NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "დენვერმა" მოუმატა

AutoSharing Option
ვერავინ ახერხებს სტუმრად "მემფისის" დამარცხებას. 2014 წლის თებერვლიდან მოყოლებული, "დათვებს" არ გაუწბილებიათ საკუთარი გულშემატკივარი. მატჩი "კლიპერსთან", რომელიც ზედიზედ ცხრა გასვლით შეხვედრაში აგროვებდა 100 ან მეტ ქულას, გამონაკლისი არ გახდა.

სტუმრებმა დიდად არ შეიწუხეს თავი მარკ გასოლის მეურვეობით, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გადალახა 30-ქულიანი ზღვარი. სწორედ ესპანელის საშუალო ტყორცნებით "მემფისი" პირველ მეოთხედში ექვსი ქულით დაწინაურდა, მეორე მეოთხედში - 17 ქულით, ხოლო ბოლო მეოთხედში მასპინძლების უპირატესობა 25 ქულას აღწევდა.

მემფისი-კლიპერსი 107:91
26:21, 27:19, 35:32, 19:19
მ: მ. გასოლი (30+12 მოხსნა), ლი (13), ალენი
(12), უდრიხი (11+5 პასი), პონდექსტერი (11), რენდოლფი (10+8 მოხსნა).
კ: პოლი (22+5 პასი+4 ჩაჭრა), კროუფორდი (19), რედიკი (15), გრიფინი (12), ჰოიესი (5+10 მოხსნა).

* * *
"პორტლენდმა" შვიდ მატჩამდე გაზარდა მოგებათა სერია. ამჯერად მისი მსხვერპლი გახდა "ბოსტონი", რომელმაც, თავის მხრივ, ბოლო ექვს მატჩში მეხუთე შეხვედრა დათმო. "ბლეიზერსი" მეტოქეებს მაღალ დონეზე ჩატარებული მეოთხე მეოთხედის წყალობით უგებს. მეორე მეოთხედში "ბოსტონის" უპირატესობა 10 ქულას აღწევდა, მაგრამ თამაშის სურათი მეორე ტაიმიდან შეიცვალა.

გადამწყვეტი გახდა მეოთხე 12-წუთეული, რომლის დროსაც ორეგონელებმა 17:5 გაქცევა მოაწყვეს. ამ დროის განმავლობაში "სელტიქსმა" 14-დან 12 ტყორცნა ააცილა მიზანს, თუმცა ბოლოს მაინც გაიბრძოლა და ოთხ ქულამდე შეამცირა სხვაობა. სათამაშო რჩებოდა 90 წამი, მაგრამ დარჩენილ დროში "პორტლენდმა" დაცვაში ზუსტად ითამაშა და მეტოქეს გადარჩენის შანსი არ მისცა.

ბოსტონი-პორტლენდი 88:94
23:21, 26:23, 23:28, 16:22
ბ: სალინჯერი (19+7 მოხსნა), გრინი (19), რონდო (13+6 მოხსნა+8 პასი), ბრედლი (13), ტერნერი (10).
პ: ოლდრიჯი (20+14 მოხსნა), კამანი (16+8 მოხსნა), ლილარდი (12+9 მოხსნა+5 პასი+4 ჩაჭრა), ბატუმი (12), ბლეიკი (11+5 პასი), მეტიუზი (10).

* * *
2011 წლის თებერვლიდან "მაიამის" არ ჰქონდა წაგებული შინ ზედიზედ ოთხი მატჩი. ფლორიდელებმა "შარლოტთან" მოგებით თავიდან აიცილეს "შავი" სერიის გაგრძელება. დენგის, ბოშისა და ჩელმერსის, აგრეთვე პროგრესირებადი ნაპიერის წყალობით, "ჰიტმა" ბოლო წამებზე გამოგლიჯა გამარჯვება მეტოქეს. "შარლოტს" სამჯერ შეეძლო მოგება, მაგრამ ბურთი ჯიუტად არ ჩადიოდა კალათში.

საფინალო სირენამდე 31 წამით ადრე ბოშმა საშუალო მანძილიდან ზუსტად ისროლა და წინ გაიყვანა თავისი გუნდი. ამის შემდეგ უოკერმა ააცილა საშუალო ტყორცნა, ჩელმერსმა შეცდომა დაუშვა და "ჰორნეტსმა" ბოლო შეტევაში სამჯერ სცადა ჩაგდება, მაგრამ ამაოდ.

"შარლოტმა" ბოლო 19 მატჩში მეთვრამეტედ წააგო "მაიამისთან". აღვნიშნავთ, რომ "ჰიტმა" ზედიზედ მეექვსე შეხვედრა ჩაატარა დუეინ უეიდის გარეშე.

მაიამი-შარლოტი 94:93
23:22, 30:22, 14:28, 27:21
მ: დენგი (26+8 მოხსნა), ბოში (20+10 მოხსნა), ჩელმერსი (20+10 პასი), ნაპიერი (14).
შ: ჯეფერსონი (22+12 მოხსნა), სტივენსონი (17+6 მოხსნა+5 პასი), უოკერი (16+7 მოხსნა+3 ჩაჭრა), ნილი (13), კ. ზელერი (11).

* * *
ეს არ იყო საუკეთესო დღე სტივენ კარისა და კლეი ტომპსონისთვის, რომლებმაც 35 ტყორცნიდან მხოლოდ 11 მოათავსეს კალათში. სამაგიეროდ, მორის სპეიტსმა პირველად 2009 წლის შემდეგ 28 ქულა დააგროვა.

შეხვედრის ბედი ბოლოსკენ გადაწყდა. საფინალო სირენამდე ხუთი წუთით ადრე სტუმრები რვა ქულით იგებდნენ, მაგრამ იბაკამ, მოროუმ სამქულიანით და რეჯი ჯექსონმა ორ ქულამდე შეამცირეს სხვაობა. ამის შემდეგ კარიმ ერთი საჯარიმო გამოიყენა, ხოლო წერტილი შეხვედრას ტომპსონმა დაუსვა.

"ოკლაჰომამ" ზედიზედ მეექვსე მატჩი წააგო და ახლა 15 შეხვედრაში სამი მოგება აქვს. მხოლოდ ერთხელ, 17 წლის წინ "ფინიქსმა" ასეთი სტარტით შეძლო პლეი ოფში გასვლა. ერთ-ორ კვირაში "თანდერს" საკუთარი ლიდერები დაუბრუნდებიან და გუნდი, წესით, მოუმატებს.

ოკლაჰომა-გ. სტეიტი 86:91
20:28, 27:24, 19:18, 20:21
ო: ჯექსონი (22+11 მოხსნა+8 პასი), მოროუ (16+12 მოხსნა), იბაკა (16+8 მოხსნა+5 დაფარება), ს. ადამსი (10+6 მოხსნა).
გ-ს: სპეიტსი (28+7 მოხსნა), ტომპსონი (20+8 მოხსნა), კარი (15+6 მოხსნა+6 პასი), გრინი (10+9 მოხსნა+6 პასი).

* * *
"ლეიკერსმა" არ იცის "დენვერის" წინააღმდეგ თამაში. კალიფორნიელებმა ზედიზედ მეშვიდედ წააგეს "ნაგეტსთან", თუმცა, ამჯერად, ოვერტაიმის თამაში გახდა საჭირო. მეტოქეებს ხარისხიანი კალათბურთი არ გამოუვიდათ - თამაშიდან 38 პროცენტის სიზუსტით ისროლეს, მასპინძლებს კი სამქულიანების რეალიზაციის საშინელი მაჩვენებელი ჰქონდათ - 24-დან სამი.

"ლეიკერსის" მაქსიმალური უპირატესობა მატჩის დასაწყისში 7 ქულას შეადგენდა, ამის შემდეგ კი ექვს ქულაზე დიდი სხვაობა არ დაფიქსირებულა. საფინალო სირენამდე სამი წუთით ადრე კალიფორნიელები 85:82-ს იგებდნენ, მაგრამ ოვერტაიმამდე თამაშიდან აღარ ჩაუგდიათ. დამატებით დროში უმნიშვნელოვანესი სამქულიანი გამოიყენა გალინარიმ - იტალიელმა წუთითა და 10 წამით ადრე ოთხი ქულით დააწინაურა თავისიანები. ბრაიანტმა ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა, მაგრამ ეს იყო "ლეიკერსის" ბოლო ზუსტი ტყორცნა თამაშიდან. ლოუსონმა ისევ ოთხ ქულამდე გაზარდა სხვაობა, შემდეგ კი "დენვერი" ზუსტად ისროდა საჯარიმოებს.

"დენვერმა" პირველ შვიდ მატჩში მხოლოდ ერთი მოგების შემდეგ, ბოლო ექვს შეხვედრაში ხუთჯერ გაიმარჯვა.

ლეიკერსი-დენვერი 94:101 (ო)
19:21, 20:20, 36:31, 11:14, 8:15
ლ: ბრაიანტი (27+6 მოხსნა), ლინი (17+5 პასი), საკრე (13+3 ჩაჭრა), ჰილი (11+14 მოხსნა), ჯონსონი (7+12 მოხსნა+3 დაფარება).
დ: ჩენდლერი (19+8 მოხსნა), ლოუსონი (18+16 პასი), აფლალო (15+6 მოხსნა), მოზგოვი (13+13 მოხსნა), გალინარი (10+7 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული