NBA. პლეი ოფი: ასეთი ჰარდენი უფრო სასარგებლოა

AutoSharing Option
"კლივლენდმა" ყველაზე ადრე გაიფორმა პლეი ოფის მეორე რაუნდის საგზური და ყველაზე დიდ ხანს ისვენებდა მორიგი სერიის წინ. მისმა მეტოქემ "ტორონტომ" კი გვარიანად იწვალა და "მილუოკისთან" სერია 1:2-დან მოიგო. თუმცა, რომელი გუნდიც არ უნდა ყოფილიყო "კავალიერზის" შემდეგი მეტოქე, მას, ნებისმიერ შემთხვევაში, აუთსაიდერის როლი ერგებოდა.

პირველ მატჩში კანადელებმა ვერ დატოვეს სათანადო შთაბეჭდილება. ისინი ერთადერთხელ გავიდნენ წინ - 3:0, რის შემდეგაც, ზედიზედ 10 ქულა გაუშვეს და "კლივლენდი" თითქმის მთელი მატჩი აკონტროლებდა სიტუაციას და ინარჩუნებდა ორნიშნა უპირატესობას. მხოლოდ ერთ მომენტში მიიღეს მასპინძლებმა სოლიდური დარტყმა:
მეორე მეოთხედის შუაში, "ტორონტო" 19:3 გაიქცა და სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა, თუმცა კევინ ლავისა და ჯეი არ სმიტის სამქულიანები საკმარისი აღმოჩნდა კომფორტული სხვაობის აღსადგენად. "კლივლენდმა" პირველი ტაიმი 14 ქულის სხვაობით მოიგო.

ვარსკვლავური დუეტების დუელში ულაპარაკო გამარჯვება მოიპოვეს ლებრონ ჯეიმსმა (35 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი) და კაირი ირვინგმა (24 ქულა, 10 პასი). რაც შეეხება "ტორონტოს" უკანა ხაზს, დემარ დეროზანისა და კაილ ლაურის მონაგარი 39 ქულით შემოიფარგლა.

* * *
თუ "კლივლენდისა" და "ტორონტოს" მატჩის შედეგის პროგონზირება შეიძლებოდა, სან ანტონიოში მომხდარი უმრავლესობისთვის სენსაცია იყო. "ჰიუსტონმა" პირველ მატჩში გადაუარა დასავლეთის მეორე გუნდს და არა მხოლოდ საკუთარი მოედნის უპირატესობა მოიპოვა, არამედ, სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმა მიაყენა მეტოქეს.

გრეგ პოპოვიჩის გუნდის პრობლემები უკვე პირველ მეოთხედში დაიწყო, რომელშიც მასპინძლებმა 34 ქულა გაუშვეს. ამით "სპურსისთვის" დაცვაში კოშმარი არ დასრულებულა. მეორე 12-წუთეულში "ჰიუსტონის" მონაგარი 35 ქულა იყო, ხოლო სხვაობა მეტოქესთან კატასტროფული გახდა - "+30". თამაშში გარდატეხის შეტანა "სან ანტონიომ" ვეღარ მოახერხა.

რაოდენ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს, "ჰიუსტონი" შესანიშნავად თამაშობდა დაცვაში. 36.9 პროცენტი - თამაშიდან ასეთი რეალიზაცია "სან ანტონიოს" ორი წელია არ ჰქონია. პირველად ამ პლეი ოფში, ჯეიმს ჰარდენი დაუბრუნდა იმ თამაშს, რომელსაც მისთვის წარმატება მოჰქონდა რეგულარულ ჩემპიონატში:

პირველ რიგში ბურთის მოძრაობა და შემდეგ, საკუთარი სროლები. გუშინ, ჰარდენს შედეგიანი გადაცემა უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე თამაშიდან სროლის მცდელობა (14 13-ის წინააღმდეგ).

კლივლენდი-ტორონტო 116:105
30:18, 32:30, 34:26, 20:31
კ: ჯეიმსი (35+10 მოხსნა), ირვინგი (24+10 პასი), ლავი (18+9 მოხსნა), ტომპსონი (11+14 მოხსნა).
ტ: ლაური (20+11 პასი), დეროზანი (19+7 მოხსნა), იბაკა (15), ტაკერი (13+11 მოხსნა), პაუელი (12).
სერია: 1-0

სან ანტონიო-ჰიუსტონი 99:126
23:34, 16:35, 28:27, 32:30
ს-ა: ლენარდი (21+11 მოხსნა+6 პასი), პაკერი (11), უილიამსი (11).
ჰ: არიზა (23), ჰარდენი (20+14 პასი), კაპელა (20+13 მოხსნა), ანდერსონი (14), უილიამსი (13), გორდონი (11).
სერია: 1-0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული