"დეტროიტ პისტონზის" ხელმძღვანელობამ გაწყვიტა კონტრაქტი თავის ერთ-ერთ ლიდერთან, ფორვარდ ჯოშ სმიტთან და მას კომპენსაციის სახით 26 მილიონი დოლარი გადაუხადა. როგორც საკუთარ "ტვიტერზე" ESPN-ის ჟურნალისტმა მარკ შტაინმა დაწერა, "პისტონზმა", უბრალოდ, გააუქმა მოთამაშის ხელშეკრულება კლუბთან და არც კი უცდია მისი გაცვლა.
"გამაოგნებელი ახალი ამბავია. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზაფხულში "საკრამენტომ" რამდენიმე შეთავაზებით სცადა სმიტის ხელში ჩაგდება, მაგრამ "დეტროიტმა" ყოველ ჯერზე უარით გაისტუმრა", - დაწერა შტაინმა.
ახლა ჯოშ სმიტს აქვს შესაძლებლობა, უახლოესი 48 საათის განმავლობაში გააფორმოს კონტრაქტი NBA-ს ნებისმიერ კლუბთან და ფორვარდს უკვე
გამოუჩნდნენ მსურველები. სმიტის გაფორმებით დაინტერესებულნი არიან "საკრამენტო", "ჰიუსტონი", "დალასი" და "კლიპერსი". როგორც ამერიკულ პრესაში ვარაუდობენ, რეალური პრეტენდენტები არიან "კინგზი" და "როკეტსი", რადგან მათ გაცილებით მეტი თავისუფალი თანხა აქვთ სახელფასო ბიუჯეტში, ვიდრე სხვა კლუბებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"