კობი ბრაიანტი ამერიკული პრესის წინააღმდეგ

AutoSharing Option
კობი ბრაიანტის ახალმა ორწლიანმა კონტრაქტმა "ლეიკერსთან", რომლის ღირებულება 48.5 მილიონ დოლარს შეადგენს, გულგრილი არ დატოვა ამერიკელი ჟურნალისტები.

ყველაზე აქტიური იყო გაზეთი "ლოს ანჯელეს თაიმსი", რომელმაც დაბეჯითებით დაასაბუთა, თუ რატომ შეიძლება გახდეს 35 წლის მცველის ახალი კონტრაქტი აქილევსის ქუსლი კალიფორნიული კლუბისთვის. "ბრაიანტისთვის საბედნიეროდ, მას "ლეიკერსის" მაისურა სიცოცხლის ბოლომდე ეცმება. მოტყუებული "ლეიკერსისთვის" სამწუხაროდ, ამას არ შეიძლება სიცოცხლე ეწოდოს..."

კლუბი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩემპიონატში მოგებაზე ზრუნავს. ამასობაში კი მსხვილ კონტრაქტს აფორმებს დაბერებულ და ტრავმირებულ სუპერვარსკვლავთან, რის გამოც 2014 წლის ზაფხულში ვერ შეძლებს თავისუფალი
აგენტების აყვანას, რომლებსაც მართლაც შეუძლიათ კლუბისთვის ჩემპიონობის მოგებაში დახმარების გაწევა.

კობი ამბობს, რომ ის ახალ ტიტულზე ფიქრობს, მაგრამ, ამავდროულად, ამ ექსტრავაგანტურ გარიგებაზე წავიდა იმის ნაცვლად, რომ უფრო ჯანმრთელი ვეტერანებისთვის მიებაძა. მაგალითად ტიმ დანკანის მოყვანა შეიძლება, რომელიც ნაკლებ თანხას დათანხმდა შემადგენლობის გაძლიერების მოტივით. თავად დაფიქრდით, "ლეიკერსს" მოუწევს, მთელი გუნდისთვის განკუთვნილი თანხის მესამედი გადაუხადოს 35 წლის კალათბურთელს, რომელიც ჯერაც აღდგენით კურსს გადის აქილევსის მყესის გაწყვეტის გამო.

კლუბს შეუძლია დაამატოს მხოლოდ ერთი მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი დღევანდელ საშუალო დონის შემადგენლობას. არადა, ჰპირდებოდნენ გულშემატკივრებს ორი ძლიერი მოთამაშის დამატებას. ახლა უნდა დაივიწყონ ამის შესახებ. 2014 წლის ზაფხული მკვდარია.

სავარაუდო გარდაქმნა გადაიდო. "ლეიკერსს" უღირდა, ბრაიანტისთვის უფრო მეტი დრო მიეცა აღდგენისთვის, წაეგო მეტი მატჩი და იქნებ მოხვედრილიყო დრაფტის ლატარიაში, რადგან 2014 წლის დრაფტი ერთ-ერთი უძლიერესი იქნება NBA-ში ბოლო წლებში.

რა თქმა უნდა, "ლეიკერსში" არ ჰქონდათ იმის იმედი, რომ ლებრონ ჯეიმსს მიიწვევდნენ, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს პუნქტი "მაიამისთან" კონტრაქტში და 2014 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს. "ლებრონი "ლეიკერსში" - ეს ზღაპარია", - განაცხადა კლუბის ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, რომელმაც თავისი გვარის დასახელება არ ისურვა.

"ლეიკერსს" კარმელო ენტონიზე შეუძლია პრეტენზიის გამოცხადება, რომელიც მაქსიმალურ კონტრაქტს მოითხოვს; ან იფიქროს უფრო "იაფი" ლუოლ დენგის აყვანაზე. ეს უნივერსალი ფორვარდი გაბრაზებულია იმის გამო, რომ "ჩიკაგომ" მასთან კონტრაქტი არ გააგრძელა ამ სეზონის დასაწყისში. სხვათა შორის, კარმელომ მთლიანად დაუჭირა მხარი ბრაიანტთან კონტრაქტის გაგრძელებას: "ეს ხომ კობია! მე მას წელიწადში 40 მილიონს მივცემდი და კარიერას ლამაზად დავასრულებინებდი".

ჯეიმსის, ენტონისა და დენგის გარდა, გაისად თავისუფალი აგენტები შეიძლება გახდნენ კრის ბოში და ზაკ რენდოლფი, 2015 წელს კი ბაზარი შეიძლება შეავსონ კევინ ლავმა, რაჟონ რონდომ, ლამარკუს ოლდრიჯმა, მონტა ელისმა, ბრუკ ლოპესმა, მარკ გასოლმა, როი ჰიბერტმა, არონ აფლალომ, ტაისონ ჩენდლერმა, პოლ მილსეპმა, ელ ჯეფერსონმა და დეანდრე ჯორდანმა.

მოკლედ, ამერიკული პრესა ერთსულოვანია იმაში, რომ ეს კონტრაქტი არ იქნება "ლეიკერსისთვის" საჩემპიონო ბეჭდების მოპოვების რეცეპტი. კობიმ მიიღო ის, რაც სურდა, მაგრამ მიიღებს თუ არა ადეკვატურ კომპენსაციას "ლეიკერსი" - ეს დიდი კითხვის ნიშანია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: ასეთი რამ NBA-ს არ უნახავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული