დერიკ როუზი ამერიკის ნაკრებს დაუბრუნდება

AutoSharing Option
"ჩიკაგო ბულზის" გამთამაშებელი დერიკ როუზი, შესაძლოა, აშშ-ი ნაკრებში 2014 წელს დაბრუნდეს, ესპანეთში მსოფლიოს პირველობაზე სათამაშოდ, - იტყობინება USA Today.

როუზი, რომელმაც 2010 წელს, აშშ-ის ნაკრებთან ერთად მოიგო მსოფლიოს ჩემპიონატის ოქროს მედალი, 2012-13 წლების სეზონი მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის გამო გამოტოვა. ამჟამად, გამთამაშებელი არ მონაწილეობს ამერიკის ნაკრების საწვრთნელ შეკრებაში, რომელიც ლას ვეგასში იმართება.

აშშ-ის ნაკრების გენერალურმა მენეჯერმა ჯერი კოლანჯელომ როუზის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და განაცხადა, რომ "ბულზის" ლიდერის მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობა კალათბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და თავად მის სურვილზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ,
რომ რამდენიმე დღის წინ, "ჩიკაგო ბულზის" მთავარმა მწვრთნელმა ტომ ტიბოდომ განაცხადა, რომ როუზი სრულად გამოჯანმრთელდა და მზად არის ახალი სეზონის დასაწყებად.

ანტიჩი "ატლანტაში" წავიდა
მაკედონიელი მძიმე ფორვარდი პერო ანტიჩი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში გააგრძელებს კარიერას. კალათბურთელის აგენტის მიშკო რაზნატოვიჩის ინფორმაციით, 30 წლის ანტიჩი "ატლანტასთან" გააფორმებს კონტრაქტს.

პერო ანტიჩი, რომელიც ბოლო ორი სეზონი საბერძნეთის "ოლიმპიაკოსში" თამაშობდა, აშშ-ში დღეს გაემგზავრება სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად. ხელშეკრულების სქემაა - "1+1".

* * *
ვეტერანმა ცენტრმა ჯერმეინ ო'ნილმა კარიერის გაგრძელება "გოლდენ სტეიტში" გადაწყვიტა. თავისუფალი აგენტის სტატუსში მყოფი კალათბურთელის კონტრაქტის დეტალებზე პრესა არაფერს იტყობინება.

ო'ნილმა გასული სეზონი "ფინიქსის" რიგებში გაატარა. რეგულარული ჩემპიონატის 55 მატჩში მისი სტატისტიკა 8.3 ქულა და 5.3 მოხსნა იყო.

ოფიციალურად: ნახბარი ბარსელონელია
როგორც მოსალოდნელი იყო, გამოცდილმა ბოსტჯან ნახბარმა "ბარსელონას" წინადადება მიიღო. კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, რომ 33 წლის სლოვენიელთან "1+1" სისტემით გაფორმდება ხელშეკრულება.

გასულ სეზონში ნახბარი ევროლიგის მატჩებში საშუალოდ 16.1 ქულასა და 3.4 მოხსნას აგროვებდა.

შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, "ბარსელონა" მეოთხე ნომრის პოზიციაზე "კახა ლაბორალის" ფორვარდის ნემანია ბიელიცას გადაბირებას აპირებდა, მაგრამ გარიგება ჩაიშალა.

ნახბარი "ბარსელონას" მესამე ახალწვეულია. უფრო ადრე ესპანურმა სუპერკლუბმა ბერძენი ფორვარდი კოსტას პაპანიკოლაუ და ამერიკელი "ბიგმენი" ჯოი დორსი გაიფორმა.

* * *
ავსტრალიელმა ფორვარდმა ჯო ინგლზმა ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა თელ-ავივის "მაკაბისთან". ამ კალათბურთელმა ბოლო სამი სეზონი "ბარსელონას" რიგებში გაატარა. ახალ კლუბში მისი ხელფასი წელიწადში 800 ათასი დოლარი იქნება.

"ინგლზს დიდი პოტენციალი აქვს. და იმედია, რომ ჩვენთან ის ბოლომდე გაიხსნება", - განაცხადა ისრაელის ჩემპიონის დამრიგებელმა დევიდ ბლატმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დერიკ როუზს პირველივე მატჩში ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული