NBA. რეგულარული ჩემპიონატი: დურანტმა 30 იკმარა

AutoSharing Option
კოშმარული წაგებათა სერიის შემდეგ "ლეიკერსი" გამოცოცხლდა და ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. კალიფორნიელებს თითქოს არ ჰქონდათ ტორონტოში გამარჯვების შანსი, როცა მასპინძლებმა 19-ქულიანი უპირატესობა მოიპოვეს, მაგრამ "ლეიკერსმა" ამას 22:8 სპურტით უპასუხა და გამარჯვება გამოსტაცა "რეპტორზს".

სტუმრების წარმატების მთავარი მიზეზი იყო სამქულიანების კარგი შესრულება (22-დან 12), საჯარიმოების თითქმის უნაკლო რეალიზაცია (92.9 პროცენტი) და სათადარიგო ნიკ იანგის ბრწყინვალე თამაში. მცველმა 30 წუთში 29 ქულა დააგროვა და მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მის გუნდს დაეხმარა კრება, რომელიც მოთამაშეებმა "ფინიქსთან" წაგებული შეხვედრის შემდეგ მოაწყვეს.

* * *
როგორც იქნა, "ორლანდომ" საკუთარ თავს ახალი წელი მოულოცა. "ბოსტონთან" მოგება პირველი იყო გუნდისთვის 2014 წელს და ამით დაასრულა კოშმარული 10-მატჩიანი წაგებათა სერია. საინტერესოა, რომ ამ მატჩამდე "სელტიქსი" ზედიზედ 10-ჯერ ამარცხებდა "მეჯიქს". არონ აფლალომ მოხსნების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა, "ბოსტონის" ყოფილმა მოთამაშემ გლენ დევისმა კი თავისი 17 ქულიდან 11 მეოთხე მეოთხედში ჩააგდო.

* * *
"ოკლაჰომამ" არ დაარღვია ტრადიცია - ეს გუნდი არასოდეს დამარცხებულა "საკრამენტოსთან" საკუთარ მოედანზე. წინა მატჩში 54 ქულის ავტორმა კევინ დურანტმა ამჯერად მხოლოდ 30 ქულა დააგროვა. ეს არის "თანდერის" ლიდერის ზედიზედ მეშვიდე მატჩი, როცა მან 30-ქულიანი ზღვარი დაძლია.

სნაიპერული რეკორდი ამ მატჩში მაინც დამყარდა. "საკრამენტოს" გამთამაშებელმა აიზია ტომასმა 38 ქულა დააგროვა, რაც მის კარიერაში საუკეთესო შედეგია. "კინგზის" ვარსკვლავური ფორვარდი რუდი გეი კი მსაჯებთან კამათისთვის მეოთხე მეოთხედის დასაწყისში გააძევეს მოედნიდან. და კიდევ: "ოკლაჰომას" საშინაო არენაზე ზედიზედ 135-ედ დაფიქსირდა ანშლაგი.

* * *
"მილუოკი" ჯერაც ელოდება პირველ მოგებას 2014 წელს. ამ ნაკლის გამოსასწორებლად სან ანტონიოში ვიზიტი საუკეთესო ვარიანტი არ იყო, იმის მიუხედავად, რომ "სპურსს" მცირე ტრავმის გამო აკლდა ტონი პარკერი. ასევე ვერ ვიხილეთ მოედანზე ტიაგუ სპლიტერი, მეტ ბონერი და დენი გრინი.

ასეთი შესუსტებული შემადგენლობის მიუხედავადაც, ტექსასელებს არანაირი პრობლემა არ შექმნიათ. "სან ანტონიოს" მთავარმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა თავს უფლება მისცა და მთელი მეოთხე მეოთხედი სათადარიგოთა სკამზე დასვა ტიმ დანკანი - ვეტერანის დახმარება საჭირო არ იყო. "სპურსის" ერთბაშად შვიდმა კალათბურთელმა მიაღწია 10-ქულიან ზღვარს.

* * *
კვლავ საშინლად ითამაშა "დენვერის" დაცვამ. მისი მეტოქე - "ფინიქსი" ერთხელაც არ ყოფილა მდევრის როლში და ამ სეზონში მესამედ დაამარცხა "ნაგეტსი". მასპინძლების რიგებში როტაცია იდეალური იყო: "სანზის" არც ერთ კალათბურთელს არ გაუტარებია მოედანზე 30 წუთზე მეტი.

ტორონტო-ლეიკერსი 106:112
36:29, 22:25, 23:28, 25:30
ტ: დეროზანი (23+7 პასი), ლოური (21+9 პასი), პატერსონი (17), ჯონსონი (13), ვასკესი (11+8 პასი), როსი (10).
ლ: იანგი (29), გასოლი (22+9 მოხსნა), კელი (17), მიქსი (11+4 ჩაჭრა), მარშალი (10+11 პასი).

ორლანდო-ბოსტონი 93:91
18:26, 35:20, 13:18, 27:27
ო: აფლალო (20+13 მოხსნა), ჰარისი (18), დევისი (17), ნელსონი (16+10 პასი), ო'ქუინი (10+9 მოხსნა).
ბ: გრინი (22), ჰემფრიზი (18+12 მოხსნა), ბრედლი (18).

ოკლაჰომა-საკრამენტო 108:93
28:30, 29:22, 32:22, 19:19
ო: დურანტი (30+9 პასი+4 ჩაჭრა), იბაკა (20), ჯექსონი (16), კოლისონი (10), სეფოლოშა (10), ლემბი (10).
ს: ტომასი (38), კაზინსი (16+14 მოხსნა), ტომპსონი (11+10 მოხსნა).

სან ანტონიო-მილუოკი 110:82
29:16, 24:22, 31:22, 26:22
ს-ა: მილსი (20+7 პასი), ბელინელი (14), ეირსი (13), დე კოლო (13), ჯოზეფი (12), დანკანი (11+13 მოხსნა), ლეონარდი (11).
მ: ნაითი (21), ადეტოკუნბო (11), სანდერსი (10+4 ჩაჭრა), ჰენსონი (10+11 მოხსნა).

ფინიქსი-დენვერი 117:103
34:25, 28:31, 22:23, 33:24
ფ: ფრაი (30), მორისი (16), დრაგიჩი (15), ბარბოზა (13), მორისი (10).
დ: რენდოლფი (19), ლოუსონი (17+14 პასი), ჩენდლერი (17), ფურნიე (17), ჰიქსონი (14+13 მოხსნა).

ყოველთვის მოტივირებული
ბოლო დროს "მაიმი ჰიტის" ლიდერის, ლებრონ ჯეიმსის ანტიფანებიც კი აღიარებენ, რომ სწორედ "მეფეა" დღეისთვის პლანეტის საუკეთესო კალათბურთელი. მიუხედავად ამისა, ჯეიმსი მუდმივად ადარებს საკუთარ თავს NBA-ს სხვა ვარსკვლავებს.

"მუდმივად ვადევნებ თვალს იმას, თუ როგორ თამაშობენ სხვა ბიჭები
, - განაცხადა ლებრონმა. - ყოველი მატჩის შემდეგ აუცილებლად შევდივარ ინტერნეტში სხვების სტატისტიკის შესამოწმებლად. ამ დღეებში კი არსად შესვლა არ მომიწია. მატჩის შემდეგ, უბრალოდ, ტელეფონი ავიღე ხელში და იქ მელოდა შეტყობინება ერთ-ერთი ნათესავისგან. აი, რა ეწერა შეტყობინებაში: "დურანტმა 54 ქულა დააგროვა, შენ მხოლოდ 21. სუსტი ხარ!" აი, ასე ვცხოვრობთ".

ჟურნალისტების კითხვაზე, გაიზარდა თუ არა ჯეიმსი იმისთვის, რომ გაიმეოროს ან გააუმჯობესოს კონკურენტთა მიღწევები, "მაიამის" ფორვარდმა ღიმილით უპასუხა: "ჯერჯერობით ეს ზღვარი ისევ ჩემთანაა. მომწონს იმის გაგება, რომ დურანტმა რაღაც განსაკუთრებული ჩაიდინა. ეს დამატებით სტიმულს მაძლევს. დიახ, "ჰიტში" მე უფრო ნაკლები სროლა მიწევს, ვიდრე დურანტს "ოკლაჰომაში". სამაგიეროდ, სხვანაირად შემიძლია თავის გამოჩენა. მაგალითად, რამდენიმე ლამაზი დანკის შესრულება".

ასეთი არგუმენტაციით ჯეიმსი საყვედურს არ იმსახურებს. როგორც მოსალოდნელი იყო, ლიგის მთავარი ვარსკვლავი ყოველთვის მზად არის ფანების გულის მოსაგებად.

"დეტროიტს" რონდო და აფლალო უნდა
"დეტროიტ პისტონზი" უახლოეს ხანში მსხვილი ტრეიდის განხორციელებას აპირებს. მომავალი გაცვლის ერთ-ერთი მონაწილე შეიძლება გახდეს "ბოსტონის" გამთამაშებელი რაჟონ რონდო. "დეტროიტის" ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ "სელტიქსი" არ ეცდება ნებისმიერი გზით კალათბურთელის თავისთან დატოვებას, რადგან რონდო სულ ახლახან დაუბრუნდა "კელტებს" ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ.

გარდა ამისა, "პისტონზი" განიხილავს "ორლანდოდან" მცველ არონ აფლალოს დაბრუნებას.

100 ათასი გრძელი ენისთვის
"დალას მავერიქსის" სკანდალური მფლობელი მარკ ქიუბანი კიდევ ერთხელ დაისაჯა თავისი გრძელი ენის გამო.

"მავერიქსისა" და "კლიპერსის" მატჩის შემდეგ მარკს ნერვებმა უმტყუნა და მან მსაჯების ბრიგადა გამოლანძღა. როგორც მოწმეები ამტკიცებენ, ქიუბანმა არანორმატიული ლექსიკა გამოიყენა.

ლიგის ხელმძღვანელობამ ყურადღებით შეისწავლა კონფლიქტის ყველა დეტალი და "დალასის" მფლობელს 100 ათასი დოლარის ოდენობის ფულადი ჯარიმა დააკისრა. ის მატჩი "მავერიქსმა" 127:129 წააგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული