NBA. რეგულარული ჩემპიონატი: როცა მელოს 45 ქულა საკმარისი არ არის

AutoSharing Option
წინა დღეს "ატლანტას" დამარცხება არ გახდა "ნიუ იორკისთვის" კრიზისის დასასრული. წაგებათა სერია შეწყდა, მაგრამ გრძელდება საშინაო წარუმატებლობების სერია.

მაიკ ვუდსონის გუნდი "მედისონ სკვერ გარდენში" მეოთხედ დამარცხდა, "ჰიუსტონთან" კი მიჯრით მერვე დაპირისპირებ დათმო. და ეს იმ დროს, როცა ანდრეა ბარნიანიმ დაცვაში შესანიშნავად ითამაშა და დუაიტ ჰოვარდს მხოლოდ 7 ქულა დააგროვებინა, კარმელო ენტონიმ კი ამ სეზონში სარეკორდო 45 ქულა დააგროვა.

"ნიქსი" ვერ გაუმკლავდა ჰარდენის, პარსონსისა და ლინის ტრიოს. პირველმა 36 ქულა დააგროვა და მეოთხე მეოთხედში გადამწყვეტი გაქცევის (11:2) ინიციატორი გახდა. პირველი და
მეორე მეოთხედების მიჯნაზე, სტუმრებმა 21:10 სპურტი მოაწყვეს. მელომ ზედიზედ ექვსი ქულით უპასუხა, მაგრამ მეტოქის რიგებში პარსონსმა ორ წუთში 11 ქულა დააგროვა და სხვაობა 12 ქულამდე გაზარდა. როგორც "ნიქსის" შემთხვევაში ხშირად ხდება, გუნდი უცებ "აფეთქდა" და ენტონიმ და ბარნიანიმ ერთობლივი ძალისხმევით ერთ ქულამდე შეამცირეს სხვაობა.

დიდი შესვენების შემდეგ, იტალიელმა "ნიუ იორკი" წინ გაიყვანა, მაგრამ არასტაბილურმა მასპინძლებმა მაშინვე 1:12 გაქცევა გაუშვეს და კვლავ მდევრის როლში აღმოჩდნენ. და "ნიქსმა" ისევ შეძლო თამაშის ბედი შემოტრიალება. მასპინძლები კარგად თამაშობდნენ ფარქვეშ, ექვსი შედეგიანი პასით მეტი გააკეთეს, მაგრამ ჰარდენის რეგულარული საჯარიმოები მოუგვარებელი პრობლემა გახდა. ასევე დიდი როლი ითამაშა ნიუიორკელთა დამარცხებაში ლინმა. ბოლო მეოთხედის პირველ ხუთ წუთში ჯერემიმ 9 ქულა დააგროვა. ბოლო ორ წუთში, იმავე კარმელომ და ბარნიანიმ, რომლებსაც ჰარდუეიც შეუერთდა, ანგარიში გაათანაბრეს.

პარსონსმა და ლინმა თავიანთი საქმე გააკეთეს, ჯერი ჰარდენზე მიდგა, მაგრამ მის აქტიურობას ენტონიმ უპასუხა. სირენამდე ორი წუთით ადრე, სტუმრები ორი ქულით იგებდნენ. მაგრამ ჯერ ჰარდენმა, შემდეგ კი ჰოვარდმა ზუსტად შეასრულეს საჯარიმოები. იმავე ენტონის ჰქონდა თანაფარდობის აღდგენის შანსი, მაგრამ სამქულიანის ნაცვლად, ორი საჯარიმოს ტყორცნა მოუწია. საბოლოოდ, "ნიქსმა" ვერ შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა. მელოს ბრწყინვალე თამაში და ბარნიანის ღირსეული გამოსვლა გადაფარა "ჰიუსტონის" წამყვანი მოთამაშეების შესანიშნავმა მოქმედებამ.

სხვათა შორის, ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია "ჰიუსტონის" თურქ ცენტრს ომერ აშიქს. როგორც ამერიკული პრესა წერს, მან კლუბს ოფიციალური თხოვნით მიმართა გაცვლის თაობაზე. მიზეზი კი გახლავთ მკვეთრად შემცირებული სათამაშო დრო. ჟურნალისტებმა ისიც გაარკვიეს, რომ "ჰიუსტონი" არ აპირებს აშიქთან გამოთხოვებას.

ნიუ იორკი-ჰიუსტონი 106:109
23:28, 29:25, 20:22, 34:34
ნ-ი: ენტონი (45+10 მოხსნა), ბარნიანი (24), სმიტი (15+8 მოხსნა+3 ჩაჭრა).
ჰ: ჰარდენი (36+9 მოხსნა), პარსონსი (22), ლინი (21+5 მოხსნა), ჰოვარდი (7+15 მოხსნა+4 დაფარება).

კალათბურთის ზეიმი იგუოდალამ მოიგო
წლევანდელი რეგულარულის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი გაიმართა ოკლენდში. "გოლდენ სტეიტი" "ოკლაჰომას" მასპინძლობდა და, როგორც წესი, მათი დაპირისპირება შედეგიანი და დაძაბული გამოვიდა.

პირველივე მეოთხედში გუნდებმა ფანტასტიკური სიზუსტის დემონსტრირება დაიწყეს. "თანდერმა" სასტარტო 12 წუთში სროლების 68 პროცენტი გამოიყენა, მაგრამ მატჩის საწყისი მონაკვეთი მხოლოდ ერთი ქულით მოიგო. ეს 8 შეცდომის ბრალი იყო, რაც სტუმრებს 9 გაშვებულ ქულად დაუჯდათ. მეორე მეოთხედში 60-ზე მეტი პროცენტით ჩაგდება უკვე მასპინძლებმა დაიწყეს. განსაკუთრებით ინდომებდნენ კარი, ტომპსონი და ლი, რომლებმაც სერიოზული პრობლემები შეუქმნეს მეტოქეს.

"უორიორზს" სამქულიანების რეალიზაციის მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა - 11-დან ცხრა პირველ ტაიმში. ისევე, როგორც წინა დღეს "კლიპერსთან" მატჩში, "ოკლაჰომამ" ჩააგდო მესამე მეოთხედი. დურანტმა ხუთივე ტყორცნა ააცილა, "გოლდენ სტეიტმა" კი ამ 12 წუთში ცხრიდან ხუთი სამქულიანი გამოიყენა. "ოკლაჰომას" დაცვა დაიშალა.

სირენამდე შვიდი წუთით ადრე, "უორიორზი" 106:92-ს იგებდა, მაგრამ, როგორც ეს ხშირად ხდება,მოახლოებულმა გამარჯვებამ ცუდი სამსახური გაუწია "მეომრებს". დარჩენილ დროში მათ 15-დან 12 ტყორცნა ააცილეს, მეტოქისგან გაქცევა და "+2"-ზე რასელ უესტბრუკის სამქულიანი მიიღეს!

მასპინძლებს თამაშის გადასარჩენად 2.3 წამი რჩებოდათ. ბევრს ლოგიკურად ეგონა, რომ მარკ ჯექსონი ბოლო შეტევის დასრულებას სტივენ კარის მიანდობდა. მაგრამ გადამწყვეტი ტყორცნა ანდრე იგუოდალამ შეასრულა, რომელსაც დურანტი და ტაბო სეფოლოშა ერთდროულად იჭერდნენ. და ჩააგდო!

მატჩის დასრულების შემდეგ, სერჟ იბაკა და კევინ დურანტი ჯიუტად უყურებდნენ მსაჯის მონიტორზე ბოლო მომენტს და ვერ იჯერებდნენ, რომ "ოკლაჰომამ" ხელიდან გაუშვა თითქმის განაღდებული გამარჯვება.

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 116:115
32:33, 30:29, 33:24, 21:29
გ-ს: ტომპსონი (27+5 მოხსნა+3 დაფარება), კარი (22+9 პასი+5 მოხსნა), ლი (20), ბარნსი (16), იგუოდალა (14+9 პასი).
ო: უესტბრუკი (31+9 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), იბაკა (27+13 მოხსნა+3 დაფარება), დურანტი (20+8 პასი+7 მოხსნა), ჯექსონი (12+5 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: უცნაური ტრიპლ-დაბლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული