოხსნა).
ვ: უოლი (29+7 პასი), ბილი (12).
სერია: 1-2

უქმეების სტატისტიკა
ლებრონ ჯეიმსმა 41 ქულა, 13 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი შეასრულა "ინდიანასთან" მესამე მატჩში. ეს იყო "მეფის" მე-9 სამმაგი დუბლი პლეი ოფში მინიმუმ 30 ქულით და ამ მაჩვენებლით გაუსწრო ოსკარ რობერტსონს (8). გარდა ამისა, ის გაუთანაბრდა ჯერი უესტს ორმაგი დუბლებით (მინიმუმ 30 ქულითა და 10 შედეგიანი გადაცემით) - მათ 14-14 ასეთი შეხვედრა ჰქონდათ. უფრო მეტი მხოლოდ მაიკლ ჯორდანს აქვს (15).

ლებრონისთვის ეს იყო მეორე სამმაგი დუბლი მინიმუმ 40 ქულით. ასეთი რამ, აქამდე, მხოლოდ ოსკარ რობერტსონს აქვს გაკეთებული. თითო 40-ქულიანი სამმაგი დუბლი აქვთ: ჯერი უესტს, ჩარლზ ბარკლისა და რასელ უესტბრუკს.

ლებრონისთვის "ინდიანასთან" მოგება ზედიზედ მე-20 იყო პლეი ოფის პირველ რაუნდში. ამით მან გაიმეორა ლიგის რეკორდი, რომელიც ეკუთვნოდათ "ლეიკერსის" მოთამაშეებს - მეჯიქ ჯონსონს, ჯეიმს უორთისა და მაიკლ კუპერს. უკანასკნელად, ჯეიმსმა პლეი ოფის პირველ რაუნდში 2011-12 წლების სეზონში წააგო, როცა "მაიამის" რიგებში თამაშობდა.

"ინდიანასთან" მატჩის შემდეგ, ლებრონმა პლეი ოფში მოხსნების საერთო რიცხვი 1787-მდე აიყვანა. ამით მან გაუსწრო უეს ანსელდს და ყველა დროის სიაში მეშვიდე ადგილზე გადავიდა.
ჯეიმსზე წინ რჩებიან: კარლ მელოუნი (2062), ქარიმ-აბდულ ჯაბარი (2481), შაკილ ო'ნილი (2508), ტიმ დანკანი (2 859), უილტ ჩემბრელენი (3913) და ბილ რასელი (4104).

დაბოლოს, ლებრონმა პლეი ოფში ზუსტი სამქულიანების რაოდენობით გაუსწრო კობი ბრაიანტს. ჯეიმსს 295 ასეთი ტყორცნა აქვს, რობის - 292.
შესაბამის სიაში პირველ ადგილზეა რეი ალენი (385), მეორეზე - რეჯი მილერი (320), მესამეზე - მანუ ჯინობილი (309). ლებრონ ჯეიმსი მეოთხე ადგილს იკავებს.

გუშინდელ მატჩში კავაი ლენარდმა 43 ქულა ჩაუგდო "მემფისს". ის უკვე მეექვსე მოთამაშეა პლეი ოფის პირველ რაუნდში, ვინც მინიმუმ 40 ქულა აიღო. და ეს NBA-ის რეკორდის გამეორებაა. ლენარდის გარდა, ასეთი შედეგიანობა აჩვენეს ლებრონ ჯეიმსმა, რასელ უესტბრუკმა, ჯეიმს ჰარდენმა, სი ჯეი მაკალუმმა და გორდონ ჰეივორდმა.

"სპურსის" გამთამაშებელი ტონი პარკერი მეექვსე ადგილზე გადავიდა პლეი ოფში ჩატარებული მატჩების რაოდენობით - ფრანგმა 217-ე თამაში ჩაატარა და შაკილ ო'ნილს გაუსწრო. ეს საუკეთესო მაჩვენებელია მოქმედ კალათბურთელებს შორის, ხოლო პარკერზე წინ რჩებიან - კობი ბრაიანტი (220), ქარიმ აბდულ ჯაბარი (237), რობერტ ორი (244), ტიმ დანკანი (251) და დერეკ ფიშერი (259).
გარდა ამისა, პლეი ოფში მე-200 შეხვედრა ჩაატარა "სპურსის" კიდევ ერთმა ვეტერანმა მანუ ჯინობილიმ.

"გოლდენ სტეიტის" გამთამაშებელმა სტივენ კარიმ ხუთი სამქულიანი გამოიყენა "პორტლენდთან" სერიის მესამე მატჩში, რითაც პლეი ოფში ზუსტი შორეული ტყორცნების რიცხვი 254-მდე აიყვანა. ის გახდა მეათე კალათბურთელი ლიგის ისტორიაში, ვინც 250-ის ზღვარს გადააბიჯა. მოქმედ მოთამაშეეებს შორის, ეს შეძლეს მხოლოდ პოლ პირსმა (272), ლებრონ ჯეიმსმა (295) და მანუ ჯინობილიმ (309).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული