შეხვედრის დასაწყისი მოულოდნელი გამოვიდა: გრეგ პოპოვიჩმა პირველი შეცვლა 47 წამზე გააკეთა, როცა მიხვდა, რომ ტიაგო სპლიტერი აშკარად ზედმეტი იყო დაცვაში "ჰიტის" "პატარა" და მოძრავი ხუთეულის წინააღმდეგ. მოედანზე გერი ნილი გამოვიდა და მაშინვე ჩააგდო სამქულიანი - 10:3 მასპინძლების სასარგებლოდ. ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ტონი პარკერი, რომლის თამაში მეოთხე მატჩში ეჭვქვეშ იყო.
მაგრამ, როგორც კი პარკერი ორი წუთით სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, სტუმრებმა მაშინვე გაათანაბრეს ანგარიში. ლებრონ ჯეიმსმა დაიწყო იმის კეთება, რასაც მისგან ექსპერტები ითხოვდნენ - ჯიუტად ფარქვეშ შესვლა. თუმცა "ჰიტი" წინ ჯეიმსის საშუალო მანძილიდან ტყორცნით გავიდა - 23:21 სასტარტო მეოთხედის დასრულებამდე ორი წუთით ადრე.
"სან ანტონიოს" რიგებში მხოლოდ პარკერის გამოყოფა შეიძლებოდა, მისი ვეტერანი პარტნიორები - ტიმ დანკანი და მანუ ჯინობილი კი აშკარად ჩრდილში იმყოფებოდნენ. ტიმმა მხოლოდ პირველი ტაიმის ბოლოს გაიღვიძა და მისმა ორმა ზუსტმა სროლამ მასპინძელ ფანებს იმედი დაუბრუნა. რაც შეეხება ჯინობილის, მან ნაადრევი სამი პერსონალური მიიღო და დიდი ხნით დაჯდა სათადარიგოთა სკამზე. პირველი ტაიმი ფრედ დასრულდა და მასპინძლებისთვის ეს დიდი მიღწევა იყო, რადგან საკუთარ სამწამიანში ტექსასელები აშკარად აგებდნენ ბრძოლას ფლორიდელთა "დიდ ტრიოსთან".
მეორე ტაიმში გაგრძელდა "სპურსის" არადამაჯერებელი თამაში და სტუმრების უპირატესობა ნელა, მაგრამ მაინც იზრდებოდა. საფინალო სირენამდე შვიდი წუთით ადრე, მოქმედმა ჩემპიონმა იმ მომენტისთვის მატჩში ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა - "პლუს 11". ამის შემდეგ, "სან ანტონიოს" თამაშის შემოტრიალების არანაირი ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ჯეიმსი და უეიდი პრაქტიკულად აღარ აცილებდნენ, დანკანისა და პარკერის (რომელმაც ბრწყინვალე პირველი ტაიმის შემდეგ, ჩააგდო მეორე ნახევარი) სახეებზე კი იმედგაცრუება საფინალო სირენამდე კარგა ხნით ადრე გამოიხატა. გრეგ პოპოვიჩმა როტაციით სცადა სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა, ბოლო კი მოედანზე მასპინძლების ღრმა რეზერვისტებიც გამოჩდნენ დეჟუან ბლერისა და ნანდო დე კოლოს სახით.
"დიდი ტრიოს" გარდაცვალების შესახებ ჭორები აშკარად გადამეტებულია", - განაცხადა მატჩის შემდეგ "მაიამის" მფლობელმა მიკი არისონმა. და რთულია მას არ დაეთანხმო. ჯეიმსმა, უეიდმა და ბოშმა ერთად 85 (!) ქულა დააგროვეს - რვით ნაკლები, ვიდრე "სან ანტონიოს" ყველა მოთამაშემ. გარდა ამისა, ამ სამეულის ანგარიშზე მეტოქე გუნდზე ექვსით ნაკლები მოხსნა მოდიოდა.
სან ანტონიო-მაიამი 93:109
26:29, 23:20, 27:32, 17:28
ს-ა: დანკანი (20+5 მოხსნა), პარკერი (15+9 პასი), ნილი (13), ლეონარდი (12+7 მოხსნა), გრინი (10+4 პასი).
მ: ჯეიმსი (33+11 მოხსნა+4 პასი), უეიდი (32+6 მოხსნა+6 ჩაჭრა+4 პასი), ბოში (20+13 მოხსნა), ალენი (14).
სერია: 2-2
ლებრონმა ორს გაუსწრო
ფინალური სერიის მეოთხე მატჩის შემდეგ, "მაიამის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა პლეი ოფის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში საუკეთესო ათეულში შეაღწია. "სან ანტონიოს" წინააღმდეგ "მეფემ" 33 ქულა დააგროვა და მისმა საერთო მონაგარმა 3777 ქულა შეადგინა. ამით ლებრონმა ორ კალათბურთელს - ჰაკიმ ოლაჟუონსა (3755) და ჯონ ჰავლიჩეკს (3776) გაუსწრო და მეცხრე ადგილზე დამკვიდრდა.
TOP10
1. მაიკლ ჯორდანი 5 987
2. ქარიმ აბდულ-ჯაბარი 5 762
3. კობი ბრაიანტი 5 640
4. შაკილ ო'ნილი 5 250
5. კარლ მელოუნი 4 761
6. ტიმ დანკანი 4 543
7. ჯერი უესტი 4 457
8. ლარი ბერდი 3 897
9. ლებრონ ჯეიმსი 3 777
10. ჯონ ჰავლიჩეკი 3 776
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
NBA. ფინალი: სან ანტონიოში 16 ბომბი გაისროლეს