დირკ ნოვიცკი - ყველაზე შედეგიანი ლეგიონერი

AutoSharing Option
"დალას მავერიქსის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ "საკრამენტოსთან" მატჩის მეოთხე მეოთხედში საშუალო ტყორცნა მოათავსა კალათში. ამ სროლის შემდეგ გერმანელმა NBA-ს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში ჰაკიმ ოლაჟუონს გაუსწრო და მეცხრე ადგილზე გადავიდა. გარდა ამისა, დირკი ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის საუკეთესო ბომბარდირი გახდა ამერიკის ფარგლებს გარეთ დაბადებულ კალათბურთელებს შორის.

ამ მომენტისთვის ნოვიცკის მონაგარი 26 953 ქულაა. გერმანელს აქვს ძალიან კარგი შანსი, ამ სეზონშივე გაუსწროს ელვინ ჰეიესსა და მოზეს მელოუნს და პირველ შვიდეულში დაიკავოს ადგილი.

NBA-ს ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:
1. ქარიმ-აბდულ ჯაბარი 38
387
2. კარლ მელოუნი 36 928
3. მაიკლ ჯორდანი 32 292
4. კობი ბრაიანტი 31 887
5. უილტ ჩემბერლენი 31 419
6. შაკილ ო'ნილი 28 596
7. მოზეს მელოუნი 27 409
8. ელვინ ჰეიესი 27 313
9. დირკ ნოვიცკი 26 953
10. ჰაკიმ ოლაჟუონი 26 946

კობი - ლიგის მთავარი ამცილებელი
გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ NBA-ში კიდევ ერთი რეკორდი დამყარდა. ისევ ჩაწერა ასოციაციის ისტორიაში საკუთარი სახელი "ლეიკერსის" ლიდერმა კობი ბრაიანტმა. კერძოდ, კობიმ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა კარიერაში აცილებული ტყორცნების რაოდენობით, რომელიც მანამდე "ბოსტონის" ლეგენდას, ჯონ ჰავლიჩეკს ეკუთვნოდა.

"მემფისთან" მატჩში ბრაიანტმა 26-დან მხოლოდ 10 ბურთი მოათავსა კალათში და ახლა კარიერაში 13 421 აცილებული ტყორცნა დაუგროვდა. ჰავლიჩეკის ანგარიშზე 13 418 გაფუჭებული სროლა იყო. ამ სიას აგრძელებენ: ელვინ ჰეიესი (13 296), კარლ მელოუნი (12 682), ქარიმ აბდულ ჯაბარი (12 470), მაიკლ ჯორდანი (12 435)...

მატჩის შემდეგ, როცა კობის ამ "მიღწევის" შესახებ მოახსენეს, მან თქვა, რომ არაფერი იცოდა ამგვარ რეკორდზე. გარდა ამისა, ღიმილით აღნიშნა - უკვე 19 წელია შემტევი მცველის პოზიციაზე ვთამაშობო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნოვიცკის მიღეწევა მართლაც ღირსშესანიშნავია, თან მგონი მხოლოდ ეგაა თეთრი პირველ 100-ულში
0

სიახლეები პოპულარული