ლარის დედაც, მთავარია ღირსება!.. - ზურა თალაკვაძის თავისუფალი თემა

AutoSharing Option
"ფეისბუქში" ჩემმა მეგობარმა დადო სტატუსი - ლარის დედაც მოვ...ნ, მთავარია, ღირსეულად ვიყოთ!

სტატუსი დაიტვირთა პოსტებით. "პა დელუ" პოსტებით და იქვე, დაიწყო პარალელების თემა.

რომელი ლარი? კინგი? ფლინტი? დოლარი? "ფეისბუქში" დასაქმებული საზოგადოება განშტოებებად დაიყო.

დაიწყო დისკუსია არჩევანი-არადანის პრინციპით და ვერავინ მოიგო. ვიღაცამ ეს ლარი აირჩია, ვიღაცამ სხვა ლარიზე დაპოსტა და ძირითადად, ერთი და იგივე გვარები მოდიოდა.

ლარი პეიჯი. ინჟინერი, გამომგონებელი, რომელმაც 16 წლის წინ ძმაკაცთან, სერგეი ბრინთან ერთად საძიებელი სისტემა Google გაგვაცნო. შარშან "გუგლი" პიკზე გავიდა - მომხმარებელი, საშუალოდ დღეში, 1
მილიარდ მოთხოვნაზე მეტს გზავნიდა. პეიჯმა ჩათვლა მიიღო. "ფორბსის" სიაში ლარი პეიჯი მეცამეტეზე ზის. 13. საკაიფო ადგილია. მოკითხვა გელა ბაბლუანს. და მიკი რურკს. და ჯეისონ სტეთჰემს. და პეიჯებში მხოლოდ ჯიმი არ ყოფილა.

ლარი ელისონი. Oracle Corporation. მისტერ ელისონი ამ კორპორაციის დამფუძნებელია. Oracle Corporation თანამშრომლობს ფედერალური დაზვერვის ბიუროსთან და ამზადებს იმ პერიოდში ყველაზე მასშტაბურ მონაცემთა ბაზას. ელისონის კომპანია მუშაობს ლიმიტირებულ კლიენტებთან, მაგრამ დაზვერვის ბიუროსთან თანამშრომლობის შემდეგ, ლარის დაუკავშირდა IBM და შემდეგი 7 წლის განმავლობაში, კორპორაციის წლიური შემოსავალი 1 მილიონი დოლარიდან 23 მილიონზე ადის.

ელისონი გახდა ინდიან უელსის საჩოგბურთო ტურნირის მფლობელი. მსოფლიოს ყველაზე შემოსავლიან პერსონებში ელისონი წელს მეხუთეა. რაფაელ ნადალის პერსონალური ფანი. რაფაელს გაუმართლა.

ლარი დანი. პიანისტი, კომპოზიტორი, პროდიუსერი. შემოქმედი ადამიანი. 1972-1983, მისტერ დანი უკრავს ლეგენდარულ ბენდში, Earth, Wind & Fire. ლარი დანი იყო ჯგუფის ყველაზე ცნობილი კომპოზიციის თანაკომპოზიტორი. გახსოვთ Shinin Star? დაიბადა დენვერში, შვიდჯერ მიიღო "გრემი".

ლარი დანი შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში. ლეგენდა, რომელიც ქმნიდა და მისტერ დანის თემებზე ისვენებდი, სადღაც, მშვიდ ნაპირზე გადადიოდი და ტალღების მორიდებულ საუბარს უსმენდი. კარგი ლარი.

ლარი ბერქჰედი. ანა ნიკოლ სმიტის ყოფილი ქმარი. ანა ხუთი წლის წინ კაიფში გაიპარა და ლარი დღემდე ზრდის ლამაზ დენიელინს, თავის და ანას შვილს, რომელიც თითქმის ერთი-ერთში ანაა.

ლარი ფოტოგრაფია. მუშაობს ერთჯერად პროექტებზე. ორი წლის წინ, კით რიჩარდსმა ბერქჰედს ორდღიან მეგობრობაში 260 000 $ გადაუხადა. ნორმალური ჰონორარია. ლარი ბერქჰედი მალე გამოაქვეყნებს ავტობიოგრაფიას.

ლარის ანას ეროტიკული ფოტოების გამოქვეყნების უფლება აქვს მიღებული. ორი წლის წინ ბერქჰედმა ანას ერთ-ერთი ფოტო "როლინგ სთოუნს" ნახევარ მილიონ დოლარად "აჩუქა".

ლარი ფლინტი. Hustler, პორნოგრაფიის პირველი გამომცემელი და ამერიკული ოცნების სექს-ინდუსტრიის დონი. დაიბადა აპალაჩების სოფელში, კენტაკიში. 9 წლის ლარიმ დაკარგა დაიკო. 4 წლის ანგელოზი ლეიკემიამ შეიწირა. ამერიკული ჯარიდან ტესტებში ცუდი შედეგების გამო გამოუშვეს და 1974-ში მისტერ ფლინტმა ამერიკას გააცნო Hustler. უფრო თავისუფალი, ვიდრე - Penthouse, უფრო პორნოტიპი, ვიდრე - Playboy. ლარის ჟურნალში პოზირებენ ფეხმძიმე ქალები. ლარის ჟურნალში პოზირებენ 72 წლის ქალები. ლარის ჟურნალში მისტერ ფლინტმა გამოაქვეყნა ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, ჟაკლინ კენედი ონასისის ფოტოები. ფლინტი იყო ამერიკა და ამერიკამ საკუთარი სიშიშვლით იკაიფა.

ლარი ფლინტის ნიღაბი ჰოლივუდში მილოშ ფორმანის შედევრში მოირგო ძალიან მაგარმა ვუდი ჰარელსონმა და მისტერ ფლინტს ესროლა ფსიქოპატმა ჯოზეფ პოლ ფრენკლინმა.

ფრენკლინის ეგზეკუცია შარშან იყო. მისტერ ჰასტლერი ცოლთან, ლიზ ბერიოსთან ერთად ბევერლი ჰილზში ცხოვრობს.

ლარი ჰოლმსი. მოკრივე. მსოფლიოს ჩემპიონი მძიმე წონაში. მოიგო ზედიზედ 48 ჩხუბი და როკი მარჩიანოს წაუგებელ რეკორდამდე ერთი გარჩევის წამოღება დააკლდა. 1985 - ჰოლმსი 15 რაუნდში აგებს ლეონ სფინქსთან, რომელიც შემდეგ მაიკ ტაისონმა დაანგრია. 6 თვის შემდეგ ჰოლმსმა მიიღო რევანშის შანსი, მაგრამ სფინქსმა ის ჩხუბიც მოუგო. და ჰოლმსმა კარიერა დახურა. ლარი დაბრუნდა და კიდევ სამ სატიტულო ჩეხვაში მიიღო მონაწილეობა. ჰოლმსი აგებს ოთხ რაუნდში ტაისონთან. აგებს ევანდერ ჰოლიფილდთან და აგებს ოლივერ მაკკოლთან. ლარი ჰოლმსმა კარიერა 12 წლის წინ დაასრულა. 69 მოგება, 44 - ნოკაუტით. 6 წაგება. ჰოლმსი არ იყო ლეგენდა, მაგრამ ჰოლმსი გახდა ჩემპიონი და ჰოლმსი იყო ლარი.

ლარი კინგი. 25 წელიწადი ამერიკა იყო ლარი კინგის პრივატული ტერიტორია. ლარი კინგის The Larry King Show იყო უფრო პოპულარული, ვიდრე მეჯიქ ჯონსონის და მისტერ ბერდის თამაშები. და გადავდივართ კიდევ ერთ ლარიზე.

ლარი ბერდი. ჩემთვის ყველაზე დიდი, გამორჩეული ლარი. ჰოლმსის ჩხუბი მხოლოდ ფრაგმენტულად, ძირითადად, უხარისხო კასეტებზე მქონდა ნანახი. კინგის შოუს ხშირად ვერ ვუყურებდი და ჩემი მუსიკალური გემოვნება ოდნავ შორს არის ლარი დანის ჯგუფისგან. ლარი ბერდი იყო ჩემი ლარი. ლარი ბერდი იყო ამერიკის ლარი. ბერდი იყო მეჯიქის ლარი. ბერდი იყო ირლანდიელების ლარი. და ბერდმა მიიღო ნდობა. ბერდმა მიიღო სიყვარული. ბერდმა მიიღო საშუალო კლასის სამუდამო პატივისცემა და ლარიმ მაჩუქა კალათბურთი. ჩემთვის ყველაზე დიდი ლარი ყოველთვის ბერდი იქნება. რომელიც დაიბადა 7 დეკემბერს.

და 7 დეკემბერს დაიბადა ჩემი მეგობარიც, რომელმაც დაპოსტა - ლარის დედაც მოვ...ნ, მთავარია, ღირსეულად ვიყოთ!

ლარის კურსი ეცემა. ლარი სუსტდება. ჩემი მეგობარი მართალია. ამ უპატრონო ეპოქაში, გაუგებარ ქვეყანაში, მთავარია, ღირსეულად ვიყოთ და არ ვანერვიულოთ ერთმანეთი.

ის, ჩემი მეგობრის სტატუსი, მომენტალურად დაიტვირთა პოსტებით. ფაიზაღი, "პა დელუ" პოსტებით და იქვე, დაიწყო პარალელების თემა. რომელი ლარი? კინგი? ფლინტი? დოლარი? "ფეისბუქში" დასაქმებული საზოგადოება განშტოებებად გაიყო. დაიწყო დისკუსია არჩევანი-არადანის პრინციპით და ვერავინ ვერ მოიგო. ვიღაცამ ეს ლარი აირჩია, ვიღაცამ სხვა ლარიზე დაპოსტა და ძირითადად, ერთი და იგივე გვარები მოდიოდა.

მე ლარი ბერდი მიყვარს. და ლარი საჭიროა. ლარის გარეშე ყველაფერი მურტალია.
მიდი და გაიგე, რა ვიგულისხმე! მეც ვერ გავიგე.

ოღონდ, მართლა.

მომავალ შეხვედრამდე, მეგობრებო!

მთავარია, ღირსება შევინარჩუნოთ!

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ზურა, კაცურად ფეხბურთებიც წაიყვანე რაა, თორემ მტერმა უსმინა შენს კოლეგებს
kaxa
23:23 14-12-2014
0
ლარი ბერდი იყო გენიოსი, რომლის მსგავსი აღარ დაიბადება. მას არ ჰქონდა დიდი სისწრაფე და მაღალი ნახტომი, მაგრამ მოედანზე სასწაულს ახდენდა. საქმე მხოლოდ ქულებში, მოხსნებში ან პასებსა და ჩაჭრებში არ არის. ის არ იყო უბრალოდ ჭკვიანი მოთამაშე. ის იყო ბრძენი!!! ვისაც ახსოვს 1986 წლის სელტიქსი, მას ვერ გააკვირვებს დღევანდელი სან-ანტონიო, მაიამი ან კლივლენდი. ამ გუნდში იყვნენ ბერდი, რობერტ პერიში, კევინ მაკჰეილი, დენი ეინჯი და დენის ჯონსონი. მეექვსე მოთამაშე იყო ბილ უოლტონი!!! და ამ გუნდის უპირობო ლიდერი იყო ლარი ბერდი. ის შეუდარებელი იყო მოედანზე და მოედნის გარეთ. იყო თავმდაბალი და ნამდვილი ჯენტლმენი... ის და მეჯიქ ჯონსონი რომ არა, დღევანდელი კალათბურთი არ იქნებოდა ისეთი პოპულარული, როგორიც დღესაა.
barka
21:55 14-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული