NBA. ფინალი: სან ანტონიოში 16 ბომბი გაისროლეს

AutoSharing Option
ისევე, როგორც ორი დღის წინ, ამჯერადაც დიდ შესვენებამდე ვერც ერთმა გუნდმა ვერ შეძლო ანგარიშში სოლიდური უპირატესობის მოპოვება. როგორც კი "სპურსმა" 10-ქულიანი სხვაობით დაწინაურება მოახერხა, "მაიამიმ" კარგი დაცვითა და მაიკ მილერის ზუსტი სამქულიანებით (5-დან 5 ამ მატჩში და 10-დან 9 სერიაში), შეძლო ანგარიშის გათანაბრება - 44:44. მაგრამ პირველი ტაიმის ბოლოს "სპურსმა" 37 წამში ორი სამქულიანის ჩაგდება მოასწრო და გასახდელში ექვსქულიანი უპირატესობით გაეშურა - 50:44.

სერიის მეორე მატჩში "ჰიტის" წარმატება განაპირობა 33:5 გაქცევამ მესამე მეოთხედის ბოლოს და მეოთხის დასაწყისში. 12 ივნისსაც მეორე
ტაიმი გადამწყვეტი აღმოჩნდა და ისევ სტუმრებს არ გაუმართლათ. დაწვრილებით ამ ყველაფრის მოყოლას აზრი არ აქვს და საკმარისია ერთი სტატისტიკური მონაცემის მოყვანა: "სან ანტონიომ" NBA-ს ფინალების რეკორდი დაამყარა, როცა 16 სამქულიანი ჩააგდო "მაიამის" ფარში.

და, რა თქმა უნდა, 36-ქულიანი გამარჯვება (ფინალების ისტორიაში მესამე ყველაზე დიდი სხვაობა) შესაძლებელი გახდა "სან ანტონიოს" ბრწყინვალე დაცვის წყალობით. გრეგ პოპოვიჩმა კარგად გაითვალისწინა ის ფაქტორი, რომ ლებრონ ჯეიმსი და დუეინ უეიდი მაქსიმალურ ეფექტს მეტოქის ფართან ახლოს მოქმედებისას აღწევენ, პერიმეტრზე კი მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაცილებით დაბალია.

რა გააკეთა ამ დროს "სპურსის" მწვრთნელმა? მან თავის მცველებს მიუთითა, ფარიდან რაც შეიძლება მოშორებით ემოქმედათ ლებრონის წინააღმდეგ, თუნდაც დისტანციიდან ღია სროლის ფასად. დაუმატეთ ამას თითქმის იდეალური მეურვეობა კავაი ლეონარდის მხრიდან და მიხვდებით, რატომ ჩაატარა ამ პლეი ოფში ლებრონმა სამი ყველაზე დაბალშედეგიანი მატჩი სწორედ "სან ანტონიოს" წინააღმდეგ.

ასე რომ, პოპოვიჩი ჯეიმსსა და უეიდს საშუალო და შორი ტყორცნების საშუალებას აძლევდა და ამ დუეტმა მიზანი მხოლოდ მაშინ გაასწორა, როცა მატჩს აზრი დაკარგული ჰქონდა (ლებრონს მესამე მეოთხედის ბოლოსკენ 13-დან 11 სროლა ჰქონდა აცილებული და მხოლოდ ორი ქულა დაგროვილი). სამწამიანში კი "მაიამის" ლიდერები იშვიათად აღწევდნენ და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ მატჩის ბოლოს ჯეიმსი ერთხელაც არ დამდგარა საჯარიმოს ხაზზე, რაც ძალიან იშვიათად ხდება და კარგად მიუთითებს "სპურსის" უმაღლეს დაცვით დისციპლინაზე.

ამასთან, "სპურსის" თავდასხმაც იდეალურად აწყობილ მექანიზმს მოგაგონებდათ და ეს იმის მიუხედავად, რომ მესამე მეოთხედის დიდი ნაწილი ტონი პარკერმა გასახდელში გაატარა, სადაც ექიმები მის დაზიანებულ მუხლს ამოწმებდნენ. ფრანგის არყოფნა მასპინძლებმა უმტკივნეულოდ გადაიტანეს და მისი მოედნიდან გასვლის შემდეგ ბურთის გათამაშება უფრო სწრაფად დაიწყეს.

მესამე მეოთხედის ბოლოს ლებრონის ზედიზედ შვიდმა ქულამ გარკვეული იმედები ჩაუსახა "მაიამის", რადგან ბოლო მეოთხედის წინ 15-ქულიანი ჩამორჩენა ისეთი კატასტროფული არ ჩანდა. მაგრამ მეოთხე მეოთხედის დასაწყისში მასპინძლების 13:0 გაქცევის შემდეგ გამარჯვებულის შესახებ საკითხი მოიხსნა დღის წესრიგიდან.

ამ მატჩის შემდეგ ექსპერტები "სან ანტონიოში" ახალი "დიდი ტრიოს" ჩამოყალიბებაზე ალაპარაკდნენ. ის ცოტა ხნის წინ ყველასთვის უცნობი და მეორეხარისხოვანი კალათბურთელებისგან არის შემდგარი. სამი წლის წინ გარი ნილი (10-დან 6 სამქულიანი ჩააგდო) "ბენეტონში" თამაშისას ვერც იფიქრებდა, რომ მანუ ჯინობილის გზას გაივლიდა და NBA-ს ფინალში ითამაშებდა. ასევე სამი წლის წინ დენი გრინი (9-დან 7 სამქულიანი), როგორც გამოუსადეგარი კალათბურთელი, "კლივლენდიდან" გააგდეს. მაშინ ამ გუნდში ლებრონ ჯეიმსი თამაშობდა, კავაი ლეონარდს კი მაშინ ჯერ დაწყებულიც არ ჰქონდა პროფესიული კარიერა.

1985 წლიდან, როცა NBA ფინალურ სერიებში 2-3-2 ფორმატზე გადავიდა, 1:1-ზე მესამე მატჩში გამარჯვება, პრაქტიკულად, სერიის მოგებას ნიშნავს. ასე იყო 13-დან 12 შემთხვევაში. ერთადერთი გამონაკლისი კი... "მაიამია", რომელმაც 2:1-დან წააგო სერია "დალასთან". ახლა, ტრადიციის დარღვევისთვის, ოღონდ დადებითი კუთხით, ფლორიდელებმა მინიმუმ ერთი მატჩი უნდა მოიგონ სან ანტონიოში; არადა, რეგულარულ ჩემპიონატებში ტექსასში მხოლოდ სამჯერ აქვთ მოგებული და 22 მარცხი დაუგროვდათ.

სან ანტონიო-მაიამი 113:77
24:20, 26:24, 28:19, 35:14
ს-ა: გრინი (27), ნილი (24+3 პასი), ლეონარდი (14+12 მოხსნა+4 ჩაჭრა), დანკანი (12+14 მოხსნა).
მ: უეიდი (16+5 პასი+4 ჩაჭრა), ჯეიმსი (15+11 მოხსნა+5 პასი), მილერი (15), ბოში (12+10 მოხსნა+4 პასი+3 დაფარება).
სერია: 2-1

კიდი ბრუკლინს მიუახლოვდა
როგორც Yahoo! Sports წერს, "ბრუკლინ ნეტსის" ხელმძღვანელობამ, შესაძლოა, უკვე ამ კვირას დანიშნოს მთავარ მწვრთნელად ჯეისონ კიდი. ლეგენდარული გამთამაშებლის სამწვრთნელო შტაბში, სავარაუდოდ, "ნეტსის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, ლოურენს ფრენკსა და "დეტროიტის" მწვრთნელის ასისტენტს, როი როჯერსს ვიხილავთ.

"ბრუკლინის" გენერალური მენეჯერი ბილი კინგი აპირებს მწვრთნელობის კიდევ ერთ კანდიდატთან - ბრაიან შოუსთან შეხვედრას, თუმცა ეს შეიძლება არც მოხდეს, რადგან შოუ ერთი დღით ადრე "კლიპერსის" ხელმძღვანელობას ხვდება და ამ კლუბის მთავარი მწვრთნელის როლი მისთვის პრიორიტეტულია.

* * *
კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა "ბრუკლინთან" დაკავშირებით. რუსი მილიარდერი და პარტია "სამოქალაქო პლატფორმის" ლიდერი მიხაილ პროხოროვი იძულებული იქნება, გაყიდოს "ნეტსის" აქციათა საკუთარი პაკეტი, თუ გადაწყვეტს მოსკოვის მერის არჩევნებში მონაწილეობას. საქმე ისაა, რომ რუსეთში მიიღეს კანონი, რომელიც უკრძალავს რუს ჩინოვნიკებსა და მათი ოჯახების წევრებს უცხოეთში ანგარიშების გახსნას.

ამჟამად პროხოროვის მფლობელობაშია "ბრუკლინის" აქციათა 80 პროცენტი და კლუბის არენის, Barclays Center-ის 55 პროცენტი.

* * *
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ლეგენდარული ცენტრი პატრიკ იუინგი "შარლოტ ბობკეტსის" მთავარი მწვრთნელის - სტივ კლიფორდის ასისტენტი გახდა.

იუინგს ამ პოსტზე მუშაობის რვაწლიანი გამოცდილება აქვს: ის მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო "ჰიუსტონსა" (2003-08) და "ორლანდოში" (2008-12). ორივე შემთხვევაში, იუინგის პარტნიორი სამწვრთნელო შტაბში კლიფორდი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. ფინალი: გუნდური თამაში უკეთესია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული