NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის შედეგები

AutoSharing Option
კვირის მოთამაშე - პორტლენდი
ამ ზაფხულს, "ბლეიზერსმა", როგორც იქნა, სრულფასოვანი მეექვსე მოთამაშე მიიღო მო უილიამსის სახით. ასე რომ, ლილარდსა და ოლდრიჯს შეუძლიათ პერიოდულად ამოისუნთქონ თამაშების მსვლელობისას. ერთბაშად ხუთმა მოთამაშემ ითამაშა გასულ კვირას მაღალ დონეზე - საშუალოდ 13 ქულას აგროვებდა მატჩში. ასეთმა შედეგიანობამ "პორტლენდს" ზედიზედ ოთხი მატჩი მოაგებინა. ეს სერია უფრო სუსტი აღმოსავლეთი კონფერენციის გუნდების დამარცხებაზე მოდის - ორეგონელებმა სძლიეს "ბოსტონს", "ტორონტოს", "ბრუკლინს"... ამ მომენტისთვის, ტერი სტოტსის შეგირდების გამარჯვებათა სერია შვიდ მატჩს უტოლდება.

კვირის მოთამაშე - ლებრონ ჯეიმსი
ლიგის მოქმედმა MVP-მ,
როგორც ყოველთვის, თავისი უნივერსალური თვისებები გამოავლინა, როცა საშუალოდ 4.3 მოხსნას, 4.0 შედეგიან გადაცემასა და 4.0 შეცდომას მოუყარა თავი. თუმცა მისი შედეგიანობა უფრო მეტად კომპიუტერული თამაშის სტატისტიკას ჰგავდა, ვიდრე რეალურ კალათბურთს. ჯეიმსი საშუალოდ 34 ქულას აგროვებდა, თამაშიდან 70 პროცენტის სიზუსტით ისროდა და სამქულიანების 62.5 პროცენტს ათავსებდა კალათში. "მაიამის" სამივე შეხვედრა ფლორიდელთა გამარჯვებით დასრულდა.

კვირის ახალბედა - ვიტორ ფავერანი
გასულ კვირას, არც ერთი დებიუტანტი არ ყოფილა გამორჩეული სტატისტიკის მხრივ, ამიტომაც უნდა შევჩერდეთ "ბოსტონის" ბრაზილიელ ფორვარდ ვიტორ ფავერანიზე. სალინჯერის დაბრუნებასთან ერთად, მას უფრო ნაკლები სათამაშო დრო აქვს, მიუხედავად ამისა, სამხრეთამერიკელი საკმაოდ სასარგებლოა მისთვის განკუთვნილ 20 წუთში. "კელტებმა" გასულ კვირას სამივე მატჩი წააგეს, მაგრამ ბრაზილიელი ბიგმენი საშუალოდ 8.3 ქულას, 8.7 მოხსნას, 1.3 დაფარებასა და 1.0 ჩაჭრას აგროვებდა თამაშიდან 42-პროცენტიანი რეალიზაციით.

კვირის ტრავმა
"მილუოკის" ლაზარეთი ისედაც სავსეა, გასულ კვირას კი კერონ ბატლერის ტრავმას ვეტერანი მოთამაშის დაზიანება დაემატა. კარლოს დელფინო, რომელმაც ამ ზაფხულს 6.5 მილიონის ღირებულების ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ირმებთან", ამ სეზონში ვეღარ გავა მოედანზე. მას ოპერაცია ელის მარჯვენა ფეხზე.

ექიმების პროგნოზით, არგენტინელი 4-6 თვეში დაბრუნდება მოედანზე, მაგრამ ასეთი თამაშით, "მილუოკი" პლეი ოფში ვერ გავა და შესაბამისად, დელფინო 2014-15 წლების სეზონს უნდა დაელოდოს.

დავამატებთ, რომ გასულ კვირას, ასევე გამოეთიშა რეგულარულს სტივ ნეში, რომელმაც ხერხემალი დაიზიანა და მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს. ასევე უცნობია დერონ უილიამსის აღდგენის ვადები, რომელმაც კოჭი იტკინა "ფინიქსთან" მატჩში.

კვირის რეკორდი
"საკრამენტომ" შეიცვალა მფლობელი, ახალი კონტრაქტი გააფორმა დემარკუს კაზინსთან, დაიქირავა ახალი მენეჯმენტი და აიყვანა ახალი მთავარი მწვრთნელი, მაგრამ გუნდის თამაში ძველ დონეზე რჩება. მხოლოდ "კინგზის" ფანები არიან მოწოდების სიმაღლეზე და საყვარელი გუნდის წარუმატებელი თამაშის მიუხედავად, სიამოვნებას იღებენ მატჩებზე დასწრებისგან. "დეტროიტთან" მატჩის შესვენებაზე, მაყურებელმა გინესის ახალი რეკორდი დაამყარა დახურული არენისთვის ხმაურის დონის მიხედვით. წინა რეკორდი "მილუოკის" ეკუთვნოდა, რომელიც 2008 წელს იყო დამყარებული.
ახალი რეკორდის ინიციატორთა ჯგუფი სპეციალურად ემზადებოდა ამ მოვლენისთვის, რომელსაც პირდაპირ ეთერში გადასცემდა ESPN.

კვირის ფრაზა
"დალასთან" მატჩში ლებრონ ჯეიმსმა 39 ქულა დააგროვა, არადა, თამაშიდან მხოლოდ 18 ტყორცნა შეასრულა. უფრო ადრე, რუდი გეიმ 37 სროლით 20 ქულა მიითვალა. "მაიამის" ლიდერს ჰკითხეს თამაშიდან 37 სროლის თაობაზე, რაც მის კარიერაში მხოლოდ ერთხელ მომხდარა:

"მე თითქმის 40 ქულა დავაგროვე 18 სროლისას. თუ 37-ჯერ ვისვრი, თავისუფლად შემიძლია 60 ქულამდე ავიდე", - აღნიშნა ლებრონმა, რომელმაც "მაიამიში" თამაშისას მხოლოდ ორჯერ შეასრულა 30-ზე მეტი სროლა.

კვირის ნაკრები
გამთამაშებელი: რასელ უესტბრუკი (ოკლაჰომა), კრის პოლი (კლიპერსი);
შემტევი მცველი: არონ აფლალო (ორლანდო), დემარ დეროზანი (ტორონტო);
მსუბუქი ფორვარდი: ლებრონ ჯეიმსი (მაიამი), კარმელო ენტონი (ნიუ იორკი);
მძიმე ფორვარდი: კევინ ლავი (მინესოტა), ბლეიკ გრიფინი (კლიპერსი);
ცენტრი: მარკ გასოლი (მემფისი), როი ჰიბერტი (ინდიანა).

ნეში წასვლაზე დაფიქრდა
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ვეტერანი გამთამაშებლის სტივ ნეშის სხეული უკვე ვეღარ უძლებს დიდ დატვირთვებს. ამიტომაც, ზურგის ქრონიკულ ტრავმასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, კანადელი კალათბურთელი NBA-ში კარიერის დასრულებაზე ფიქრობს.

იმ შემთხვევაში, თუ ნეში ნაადრევად დაასრულებს თამაშს, "ლეიკერსი" იძულებული იქნება მას კონტრაქტით გათვალისწინებული სრული თანხა, კერძოდ კი 9.7 მილიონი დოლარი გადაუხადოს. ასე რომ, კალიფორნიული გრანდი მომავალ სეზონში ამ თანხას "არაფერში" გადაიხდის.

თუმცა, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში არსებობს წესი, რომელიც მიხედვითაც, "ლეიკერსს" შეუძლია ნეში ტრანსფერზე დააყენოს და ეს თანხა სამი სეზონის განმავლობაში გადაუხადოს.

მიმდინარე სეზონში სტივმა "ლეიკერსის" რიგებში მხოლოდ ექვსი მატჩი ჩაატარა და საშუალოდ, 6.7 ქულა და 4.8 შედეგიანი პასი დააგროვა 22.5 წუთში.

კობის ნოემბერში ვარაუდობენ
შორს არ არის ის დღე, როცა "ლოს ანჯელეს ლეიკერსის" ლიდერი კობი ბრაიანტი პირველ ოფიციალურ შეხვედრას ჩაატარებს შვიდთვიანი პაუზის შემდეგ, რომელიც აქილევსის მყესის გაწყვეტით იყო გამოწვეული. კალათბურთელმა გუნდთან ერთად ორი სრულფასოვანი ვარჯიში ჩაატარა და არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მოედანზე ამ თვის ბოლოს დაბრუნდეს.

"მე შევძელი საკუთარი კალათბურთის სრულყოფა და უკვე დღეს შემიძლია უმაღლეს დონეზე თამაში", - განაცხადა ბრაიანტმა, რომელმაც ისიც დაამატა, რომ მაქსიმალურად ცდილობს დააჩქაროს დაბრუნება რეგულარულ ჩემპიონატში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ექიმებმა კობი ბრაიანტს აუწყეს, რომ მისი სხეული ყველანაირი დატვირთვისთვის მზად არის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ლებრონის აღიარება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული