2013-14 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, "ნიქსის" ფორვარდმა, შესაძლოა, გამოიყენოს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის პუნქტი. ამით, ის უარს იტყვის 24.4 მილიონ დოლარზე, რომელიც კონტრაქტით გათვალისწინებული ბოლო სეზონისთვის უნდა მიიღოს. თავის მხრივ, "ლეიკერსს" შეუძლია ენტონის შესთავაზოს ოთხწლიანი კონტრაქტი, რომლის საერთო ღირებულება იქნება 100.5 მილიონი დოლარი,
* * *
ამასობაში ცნობილი გახდა, რომ "ლეიკერსმა" კონტრაქტის დეტალები შეათანხმა ვეტერან ცენტრთან კრის კამანთან. ხელშეკრულება ერთწლიანია, თუმცა პრესისთვის უცნობი დარჩა ხელფასის ოდენობა.
2012-13 წლების სეზონში, კამანი "დალასის" ღირსებას იცავდა და საშუალოდ 10.5 ქულასა და 5.6 მოხსნას აგროვებდა.
ასევე ირკვევა, რომ "ლეიკერსის" ხელმძღვანელობა ფორვარდ მეტა უორლდ პისის კონტრაქტის გამოსყიდვასა და კალათბურთელის გუნდიდან გაშვებას აპირებს. ამგვარი სვლა კალიფორნიელებს 30 მილიონი დოლარის ეკონომიას მოუტანს.
ფოიე "იუტადან" "დენვერში"
გაირკვა ფორვარდ ანდრე იგუოდალას "გოლდენ სტეიტში" გადასვლის დეტალები. კერძოდ, განხორციელდება სამმაგი გაცვლა, რომლის მიხედვითაც, "უორიორზი" მიიღებს იგუოდალას, შემტევი მცველი რენდი ფოიე "იუტადან" "დენვერში" გადავა, "ჯაზს" კი "გოლდენ სტეიტისგან" ერგება 2018 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩევის უფლება.
ამ გარიგების თანახმად, ფოიე მიიღებს სამწლიან და 9-მილიონიან კონტრაქტს, იგუოდალასთან კი გაფორმდება 4-წლიანი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, კალათბურთელი 48 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. ორივე მოთამაშის ტრეიდი განხორციელდება sign-and-trade-ის სქემით.
უოლასი მწვრთნელობას იწყებს
გაზეთ The Detroit News-ის ცნობით, "დეტროიტ პისტონზის" მოთამაშე რაშიდ უოლასი 2013-14 წლების სეზონში ამ გუნდის სამწვრთნელო შტაბში დაიკავებს ადგილს. როგორც იტყობინებიან, უოლასმა უკვე გამართა მოლაპარაკებები "პისტონზის" ხელმძღვანელობასთან.
შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს რაშიდმა მოთამაშის კარიერა განაახლა და სეზონი "ნიუ იორკ ნიქსის" შემადგენლობაში ჩაატარა.
"უორიორზმა" სპეიტსი დაიმატა
როგორც სააგენტო AP წერს, "გოლდენ სტეიტმა" შეთანხმებას მიაღწია ცენტრ მარის სპეიტსთან. კონტრაქტის დეტალები პრესისთვის უცნობი დარჩა.
გასულ სეზონს სპეიტსი "კლივლენდის" რიგებში ასრულებდა. მისი საშუალო სტატისტიკა 10.2 ქულასა და 5.1 მოხსნას უდრიდა.
სპანულისი "ოლიმპიაკოსში" დარჩა
ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელი ვასილის სპანულისი კონტრაქტს გააგრძელებს თავის ამჟამინდელ კლუბთან, ბოლო ორი ევროლიგის გამარჯვებულ "ოლიმპიაკოსთან".
ბერძენმა მცველმა შარშანდელ ტურნირზე 31 მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 14.7 ქულა და 5.5 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ფინალში მადრიდის "რეალის" წინააღმდეგ, სპანულისმა 22 ქულა დააგროვა. 2012-13 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, გაჩნდა ჭორები იმის შესახებ, რომ მცველზე პრეტენზიას ცსკა და "ბარსელონა" აცხადებდნენ, მაგრამ კალათბურთელმა ევროპის უძლიერეს კლუბთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება ამჯობინა.
"ჩვენმა კლუბმა ძალიან მაღლა ასწია თამასა, როცა ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ქმნიდა ისტორიას და ახლა, უფრო დიდ სიმაღლეებს უნდა მივაღწიოთ. მეტი სათქმელი არაფერია - ბევრი მუშაობა გველის მოედანზე", - განაცხადა სპანულისმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
დიდი ამბები NBA-ში