NBA. პლეი ოფი. აღმოსავლეთის ფინალი: "ინდიანამ" ინტრიგა აღადგინა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "სან ანტონიო სპურსმა" ოპერატიულად გაიფორმა დასავლეთიდან ფინალის საგზური, საკალათბურთო საზოგადოების ყურადღება აღმოსავლეთზე გადაერთო. აქ, როგორც ჩანს, მთავარი ბრძოლა წინ არის. ყოველ შემთხვევაში, მეოთხე მატჩმა მაყურებელს მორიგი ინტრიგა მოუმზადა.

თამაში უკეთ მასპინძლებმა დაიწყეს: აქტიურმა დაცვამ და შეტევაში უსწრაფესმა გადასვლამ 11:0 გაქცევა გამოიწვია - ამისთვის "ინდიანას" სამი წუთი დასჭირდა. მესამე მატჩში უიმედო წაგების შემდეგ, "პეისერსს" მეტოქის მიმართ ბევრი აგრესია ჰქონდა დაგროვილი.

"მაიამის" გამოცოცხლებაში ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი დაეხმარნენ, რომელთა ურთიერთშეთამაშებამ საპასუხო სპურტი მოიტანა – 17:5, რის შემდეგაც, სტუმრებმა
წინ გასვლა მოახერხეს.

სასტარტო 12-წუთეულის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, მეორე პერსონალური მიიღო ჯორჯმა და მას სათადარიგოთა სკამზე მოუწია გადანაცვლება. იმის გათვალისწინებით, რომ მოედანზე არ იყო უესტი, წამოიჭრა საკითხი - ვის უნდა დაყრდნობოდა შეტევაში "ინდიანა"? ამ პლეი ოფში პირველად არ ხდება, როცა გუნდს მშველელად ლენს სტივენსონი ევლინება, რომელიც საშუალო და შორი მანძილიდან ზუსტ ტყორცნებს სწრაფ გარღვევებსაც უნაცვლებდა, თან ამ შეტევებს დაცვაში თავად შესრულებული მოხსნების შემდეგ იწყებდა.

სწრაფი შეტევები "ინდიანას" წარმატების ერთ-ერთი მთავარი საწინდარი გახდა. სწორედ ასეთი ტაქტიკა აირჩია ფრენკ ფოგელმა "ჰიტის" მჭიდრო დაცვის წინააღმდეგ: შეტევის დასრულება იქამდე, სანამ ფლორიდელები დაცვაში სწორად განლაგებას მოასწრებდნენ. თუ პირველი ეშელონის შეტევა არაზუსტი იყო, იქვე მეორე ეშველებოდა. "ინდიანას" "მაღლები" კარგად უბამდნენ მხარს სწრაფ გარღვევებს და ამატებდნენ ბურთს პარტნიორების აცილების შემდეგ. ამავდროულად, თავად "პეისერსი" უკან მაქსიმალურად დისციპლინირებულად ბრუნდებოდა და "მაიამის" არ აძლევდა მისი ერთ-ერთი სახიფათო იარაღის გამოყენების საშუალებას.

სტივენსონის სნაიპერულ გმირობებს მხარი აუბეს უესტმა და ჰიბერტმა და ამ უკანასკნელის ზუსტი საჯარიმოს შემდეგ, მასპინძლების უპირატესობა 9 ქულამდე გაიზარდა. თამაში უფრო გაიხსნა, რითაც მაშინვე ისარგებლა "ჰიტმა". სტუმრების რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა და ლებრონის ზუსტი თამაში პირველი ტაიმის ბოლოს და ფლორიდელებმა ოპერატიულად შეამცირეს ჩამორჩენა.

მეორე ტაიმის სტარტი პირველისგან სრულიად განსხვავებული იყო. კარგი პრესინგისა და სწრაფი შეტევების ხარჯზე, "მაიამიმ" ოთხწუთნახევარში ერთქულიანი ჩამორჩენა ექვსქულიან უპირატესობად აქცია. კიდევ რამდენიმე წუთის შემდეგ, ოთხქულიანი ჰანდიკაპით უკვე "ინდიანა" იწონებდა თავს. ამით ერთმანეთისთვის საჩუქრების კეთება არ დასრულებულა. "ჰიტმა" ლიდერობის დაბრუნება სცადა, მაგრამ მეოთხედის ბოლოს უფრო მეტს აგებდა.

მეოთხე 12-წუთეულის სტარტზე "მაიამის" "მშრალი" სერია გაუგრძელდა - ბურთი არაფრის დიდებით არ ეშვებოდა კალათში. ცოტა ხნით წარმოიშვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ "მაიამი" გატყდებოდა და წინ საბოლოოდ გაუშვებდა "ინდიანას", მაგრამ ჩემპიონი ნაადრევად ფარხმალის დაყრას არ აპირებდა. ლებრონისა და კომპანიის მორიგი გაქცევის (11:2) შემდეგ, ტაბლოზე ასეთი ანგარიში დაფიქსირდა – 83:83. ბოლო ექვსი წუთი ბევრ საინტერესოს გვპირდებოდა. "ჰიტმა" მოახერხა ცოტა ხნით ლიდერობის მოპოვება რეი ალენის სამქულიანით, მაგრამ შემდეგ, პირველ პლანზე გამოვიდა მასპინძლების დაცვა.

შეხვედრის ბოლო წუთი სტუმრების სამქულიანი უპირატესობით იწყებოდა – 89:86. ამ დროის განმავლობაში, ფლორიდელებმა მხოლოდ ერთი ბურთი ჩააგდეს, მასპინძლებმა კი 13 ქულა დააგროვეს. აქედან რვა ქულა სტივენსონისა და ჰიბერტის ანგარიშზე იყო. თუმცა სტუმრების ერთადერთ ზუსტ ტყორცნას შეეძლო გავლენა მოეხდინა შეხვედრის ბოლო ნაწილზე: წუთითა და 20 წამით ადრე ლებრონის სამქულიანის შემდეგ, "ჰიტი" ორ ქულამდე მიუახლოვდა მეტოქეს - 94:92. თითქოს ინიციატივა "მაიამის" მხარეს გადაიდოდა, მაგრამ შემდეგ შეტევაში ლებრონმა უცნაური პერსონალური მიიღო, რომელიც მისთვის მეექვსე იყო. "მეფემ" პლეი ოფში ჩატარებულ 128 მატჩში მეორედ დატოვა მოედანი ზედმეტი პერსონალურების გამო. მის გარეშე "მაიამი" მატჩის გადასარჩენად მზად არ აღმოჩნდა.

"პეისერსმა" შეინარჩუნა მოგება და ინტრიგა სერიაში. ახლა, ამ გუნდის წინაშე სავსებით რეალური მისიაა - თითოჯერ მოიგოს მაიამიში და ინდიანაპოლისში, რაც ამ სერიაში ერთხელ უკვე მოახერხა.

ინდიანა-მაიამი 99:92
26:22, 22:25, 29:23, 22:22
ი: ჰიბერტი (23+12 მოხსნა), სტივენსონი (20+5 მოხსნა), ჰილი (19+6 პასი+5 მოხსნა), უესტი (14+12 მოხსნა), ჯორჯი (12+8 მოხსნა+3 პასი).
მ: ჯეიმსი (24+6 მოხსნა+5 პასი+3 დაფარება), ჩელმერსი (20), უეიდი (16+6 პასი), ალენი (11+7 მოხსნა).
სერია: 2-2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. პლეი ოფი. "სპურსი" "მაიამის" დაელოდება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული