NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კრიზისული "ბოსტონი" და გაცოცხლებული "ნიქსი"

AutoSharing Option
გრძელდება რეგულარულ ჩემპიონატში "ბოსტონის" კრიზისი. გუშინ, ამ გუნდმა ზედიზედ მეცხრე მატჩი წააგო. "კელტები", ამჯერად, "ჰიუსტონს" დანებდნენ, თუმცა შეხვედრის დასაწყისი კარგი გამოუვიდათ დი ლიდერობა იგდეს ხელთ. "რაკეტებმა" მალე გაათანაბრეს თამაში, რაც ჩენდლერ პარსონსის რვა ქულის დამსახურებაა.

ეს კალათბურთელი გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდა თავის გუნდს. "ჰიუსტონს" დიდი შესვენებისთვის უკვე კომფორტული უპირატესობა ჰქონდა, რაც გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რომ "სელტიქსმა" 28 საჯარიმოდან მხოლოდ შვიდი მოათავსა კალათში.

"ბოსტონის" ლეგენდის კევინ მაკჰეილის შეგირდებმა თავს უფლება მისცეს და მოხსნებისთვის ბრძოლა წააგეს (46-50), სამაგიეროდ, გაცილებით ზუსტად
უტევდნენ: მარტო დუაიტ ჰოვარდმა 32 ქულა დააგროვა. ბოლოსკენ "ბოსტონმა" გაიბრძოლა და 20-ქულიანი ჩამორჩენა შვიდ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ მაინც ვერ აიცილა თავიდან მორიგი მარცხი.

* * *
ამასობაში, ზედიზედ მეექვსე მატჩი მოიგო "ნიუ იორკმა", რისთვისაც "ფინიქსის" წინააღმდეგ ოვერტაიმის თამაში დასჭირდა. მასპინძლებს შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ დამატებითი დრო, მაგრამ კინაღამ დაისაჯნენ უპასუხისმგებლობის გამო. ისე მოხდა, რომ "ნიქსმა" გაფლანგა პირველ სამ მეოთხედში მოპოვებული უპირატესობა და ლეანდრო ბარბოზამ ზუსტი საჯარიმოებით მატჩი ოვერტაიმში გადაიყვანა.

ოვერტიაიმში არიზონელებს იმედგაცრუება ელოდათ, რადგან ხუთ წუთში მხოლოდ ოთხი ქულა დააგროვეს. შედეგიანობით ვერც "ნიქსი" ბრწყინავდა, მაგრამ ამ გუნდს ექვსი ქულა ეყო მატჩის მოსაგებად. ამ ექვსი ქულიდან ოთხი კარმელო ენტონის ანგარიშზე მოდის.

* * *
ჩიკაგოელი "ხარები", როგორც ჩანს, დაიღალნენ მოგებებით. "ბულზის" ექვსმატჩიანი გამარჯვებათა სერია "ვაშინგტონთან" საშინაო შეხვედრაში შეწყდა. უკვე პირველი მეოთხედის დასაწყისში სტუმრებმა 8:0 სპურტი მოაწყვეს, რის შემდეგაც, "ჩიკაგო" მეტოქეს ოთხ ქულაზე ახლოს არ მიახლოებია. საინტერესოა, რომ დედაქალაქური კლუბი მხოლოდ მეორეა ამ სეზონში, რომელმაც "იუნაიტედ ცენტრში" 50 პროცენტზე მაღალი სიზუსტით ისროლა. არადა, ჯონ უოლი ვერ ბრწყინავდა ზუსტი ტყორცნებით (14-დან 6 ჩაგდება).

ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა შეცდომები: მასპინძლებს 17 დაკარგვა დაუგროვდათ (11 - დედაქალაქელებს), რითაც სტუმრებმა 22 ქულა აიღეს. აღსანიშნავია, რომ თუ მიმდინარე სეზონში "ჩიკაგო" მეტოქეს მინიმუმ 100 ქულას აგროვებინებს, აუცილებლად მარცხდება (8-დან 0).
* * *
გუშინ, "სან ანტონიოს" რიგებში ვერ ვიხილეთ ორი ტრავმირებული მოთამაშე - დენი გრინი და ტიაგო სპლიტერი, ხოლო ტიმ დანკანი იძულებული გახდა, მეოთხე მეოთხედის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე დაეტოვებინა მოედანი. მიზეზი ექვსი პერსონალური იყო. სხვათა შორის, ასეთი რამ პირველად მოხდა ბოლო სამი წლის განმავლობაში. სამაგიეროდ, ტექსასელთა სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა მანუ ჯინობილი, რომელმაც თავის გუნდს 14 ქულა შესძინა.

"ნიუ ორლეანმა" დიდი წინააღმდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს და თამაშის მოგებაც შეეძლო. მაგრამ ტონი პარკერისა და კომპანიის გამოცდილებამ და გრეგ პოპოვიჩის პროფესიონალიზმმა სტუმრებს მოგების საშუალებს მისცა. გარდა ამისა, "სპურსმა" 31 საჯარიმოდან 26 ჩააგდო, რაც ორჯერ მეტია მეტოქის ანალოგიურ მაჩვენებელზე. გადამწყვეტი აღმოჩნდა დროის მონაკვეთი მესამე და მეოთხე მეოთხედების მიჯნაზე, რომელიც სტუმრებმა 11:0 მოიგეს. "სან ანტონიო" აგრძელებს დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობას. სხვათა შორის, ის პირველი გუნდია სეზონში, რომელმაც 30 მატჩი მოიგო.

* * *
"დალასმა" "ორლანდოსთან" მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ ნახევარში გადაწყვიტა: სასწაული უნდა მომხდარიყო, რომ დირკ ნოვიცკისა და კომპანიას 18-ქულიანი უპირატესობა გაელანგა. მიუხედავად ამისა, სტუმრები წინააღმდეგობის გაწევას ცდილობდნენ და ერთხელ ექვს ქულამდე მიუახლოვდნენ მეტოქეს. მაგრამ "მავერიქსმა" მალე უპასუხა და ეჭვი არავის შეპარვია მის უპირატესობაში.

ამ მატჩში, ნოვიცკი გახდა 24-ე მოთამაშე ისტორიაში, ვინც მინიმუმ 1400 სამქულიანი მოათავსა კალათში.

* * *
"დენვერის" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია "იუტასთან" გასვლით მატჩში შეწყდა. "ჯაზმენების" სასტარტოში გორდონ ჰეივორდის შემცვლელმა ალეკ ბერქსმა მოულოდნელად 34 ქულა დააგროვა, რაც მისი კარიერის რეკორდია.

ამ მატჩის წინ, ტრეი ბერკს დეკემბრის საუკეთესო ახალბედას პრიზი გადასცეს. საინტერესოა, რომ ასეთი რამ კლუბის ისტორიაში მხოლოდ მეორედ მოხდა: "ჯაზის" მოთამაშეებიდან ეს პრიზი მხოლოდ კარლ მელოუნს აქვს მიღებული - 1985 წლის დეკემბერში.

ტორონტო-მილუოკი 116:94
38:24, 20:26, 30:23, 28:21
ტ: ლოური (23+4 ჩაჭრა), დეროზანი (19), პატერსონი (18), ვალანჩუნასი (17+10 მოხსნა), სალმონსი (10).
მ: ილიასოვა (29+9 მოხსნა), ნაითი (16), ადეტოკუნბო (11).

ბოსტონი-ჰიუსტონი 92:104
27:19, 16:33, 22:32, 27:20
ბ: ბრედლი (24), ბეილესი (17), ბასი (14), კროუფორდი (13), სალინჯერი (8+10 მოხსნა).
ჰ: ჰოვარდი (32+11 მოხსნა), ჰარდენი (16), ლინი (16+9 პასი), პარსონსი (14), ჯონსი (12+12 მოხსნა), კასპი (12).

ნიუ იორკი-ფინიქსი 98:96 (ო)
28:21, 24:22, 23:25, 17:24, 6:4
ნ-ი: ენტონი (29+16 მოხსნა), ფელტონი (19), ბარნიანი (10), სმიტი (10).
ფ: დრაგიჩი (28), ბარბოზა (21), პლამლი (12+11 მოხსნა), მორისი (12), ფრაი (10).

ჩიკაგო-ვაშინგტონი 88:102
19:26, 24:30, 25:22, 20:24
ჩ: ბუზერი (19), ბატლერი (12), სნელი (12), დანლივი (10), ნოა (8+16 მოხსნა).
ვ: ნენე (19), უოლი (19), არიზა (16), ბილი (13), უებსტერი (12), ტემპლი (10), გორტატი (7+11 მოხსნა).

ნ. ორლეანი-სან ანტონიო 95:101
28:24, 24:27, 21:25, 22:25
ნ-ო: დევისი (22+11 მოხსნა), რობერტსი (19), გორდონი (12), რივერსი (11), ამინუ (8+13 მოხსნა).
ს-ა: პარკერი (27), დანკანი (18), ჯინობილი (14), ლეონარდი (13), ბელინელი (12).

დალასი-ორლანდო 107:88
28:20, 31:21, 25:25, 23:22
დ: ელისი (21), კარტერი (17), ნოვიცკი (15), კარუდერი (14), კალდერონი (13), ელინგტონი (12).
ო: ნელსონი (21), დევისი (19), ჰარკლესი (13), ოლადიპო (11), ჰარისი (10).

იუტა-დენვერი 118:103
35:31, 32:22, 26:24, 25:26
ი: ბერკსი (34), ფეივორსი (19+15 მოხსნა), ბერკი (18), ჯეფერსონი (16), კანტერი (11).
დ: ლოუსონი (23+11 პასი), ჰიქსონი (21+10 მოხსნა), ფურნიე (16), ჩენდლერი (12), ფარიდი (11+7 მოხსნა), ფოიე (10).

კვირის ლაურეატები
გასულ კვირას, ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო მოთამაშეებად დასახელდნენ: აღმოსავლეთში "ნიუ იორკ ნიქსის" ფორვარდი კარმელო ენტონი და დასავლეთში - "საკრამენტო კინგზის" ფორვარდი დემარკუს კაზინსი.

აღმოსავლეთი კონფერენციის ლაურეატი ენტონი თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. მის ანგარიშზე იყო 27.0 ქულა (მეორე შედეგი კონფერენციაში) და 2.33 ჩაჭრა. კარმელომ საუკეთესო თამაში "მაიამისთან" მოგებულ მატჩში აჩვენა, როცა 29 ქულა, 8 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.

დასავლეთის ლაურეატმა კაზინსმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. "კინგზის" ლიდერის მონაგარი გასულ კვირას 25.0 ქულა და 12.7 მოხსნა იყო. კაზინსმა სამივე შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა. ის ზედიზედ 10 მატჩია ახერხებს მინიმუმ 10 ქულისა და 10 მოხსნის დაგროვებას.

ენტონის კვირა
7 იანვარი. ნიუ იორკი-დეტროიტი 89:85. 34 ქულა, 4 მოხსნა, 4 ჩაჭრა.
9 იანვარი. ნიუ იორკი-მაიამი 102:92. 29 ქულა, 8 მოხსნა, 5 პასი.
11 იანვარი. ფილადეოფია-ნიუ იორკი 92:102. 18 ქულა, 9 მოხსნა, 7 პასი.

კაზინსის კვირა
7 იანვარი. საკრამენტო-პორტლენდი 123:119. 35 ქულა, 13 მოხსნა.
10 იანვარი. საკრამენტო-ორლანდო 103:83. 24 ქულა, 14 მოხსნა, 6 პასი, 3 ჩაჭრა.
12 იანვარი. საკრამენტო-კლივლენდი 124:80. 16 ქულა, 11 მოხსნა.

კვირის საუკეთესო მოთამაშის ტიტულზე შემდეგი მოთამაშეები აცხადებდნენ პრეტენზიას: ჯო ჯონსონი ("ბრუკლინი"), ტაი ლოუსონი ("დენვერი"), ჯოშ სმიტი ("დეტროიტი"), დარენ კოლისონი ("კლიპერსი"), ბლეიკ გრიფინი ("კლიპერსი"), მაიკ კონლი ("მემფისი"), ლამარკუს ოლდრიჯი ("პორტლენდი") და ტიმ დანკანი ("სან ანტონიო").

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კევინ ლავი ვეღარ ქაჩავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული