ასეთ ინფორმაციას ავრცელებს Hoopsworld-ი, ნიუიორკულ კლუბთან და თავად მოთამაშესთან დაახლოებულ სანდო წყაროებზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, თუ კარმელო დატოვებს "ნიუ იორკს" 2014 წლის ზაფხულში, ის გადაბარგდება ლოს ანჯელესში, მაგრამ არა "ლეიკერსში", როგორც ამას წლევანდელი სეზონის წინ ამბობდნენ, არამედ დოკ რივერსის გუნდში.
გამორიცხული არ არის, რომ "ნიქსმა" და "კლიპერსმა" ენტონის მონაწილეობით გაცვლა თებერვლის დედლაინის წინ განახორციელონ.
ამასობაში, კარმელო ენტონი, შესაძლოა, ვერ ვიხილოთ მოედანზე 26
25 დეკემბერს ენტონის სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა ფეხის ტრავმასთან დაკავშირებით, რომელიც მან "ორლანდოსთან" მატჩში მიიღო. ტესტმა ზუსტი პასუხი ვერ გასცა კარმელოს სავარაუდო მონაწილეობას დღევანდელ შეხვედრაში. საბოლოო გადაწყვეტილებას უშუალოდ მატჩის წინ მიიღებენ.
ასევე გაირკვა, რომ "ოკლაჰომას" წინააღმდეგ გამორიცხულია ნიუიორკელთა ძირითადი გამთამაშებლის, რეიმონდ ფელტონის თამაში.
მიმდინარე სეზონში 29 წლის ენტონიმ 27 მატჩი ჩაატარა და 26.3 ქულა, 8.8 მოხსნა და 2.8 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ინდიანას" რონდო უნდა
"ინდიანა პეისერსი" დაინტერესებულია "ბოსტონ სელტიქსის" გამთამაშებლით, რაჟონ რონდოთი.
იტყობინებიან, რომ რონდოს ხელში ჩასაგდებად "პეისერსი" მზად არის, "კელტებს" შესთავაზოს მცველი ჯორჯ ჰილი და ფორვარდი დენი გრეინჯერი. ამ მომენტისთვის, რონდო აღდგენით კურსს გადის მუხლის ჯვარედინი მყესების გაწყვეტის შემდეგ, ხოლო მისი მოედანზე დაბრუნება თებერვლამდე არ არის დაგეგმილი.
ბეილესს "ლეიკერსისთვის" ამზადებენ
"მემფის გრიზლისის" ხელმძღვანელობას გუნდის შემადგენლობაში ცვლილებების შეტანა სურს. როგორც ამერიკული პრესა წერს, ამ მიზნით "დათვებმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს", ჯარედ ბეილესის ჯოდი მიქსში გაცვლა შესთავაზეს.
ბეილესი ამ სეზონში საშუალოდ 7.9 ქულას, 2.0 მოხსნასა და ამდენივე შედეგიან გადაცემას აგროვებს, მიქსის საშუალო მაჩვენებლებია - 12.8 ქულა, 2.8 მოხსნა და 1.3 შედეგიანი პასი.
"მემფისმა" კარი დაიმატა
ამასობაში, "მემფისის" შეფობამ კონტრაქტი გააფორმა მცველ სეტ კარისთან, რომელიც "გოლდენ სტეიტის" ლიდერის, სტივენ კარის უმცროსი ძმაა.
წელს უმცროსი კარი D-ლიგაში "სანტა კრუზის" ღირსებას იცავდა და საშუალოდ, 21.3 ქულას, 3.5 მოხსნასა და 7.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ნეში კანადაში ვარჯიშობს
"ლოს ანჯელეს ლეიკერსის" გამთამაშებელი სტივ ნეში, რომელიც 10 ნოემბრის შემდეგ ვერ თამაშობს ტრავმის გამო, უახლოეს პერიოდში კანადაში გააგრძელებს ვარჯიშს, - წერს Yahoo! Sports-ი. ვეტერანი იმუშავებს ინდივიდუალური მწვრთნელისა და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
39 წლის კანადელს პრობლემები აქვს ფეხთან, ხერხემალთან და ნერვულ დაბოლოებებთან დაკავშირებით. შეგახსენებთ, ადრე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნეში სერიოზულად ფიქრობდა კარიერის დასრულების შესახებ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"