ჯერ კიდევ მეორე მეოთხედში "კლივლენდი" 11 ქულით იგებდა. თითქის ბლატის გუნდს წინ იოლი მოგება ელოდა ერთ-ერთ აუტსაიდერთან, მაგრამ როცა მეტოქე საკლუბო რეკორდს ამყარებს სამქულიანების რაოდენობით, მოედანზე ყველაფერი კარდინალურად იცვლება. "პისტონზმა" ზედიზედ ოთხი შორეული ტყორცნა მოათავსა კალათში
ლავმა და ჯეიმსმა, რომლებმაც ჩააგდეს ეს მატჩი, მოახერხეს ჯერ კიდევ პირველ ტაიმში სხვაობის შემცირება, მაგრამ მესამე მეოთხედის სტარტზე სტუმრებმა ორნიშნა უპირატესობა მოიპოვეს, მატჩის ბოლოს კი ვან განდის გუნდის ჰანდიკაპი სამარცხვინო 27 ქულამდე გაიზარდა.
ჯოშ სმიტის გაშვების შემდეგ "დეტროიტმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო. სტუმრებმა 17 სამქულიანი მოათავსეს კალათში, ამასთან, ექვსმა კალათბურთელმა გაიფორმა ორი ან მეტი ზუსტი შორეული ტყორცნა.
"კლივლენდის" რიგებში მუხლის ტრავმის გამო ისევ ვერ ვიხილეთ კაირი ირვინგი.
კლივლენდი-დეტროიტი 80:103
28:17, 19:33, 14:27, 19:26
კ: ლავი (20+10 მოხსნა), ტომპსონი (18+11 მოხსნა), ჯეიმსი (17+10 მოხსნა+7 პასი).
დ: ჯენინგსი (25+6 პასი), დრამონდი (16+17 მოხსნა+5 დაფარება), მიქსი (14), კოლდუელ-პოუპი (13), ჟერებკო (10+7 მოხსნა), მონრო (10+6 მოხსნა).
* * *
"სან ანტონიოს" კვლავ სერიოზული პრობლემები აქვს ტრავმირებულ მოთამაშეებთან მიმართებაში, თუმცა პოზიტიური ახალი ამბავი იყო პატი მილზის მწყობრში ჩადგომა, რომელსაც ამ სეზონში არ უთამაშია მხარზე ოპერაციის გამო. სწორედ მისმა თამაშმა მეოთხე მეოთხედში საშუალება მისცა "სპურსს", გამკლავებოდა "ჰიუსტონს", რომელსაც ძალიან ბევრი შეცდომა (25) დაუგროვდა, მაგრამ მაინც ბოლომდე იბრძოლა.
ავსტრალიელმა მატჩში მხოლოდ რვა ქულა დააგროვა, მაგრამ ყველა სწორედ ბოლო 12-წუთეულზე მოდის, რომლის დროსაც პოპოვიჩის გუნდმა 15:0 გაქცევა შეასრულა და მასპინძლების უპირატესობა 11 ქულამდე გაიზარდა. მაგრამ ჰარდენმა და ჰოვარდმა საკუთარი სპურტით უპასუხეს - 12:4. სირენამდე 12 წამით ადრე არიზას სამქულიანის შემდეგ ყველაფერი საჯარიმოს ხაზიდან გრინის სიზუსტეზე იყო დამოკიდებული. დენიმ გუნდი არ დააღალატა.
"სან ანტონიოს" რიგებში კვლავ არ იყვნენ ტონი პარკერი და კავაი ლეონარდი, ჯოშ სმიტმა კი მხოლოდ ხუთი ქულა დააგროვა. სამაგიეროდ, კარგად შეერწყა "ჰიუსტონს" კიდევ ერთი ახალწვეული კორი ბრიუერი, რომელმაც 25 ქულა მიითვალა. დავამატებთ, რომ ტიმ დანკანს ერთი ორმაგი დუბლი დარჩა იმისთვის, რომ გაუთანაბრდეს კარლ მელოუნს, რომელსაც კარიერაში 814 დაბლ-დაბლი ჰქონდა.
სან ანტონიო-ჰიუსტონი 110:106
28:33, 28:22, 29:29, 25:22
ს-ა: გრინი (24+5 ჩაჭრა), დანკანი (16+8 მოხსნა+3 ჩაჭრა), ჯინობილი (15), ჯოზეფი (14+6 მოხსნა).
ჰ: ჰარდენი (28+5 პასი), ბრიუერი (25), ჰოვარდი (24+17 მოხსნა), მოტეიუნასი (11).
* * *
კევინ დურანტი კვლავ არ არის მზად მოედანზე დასაბრუნებლად, რასელ უესტბრუკმა კი ამჯერად შოუ ვერ დადგა. "ოკლაჰომას" ლიდერს სროლა აშკარად არ წაუვიდა - 23-დან ექვსი ჩააგდო, თუმცა სტუმრების დანარჩენმა კალათბურთელებმა 58 პროცენტის სიზუსტით ისროლეს. "დალასის" რიგებში ვერ ვიხილეთ ტაისონ ჩენდლერი. ამიტომაც რიკ კარლაილმა, რომელიც მწვრთნელის რანგში მე-1000 შეხვედრას ატარებდა, ცენტრად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად დირკ ნოვიცკი დააყენა. გერმანელმა ბრწყინვალედ ითამაშა - 30 ქულა დააგროვა, რომელთაგანაც 10 ბოლო ხუთ წუთზე მოდის.
უკვე მეოთხე მეოთხედის მეორე წუთზე დირკმა მეხუთე პერსონალური მიიღო და სათადარიგოთა სკამზე დაჯდა, მაგრამ შემდეგ კარლაილმა გერმანელი მაინც შეუშვა მოედანზე და "მავერიქსმა" გატეხა მეტოქის წინააღმდეგობა. არადა, "თანდერი" მესამე მეოთხედში 7 ქულით დაწინაურდა, მაგრამ ბოლო მეოთხედში არათუ ვერ შეძლო გერმანელის შეჩერება, არამედ 11:2 გაქცევა გამოეპარა.
დალასი-ოკლაჰომა 112:107
33:26, 31:32, 17:30, 31:19
დ: ნოვიცკი (30), პარსონსი (26), ელისი (18+5 პასი), რონდო (15+6 მოხსნა+7 პასი).
ო: იბაკა (26+10 მოხსნა), ჯექსონი (21), უესტბრუკი (18+9 მოხსნა+9 პასი+5 ჩაჭრა), ს. ადამსი (11+6 მოხსნა), ჯონსი (10).
* * *
"პორტლენდმა" აშკარად დასცინა ნაწილებად დაშლილ "ნიუ იორკს", რომელმაც ზედიზედ მერვე შეხვედრა წააგო. "ბლეიზერსმა" მეტოქის უძლური დაცვის წინააღმდეგ 16 სამქულიანი გამოიყენა, რომელთაგანაც ექვსი უესლი მეტიუზის ანგარიშზეა. სხვათა შორის, ეს კალათბურთელი სეზონის ლიდერია 108 ზუსტი შორეული ტყორცნით.
მეორე მეოთხედში ბატუმის მორიგი ზუსტი სამქულიანის შემდეგ დაფიქსირდა ანგარიში - 50:32, ამასთან, 30 ქულა მეტიუზისა და ბატუმის ანგარიშზე იყო. მეორე ტაიმში მოედანზე არ გასულა კარმელო ენტონი, რომელსაც ისევ ასტკივდა მუხლი. დერეკ ფიშერის განკარგულებაში მხოლოდ რვა კალათურთელი დარჩა. შესაბამისად, "პორტლენდმა" ლამარკუს ოლდრიჯის არყოფნაში ძალიან იოლად მოიპოვა 25-ე გამარჯვება. ამ მაჩვენებლით ორეგონელები, ჯერჯერობით, ლიდერები არიან. "პორტლენდმა" ბოლო ცხრა მატჩში მერვედ მოიგო.
პორტლენდი-ნიუ იორკი 101:79
31:22, 24:19, 21:17, 25:21
პ: მეტიუზი (28+5 პასი), ბატუმი (17), კამანი (13+9 მოხსნა), ლილარდი (11+6 პასი), ფრილენდი (10+10 მოხსნა).
ნ-ი: ჰარდუეი (17+5 პასი), ენტონი (13), ოლდრიჩი (12+19 მოხსნა+4 ჩაჭრა), ეისი (12).
* * *
"ტორონტო" აგრძელებს წარმატებულ ტურნეს დასავლეთ კონფერენციაში. "კლიპერსზე" გამარჯვების შემდეგ კანადელთა მსხვერპლი გახდა "დენვერი", რომელიც მეოთხე მეოთხედის შუამდე უძალიანდებოდა აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერს.
მეორე მეოთხედში "რეპტორზმა" კომფორტული 12-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ პირველი ნახევრის ბოლოს ჩავარდა და 10:2 სპურტი გამოეპარა, მესამე 12-წუთეულში კი ტაი ლოუსონმა მასპინძლებს წინ გასვლის საშუალებაც მისცა. დამაინც, "ტორონტოს" კლასმა და უკეთესმა სათამაშო ფორმამ თავისი გაიტანა. ლუ უილიამსმა დაამტკიცა, რომ კეისის გუნდს ერთ-ერთი საუკეთესო სათადარიგოთა სკამი აქვს. მან ლაურისთან და ჯონსონთან ერთად 9:0 გაქცევა შეასრულა, რამაც სტუმრებს 10-ქულიანი უპირატესობა მოუტანა. "ნაგეტსმა" მატჩის ბოლომდე ვერ შეძლო ამ ჩამორჩენის გაბათილება და ბოლო ოთხ მატჩში მესამედ წააგო.
დენვერი-ტორონტო 102:116
24:27, 30:33, 33:28, 15:28
დ: ლოუსონი (28+7 პასი), ჩენდლერი (20+10 მოხსნა), ფარიდი (17+19 მოხსნა).
ტ: უილიამსი (31), ლაური (30+7 მოხსნა+11 პასი), ჯონსონი (13), ჰენსბრო (10+6 მოხსნა).
* * *
აუტსაიდერებთან წარუმატებელი სერიის შემდეგ "ფინიქსმა" "ლეიკერსზე" გამარჯვებით ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გაიფორმა. კალიფორნიელებს ვერ უშველა სამმატჩიანი პაუზის შემდეგ კობი ბრაიანტის მოედანზე დაბრუნებამ. სკოტის გუნდი თანაბრად იბრძოდა პირველ ტაიმში, მაგრამ მეორეში "სანზი" 14:3 გაიქცა. მართალია, მეოთხე მეოთხედში მასპინძლებმა 14-ქულიანი ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ "ფინიქსმა" მაშინვე თავისი ადგილი მიუჩინა მეტოქეს. ტაკერმა და მარკიფ მორისმა ზედიზედ ოთხი ქულა აიღეს და როცა საქმე სწრაფი ჯარიმების ტაქტიკამდე მივიდა, ტომასმა და ბლედსოუმ იდეალურად შეასრულეს ზედიზედ ექვსი საჯარიმო. აღსანიშნავია, რომ არიზონელებმა ბოლო რვა დაპირისპირებაში მეშვიდედ მოუგეს "ლეიკერსს".
ლეიკერსი-ფინიქსი 107:116
28:26, 28:29, 25:33, 26:28
ლ: ნ. იანგი (21), ლინი (19), ჯონსონი (14), დევისი (11+8 მოხსნა), ბრაიანტი (10+8 მოხსნა+7 პასი), პრაისი (10).
ფ: დრაგიჩი (24), ბლედსოუ (22+8 მოხსნა+8 პასი), ტომასი (15+3 ჩაჭრა), მარკიფ მორისი (12+7 მოხსნა), ტაკერი (12).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"