კარმელოსთვის სეზონის გაგრძელებას აზრი არ ჰქონდა, რადგან "ნიუ იორკი" 10 მოგებითა და 43 წაგებით ბოლო ადგილზეა რეგულარულ ჩემპიონატში და არ აქვს პლეი ოფში გასვლის პრეტენზია. საინტერესოა, რომ "ნიუ იორკმა" ამ სეზონში 13 მატჩი ჩაატარა ენტონის გარეშე და ყველა წააგო. კარმელომ 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა და საშუალოდ 24.2 ქულა, 6.6 მოხსნა და 3.1
ახლა კალათბურთელს მუხლზე ოპერაცია ელის, თუმცა ქირურგიული ჩარევის ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. კარმელო მომავალი სეზონის სტარტისთვის მწყობრში იქნება. მელოს წლიური ხელფასი 22.45 მილიონ დოლარს უტოლდება.
გუშინ NBA-ში
- "საკრამენტოს" ხელმძღვანელობა ცდილობს "დენვერ ნაგეტსის" მცველის, არონ აფლალოს გადაბირებას. ამ კალათბურთელის გაფორმებით დაინტერესებულია "კინგზის" მთავარი მწვრთნელი ჯორჯ კარლი, რომელიც "დენვერში" მუშაობის დროიდან იცნობს აფლალოს სათამაშო თვისებებს.
- "ბოსტონ სელტიქსმა" "ფინიქსის" გამთამაშებლის - გორან დრაგიჩის გაფორმების სურვილი გამოთქვა. "კელტებს" ამ კალათბურთელის ხელში ჩასაგდებად კონკურენციას გაუწევს "საკრამენტო", რომელსაც ასევე აქვს სლოვენიელის გაფორმება ჩაფიქრებული.
- "მინესოტა" აპირებს "ბრუკლინ ნეტსის" ვეტერანი ფორვარდის, კევინ გარნეტის თავის რიგებში დაბრუნებას. გარნეტი "მგლების" შემადგენლობაში 12 წელი თამაშობდა და შემდეგ "ბოსტონში" გადავიდა, სადაც ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. "მინესოტას" ბოსები მზად არიან, "ნეტსს" ფორვარდი ტადეუშ იანგი დაუთმონ 38 წლის ვეტერანის სანაცვლოდ.
- "მილუოკი" გეგმავს "იუტას" თურქი ცენტრის, ენეს კარტერის გაფორმებას, რომელმაც შემადგენლობაში უნდა შეცვალოს ლარი სანდერსი. "ჯაზის" ბოსები მზად არიან, მოისმინონ "ბაქსის" წინადადება და ამის შემდეგ მიიღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას.
- "ნიუ ორლეანი" კვლავინდებურად წამყვანი გამთამაშებლის, ჯრიუ ჰოლიდეის გარეშე თამაშობს. მოთამაშე ახლოს იყო მოედანზე დაბრუნებასთან, მაგრამ ვარჯიშის დროს მარცხენა კოჭის ტრავმა მიიღო და ახლა კიდევ სამ თვეს გამოტოვებს.
- მცველმა რეჯი ჯექსონმა "ოკლაჰომას" ხელმძღვანელობას სხვა კლუბში გაშვება სთხოვა. კალათბურთელს სასტარტო ხუთეულში თამაში სურს, "თანდერის" სამწვრთნელო შტაბს კი არ შეუძლია ასეთი შესაძლებლობის მიცემა.
- ცენტრი ლარი სანდერსი, რომელმაც ადრე კონტრაქტი გაწყვიტა "მილუოკისთან", არ აპირებს ამ სეზონში კარიერის განახლებას. შეგახსენებთ, რომ "ბაქსი" ვალდებულია, 2022 წლამდე კალათბურთელს 14.5 მილიონი დოლარი გადაუხადოს.
- "ლოს ანჯელეს კლიპერსის" წამყვანი ფორვარდი ბლეიკ გრიფინი აგრძელებს აღდგენას გასული კვირის დასაწყისში მარჯვენა იდაყვზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ. "ჯერჯერობით ზუსტად არ შემიძლია იმის თქმა, როდის დავბრუნდები მოედანზე. ყველაფერი ექიმების გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ჯერჯერობით ისინი ამბობენ, რომ ჩემი აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს", - განაცხადა გრიფინმა.
- დაბოლოს, 52 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი კალათბურთელი ჯერომ კერსი. სიკვდილის მიზეზის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. ფორვარდმა ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში 17 სეზონი გაატარა; თამაშობდა "პორტლენდის", "გოლდენ სტეიტის", "ლეიკერსის", "სიეტლის", "მილუოკისა" და "სან ანტონიოს" რიგებში, რომელშიც 1999 წელს NBA-ს ჩემპიონი გახდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"