NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ნიუიორკული კრიზისი გრძელდება

AutoSharing Option
"ბრუკლინ ნეტსი" უკვე ისეთ მდგომარეობაშია, რომ შარლოტში შეწყდა მისი შვიდმატჩიანი მოგებათა სერია ადგილობრივ კლუბთან.

"ნეტსს" არ უშველა დერონ უილიამსის დაბრუნებამაც. თუმცა დაბრუნება არასრულფასოვანი და უიღბლო გამოდგა, რადგან გამთამაშებელმა მოედანზე მხოლოდ 13 წუთი გაატარა, შემდეგ კემბა უოკერს შეეჯახა და ისევ გამოეთიშა რეგულარულს გაურკვეველი ვადით.

"ბრუკლინმა" დერონის გარეშე დიდხანს ვერ გაძლო და მესამე მეოთხედის სტარტზე გაუშვა "ბობკეტსის" 13:0 გაქცევა. ამის შემდეგ მასპინძლები მუდმივად წინ იყვნენ, სტუმრები კი გადარჩენას ანდრე ბლეტჩის (თამაშიდან - 7/7 და 17 ქულა მეორე ტაიმში) აქტიურობით ცდილობდნენ და თითქმის
გამოუვიდათ.

მეოთხე მეოთხედის ბოლოს, ბლეტჩის ზედიზედ ოთხი ზუსტი ტყორცნის შემდეგ, "ბრუკლინი" მეტოქეს ორ ქულამდე მიუახლოვდა, მაგრამ დრო თითქმის აღარ იყო და სტუმრებს უოკერზე დაჯარიმება მოუწიათ. მატჩის საუკეთესო მოთამაშემ საჯარიმოს ხაზიდან წერტილი დაუსვა შეხვედრას.

ასევე წააგო მეორე ნიუიორკულმა კლუბმა, ოღონდ გაცილებით სერიოზულ მეტოქესთან - "ინდიანა პეისერსთან", თან ოვერტაიმში. შეიძლება ეს დამატებითი დრო არც ყოფილიყო, "ნეტსის" კალათბურთელ იმან შამპერტს სულელური ჯარიმა რომ არ აეღო. მატჩის დასრულებამდე 9 წამით ადრე, ენტონის ორი საჯარიმოს შემდეგ, "ნიუ იორკის" უპირატესობა სამ ქულას შეადგენდა.

"პეისერსს" შორეული ტყორცნა ან ორი ქულა ჯარიმით სჭირდებოდა ოვერტაიმამდე მისაღწევად. თავის მხრივ, "ნიუ იორკს" უნდა ეზრუნა თავიდანვე ჯარიმის აღებისთვის, რათა სტუმრებს მხოლოდ ორი ქულის აღების შესაძლებლობა ჰქონოდათ. ეს კარგად იცოდნენ ინდიანელებმა და ამიტომაც, როგორც კი ჯორჯმა ბურთი მიიღო, სამქულიანი გაუშვა და მართალია, ააცილა, მაგრამ მისმა მეურვემ შამპერტმა დაარღვია თამაშის წესი და მატჩის გმირმა (ჯორჯმა 35 ქულა დააგროვა) სამი ჯარიმის უფლება მიიღო.

"ინდიანას" ლიდერი ნერვულ დაძაბულობას გაუმკლავდა და სამი ბურთი ჩააგდო, რითაც ანგარიში გაათანაბრა. ბოლო შეტევაში ენტონიმ ზუსტი სროლა ვერ შეძლო და გამარჯვებული ოვერტაიმში უნდა გამოვლენილიყო. დამატებით დროში ყველაფერი ისევ ჯორჯმა გადაწყვიტა, რომელმაც თავისი გუნდის 10 ქულიდან 9 თავის ანგარიშზე მიითვალა, მთლიანად "ნიქსმა" კი მხოლოდ 8 ქულა დააგროვა და ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო შინ.

შარლოტი-ბრუკლინი 95:91
30:29, 23:21, 30:20, 12:21
შ: უოკერი (31+5 მოხსნა), ჰენდერსონი (13+5 პასი), სეშენსი (13), ედრიენი (7+10 მოხსნა).
ბ: ბლეტჩი (25+7 მოხსნა), ჯონსონი (19), ანდერსონი (16), პირსი (12).

ნიუ იორკი-ინდიანა 96:103 (რ)
19:14, 23:23, 20:21, 27:31, 7:14
ნ-ი: ენტონი (30+18 მოხსნა), სმიტი (21+5 მოხსნა), უდრიხი (19+8 მოხსნა), ბარნიანი (10+8 მოხსნა).
ი: ჯორჯი (35+5 მოხსნა+5 ჩაჭრა), ჰილი (23+8 მოხსნა), უესტი (10+10 მოხსნა).

პოლი მეჯიქზე წინ
"კლიპერსის" წინააღმდეგ მატჩი ჩააგდეს "მინესოტას" წამყვანმა მოთამაშეებმა. ამ შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა იყო ბლეიკ გრიფინისა და კევინ ლავის დაპირისპირება, რომელიც, აშკარად, ლოსანჯელესელმა მოიგო. გრიფინმა 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა, ლავმა კი 14-დან მხოლოდ ორი ბურთი მოათავსა კალათში.

საერთოდ, "მინესოტამ" თამაშიდან მხოლოდ 38 პროცენტის სიზუსტით ისროლა და ამის მიუხედავად, "კლიპერსი" მთელი მატჩი მაინც ვერ გრძნობდა თავს მშვიდად. "მგლები" აგრესიულობით გადიოდნენ ფონს, აგრეთვე, ხშირად დგებოდნენ საჯარიმოს ხაზზე - მასპინძლებმა 31 თავისუფალი ტორცნა შეასრულეს, "კლიპერსმა" მხოლოდ - 16.

თანაბარი თამაში იქამდე გაგრძელდა, სანამ კრის პოლმა არ გაიბრწყინა. გენიალურმა გამთამაშებელმა სამმეოთხედნახევარი შედეგიანი პასების დარიგებას მოანდომა, ბოლო ხუთ წუთში კი 16 (!) ქულა დააგროვა (ზედიზედ ექვსი ტყორცნა გამოიყენა). ასეთ დარტყმაზე "მინესოტას" პასუხი არ აღმოაჩნდა, მით უმეტეს, რომ კევინ ლავის გარდა, ჩააგდო თამაში რიკი რუბიომ, რომელმაც მხოლოდ ხუთი ქულა დააგროვა.

კრის პოლი კი მატჩის შემდეგ არა მხოლოდ გამარჯვებას, არამედ NBA-ს ახალ რეკორდს ზეიმობდა. მას ახლა სეზონის სტარტზე ორმაგი დუბლების (იგულისხმება მინიმუმ 10 ქულა და პასი) ყველაზე გრძელი სერია აქვს, რომელიც 12 მატჩს უტოლდება. წინა რეკორდის ავტორი ლეგენდარული მეჯიქ ჯონსონი იყო - მან 1990 წელს, ჩემპიონატის პირველ 11 მატჩში დააგროვა მინიმუმ 10 ქულა და 10 პასი.

მინესოტა-კლიპერსი 98:102
24:24, 22:22, 21:25, 31:31
მ: მარტინი (28+10 მოხსნა), პეკოვიჩი (20+7 მოხსნა), ბრიუერი (17), ლავი (10+12 მოხსნა+8 პასი).
კ: გრიფინი (20+10 მოხსნა), პოლი (20+11 პასი+6 მოხსნა+4 ჩაჭრა), კროუფორდი (16), რედიკი (15+5 პასი), დადლი (11), ჯორდანი (4+12 მოხსნა).

უღიმღამო "სან ანტონიო"
თუ გადავხედავთ "ვაშინგტონისა" და "კლივლენდის" მატჩის ანგარიშს, შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩეს, რომ თამაში თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ, სინამდვილეში, მთელმა შეხვედრამ დედაქალაქელთა კარნახით ჩაიარა, რომელთა მაქსიმალურმა უპირატესობამ 27 ქულა შეადგინა.

პირველ სამ მეოთხედში ბილმა და კომპანიამ ტყორცნების 49 პროცენტი გამოიყენა მეტოქის 39 პროცენტის წინააღმდეგ. გარდა ამისა, უფრო მეტი ქულა აიღეს სწრაფი გარღვევებითა (18:4) და მეორე ტემპით (14:6). თამაშის სურათი მხოლოდ მეოთხე მეოთხედში შეიცვალა, რომელიც "ვაშინგტონმა" ჩააგდო, როცა 15-დან მხოლოდ 4 ბურთი მოათავსა კალათში და 5 შეცდომა დაუშვა.

თავის მხრივ, "კავალიერზმა" ირვინგის მონდომებით (ბოლო მეოთხედში 18 ქულა დააგროვა) ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ უფრო მეტის გაკეთება ვერ შეძლო, რადგან ნენემ და ბილმა იზრუნეს იმისთვის, რომ გამარჯვება "ვაშინგტონს" დარჩენოდა.

* * *
"ტორონტოში" გრძელდება დეროზანის პროგრესი. ბოლო დროს ეს კალათბურთელი შესანიშნავად გამოიყურება. 20 ნოემბერს ფორვარდმა 33 ქულა დააგროვა (თამაშიდან - 10/19, სამქულიანები - 3/5) და ის იყო "ფილადელფიასთან" გამარჯვების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი. გარდა ამისა, კანადელთა მოგება განაპირობა სამქულიანებით დაგროვილ ქულებში უპირატესობამ (14/29 7/20-ის წინააღმდეგ). "ტორონტოს" მაქსიმალური უპირატესობა 16 ქულას უდრიდა, "ფილადელფიამ" კი მეორე ტაიმში მხოლოდ 10 ქულამდე შეძლო მეტოქესთან მიახლოება.

* * *
"დეტროიტში" გადასვლის შემდეგ ატლანტაში პირველად დაბრუნდა ჯოშ სმიტი. მას და მის გუნდს თამაში არ წაუვიდათ, როგორც ეს ხშირად ხდება ამ სეზონში. სმიტმა 15-დან მხოლოდ ხუთი ბურთი მოათავსა კალათში და ოთხივე სამქულიანი ააცილა. "პისტონზი" ისევ საშინლად თამაშობდა დაცვაში და "ატლანტას" ნაკლები შეცდომა რომ დაეშვა (სულ 22 მატჩი), შეიძლება მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედამდე გადაწყვეტილიყო.

ასე კი მეოთხე მეოთხედის სტარტისთვის ანგარიში თანაბარი იყო, მაგრამ სტუმრებმა ხანგრძლივი უქულო სერია გამოაცხვეს, რასაც დაცვის ცუდი თამაში მოჰყვა და "ატლანტას" უპირატესობა სულ მალე 11 ქულამდე გაიზარდა. "დეტროიტმა" კი ამ დროს იმით გამოიჩინა თავი, რომ მსაჯთან კამათისთვის გააძევეს "პისტონზის" მთავარი მწვრთნელი ჩიქსი.

* * *
მშვიდად იგებს თავის შეხვედრებს და აგრძელებს დასავლეთში ლიდერობას "სან ანტონიო". 20 ნოემბერს "სპურსმა" ზედიზედ მერვე გამარჯვებას მიაღწია, სულ კი 11 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს. გრეგ პოპოვიჩის გუნდი მეთოდურად გაუსწორდა "ბოსტონს", რომელიც ძალიან არასტაბილურია. "კელტები" ოთხმატჩიან წაგებათა სერიას ასეთივე მოგებათა სერიას უნაცვლებენ.

ამჯერად "სელტიქსმა" ზედიზედ მეოთხე მატჩი წააგო და ვნახოთ, მოჰყვება თუ არა ამას მიჯრით ოთხი მოგება.

გუნდებმა ფრედ ითამაშეს პირველ ნახევარში, მაგრამ მეორე ტაიმში შარშანდელმა ფინალისტებმა კლასი აჩვენეს, როცა თამაშიდან ტყორცნების 51 პროცენტი მოათავსეს კალათში, უფრო ნაკლები შეცდომა დაუშვეს და უფრო ხშირად გადიოდნენ საჯარიმოს ხაზზე.

კალათბურთის ის მოყვარულები, რომლებიც ყოველდღე ადევნებენ თვალს სათამაშო დღის საუკეთესო ტოპ-ათეულს, "სან ანტონიოს" მოსაწყენ გუნდს უწოდებენ, რადგან არჩეულ მომენტებში "სპურსი" არასოდეს ხვდება. მანუ ჯინობილის, ამასთან დაკავშირებით, თავის მართლებაც კი მოუწია:

"ჩვენ არ ვისვრით ალეი-უპებს და არ ვასრულებთ ეფექტურ დანკებს, მაგრამ კარგად ვათამაშებთ ბურთს, დროულად ვიხსნებით, ყველა კალათბურთელს ვაძლევთ თავის გამოჩენის საშუალებას. ასე უფრო მხიარულია"
.

* * *
დუაიტ ჰოვარდმა ყველაზე შედეგიანი მატჩი ჩაატარა "როკეტსის" ფორმაში, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა ტექსასურ დერბიში "დალასის" დასამარცხებლად. "სუპერმენმა" 33 ქულა და 11 მოხსნა დააგროვა, თუმცა "ჰიუსტონმა" დრამატული და ლამაზი დასასრული დაუთმო მეტოქეს.

გარდა იმისა, რომ ჩააგდეს თამაში "რაკეტების" გამთამაშებლებმა - პატრიკ ბევერლიმ და ჯერემი ლინმა, აგრეთვე ბევრი ბურთი ააცილა ჯეიმს ჰარდენმა; მასპინძლებმა ასევე ვერაფერი მოუხერხეს დირკ ნოვიცკისა და მონტა ელისის ბრწყინვალე დუეტს - ამ კალათბურთელებმა 38-დან 26 ბურთი ჩააგდეს და ჯამში 72 ქულა დააგროვეს, ასევე, 12 შედეგიანი პასი და 9 მოხსნა მიითვალეს.

საფინალო სირენამდე ცხრა წამით ადრე ჰარდენმა ანგარიშის გათანაბრების შანსი გაუშვა ხელიდან (ორიდან ერთი საჯარიმო ააცილა), 3.9 წამით ადრე კი ისევ ვერ შეძლო თამაშის ოვერტაიმში გადაყვანა: მისი სამქულიანი ასცდა მიზანს.

ამ მატჩის შემდეგ ნოვიცკის კარიერულმა მონაგარმა 25 280 ქულას მიაღწია და მან ყველა დროის ბომბარდირთა სიაში გაუსწრო რეჯი მილერს. ახლა ვეტერანი გერმანელი მე-15 ადგილზეა და მისი შემდეგი ორიენტირი გახლავთ "ბრუკლინის" ფორვარდი კევინ გარნეტი, რომლის ანგარიშზე 25 340 ქულაა.

კლივლენდი-ვაშინგტონი 91:98
19:30, 19:26, 21:24, 32:18
კ: ირვინგი (28+6 პასი), ვარეჟაო (14+11 მოხსნა), ჯეკი (14+6 პასი), უეიტერსი (11).
ვ: ბილი (26+8 პასი+7 მოხსნა), ნენე (24+8 მოხსნა+6 პასი), უებსტერი (15+5 პასი), უოლი (15+9 პასი+4 ჩაჭრა).

ორლანდო-მაიამი 92:120
20:25, 29:29, 22:36, 21:30
ო: აფლალო (30), ოლადიპო (20+5 ჩაჭრა), ნელსონი (17+5 მოხსნა+5 პასი).
მ: ჯეიმსი (21+7 პასი+6 მოხსნა), ბოში (18+5 მოხსნა), ჯონსი (17), ბიზლი (14+7 მოხსნა), ანდერსონი (10+5 მოხსნა).

ფილადელფია-ტორონტო 98:108
25:25, 23:30, 29:38, 21:15
ფ: ჰოიესი (28+10 მოხსნა), ტერნერი (13+10 მოხსნა+5 პასი+3 ჩაჭრა), ანდერსონი (13+5 მოხსნა), კიდ-გილკრისტი (10+6 მოხსნა+6 პასი).
ტ: დეროზანი (33), გეი (18+8 მოხსნა+8 პასი), როსი (17+7 მოხსნა), ლოური (13+10 პასი+3 ჩაჭრა).

ატლანტა-დეტროიტი 93:85
15:13, 28:33, 23:18, 27:21
ა: მილსეპი (19), ტიგი (18+7 პასი), კეროლი (11+12 მოხსნა), სკოტი (11), ჰორფორდი (10+8 მოხსნა+5 დაფარება).
დ: ჯენინგსი (21+7 მოხსნა+6 პასი), სტაკი (18), სმიტი (11+6 მოხსნა+3 ჩაჭრა), დრამონდი (10+12 მოხსნა+4 ჩაჭრა).

მილუოკი-პორტლენდი 82:91
24:23, 27:30, 13:17, 18:21
მ: რიდნური (13+5 მოხსნა+5 პასი), ფაჩულია (11+8 მოხსნა), ნილი (11), ჰენსონი (10+7 მოხსნა).
პ: ოლდრიჯი (21+7 მოხსნა), ლილარდი (19+6 მოხსნა), მეტიუზი (15).

ნიუ ორლეანი-იუტა 105:98
20:17, 25:24, 28:28, 32:29
ნ-ო: დევისი (22+9 მოხსნა+8 დაფარება), ანდერსონი (19+5 მოხსნა), ჰოლიდეი (14), ევანსი (13+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), სმიტი (11+5 მოხსნა).
ი: კანტერი (19+9 მოხსნა), ლუკასი (14), ფეივორსი (13+11 მოხსნა), ჯეფერსონი (13+5 მოხსნა), ბერქსი (11), ჰეივორდი (6+11 პასი+6 მოხსნა).

სან ანტონიო-ბოსტონი 104:93
22:25, 26:23, 32:22, 24:23
ს-ა: პარკერი (19+5 პასი), ლეონარდი (16+8 მოხსნა+5 ჩაჭრა), დანკანი (13+9 მოხსნა), დიაო (12), სპლიტერი (11+10 მოხსნა), გრინი (11).
ბ: სალინერი (19+17 მოხსნა), ბრედლი (19), გრინი (19+5 მოხსნა), კროუფორდი (12).

ფინიქსი-საკრამენტო 106:113
27:27, 23:28, 12:19, 44:39
ფ: დრაგიჩი (31+5 პასი), გრინი (23), მარკუს მორისი (13+5 მოხსნა), ტაკერი (12+5 მოხსნა), პლამლი (12+7 მოხსნა+3 დაფარება).
ს: ტომასი (23), კაზინსი (19+12 მოხსნა), ვასკესი (13+6 პასი+5 მოხსნა), მბა ა მუტე (11), ტომპსონი (10).

დალასი-ჰიუსტონი 123:120
29:40, 32:28, 26:33, 36:19
დ: ელისი (37+8 პასი), ნოვიცკი (35+7 მოხსნა), მერიონი (13), კალდერონი (13), დალემბერი (6+10 მოხსნა+4 დაფარება).
ჰ: ჰოვარდი (33+11 მოხსნა), ჰარდენი (23+8 პასი), პარსონსი (21+11 პასი+5 მოხსნა+4 ჩაჭრა), ჯონსი (18), კასპი (11).

გ. სტეიტი-მემფისი 81:88
26:16, 18:18, 13:25, 18:16, 6:13
გ-ს: ტომპსონი (21), ლი (18+8 მოხსნა), ბარნსი (16+8 მოხსნა+5 პასი), ბოგუტი (12+14 მოხსნა), იგუოდალა (7+14 პასი).
მ: რენდოლფი (21+12 მოხსნა), კონლი (19+6 მოხსნა), გასოლი (18+11 მოხსნა+4 დაფარება).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კიდი მწვრთნელი არ არის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული