გუშინ NBA-ში: ლამარკუს ოლდრიჯი დაშავდა

AutoSharing Option
- "დენვერის" ფორვარდ ტომას რობინსონზე დიდი მოთხოვნაა ასოციაციის კლუბებს შორის. მოთამაშე უკვე მოელაპარაკა "ნაგეტსის" ბოსებს კონტრაქტის გამოსყიდვაზე და უახლოეს დროში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს. კალათბურთელის გადაბირებით დაინტერესებულნი არიან "სან ანტონიო", "ბრუკლინი", "შარლოტი", "მაიამი" და "ფინიქსი".

- "პორტლენდის" ერთ-ერთი ლიდერი ლამარკუს ოლდრიჯი გუშინ არ მონაწილეობდა "მემფისის" წინააღმდეგ მატჩში, რისი მიზეზიცაა მარჯვენა ხელის ცერა თითის დაზიანება. ფორვარდის დაბრუნების შესახებ ინფორმაცია სამედიცინო შემოწმების შემდეგ გახდება ცნობილი.

- თავისუფალი აგენტი ანდრეი კირილენკო, რომელმაც ამ დღეებში გაწყვიტა კონტრაქტი "ფილადელფიასთან", სავარაუდოდ, კარიერას ევროპაში გააგრძელებს. ელიან, რომ
ფორვარდი მისთვის კარგად ნაცნობ მოსკოვის ცსკა-ში დაბრუნდება, რომელთანაც მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმებს კონტრაქტს.

- "დალასის" ფორვარდი ჩენდლერ პარსონსი ისევ არ არის მზად თავისი გუნდისთვის დასახმარებლად. 26 წლის კალათბურთელს პრობლემები აქვს ტრავმირებულ ფეხთან. ამიტომაც ნამდვილად გამოტოვებს უახლოეს მატჩებს "ტორონტოსთან" და "ატლანტასთან".

- "ნიუ ორლეანის" მთავარი ვარსკვლავი ენტონი დევისი ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას უახლოესი ერთი-ორი კვირის განმავლობაში. ფორვარდმა მარჯვენა მხრის ტრავმა გაიმიზეზა "მაიამისთან" მატჩში ჰასან უაიტსაიდთან შეჯახების შემდეგ. დავამატებთ, რომ "პელიკანსს" ასევე არ შეუძლია ფორვარდ რაიან ანდერსონის გამოყენება, რომელიც მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო თითქმის ერთ თვეს გამოტოვებს.

- "კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა გუშინ, "ნიუ იორკთან" მატჩში 18 ქულა დააგროვა, რითაც კარიერული მონაგარი 24 383 ქულამდე აიყვანა. ასე რომ, "მეფე" NBA-ს ყველა დროის ბომბარდირთა სიაში 22-ე ადგილზე გადავიდა - მან გაუსწრო "ფილადელფიის" ლეგენდას, ალენ აივერსონს.

დურანტმა ისევ უნდა დაისვენოს
"ოკლაჰომა-სიტის" ლიდერი კევინ დურანტი მინიმუმ ერთი კვირით გამოვიდა მწყობრიდან, - იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

დურანტი ისევ გრძნობს ტკივილს ფეხის არეში, რაც გამოწვეულია ტერფში ჩადგმული ფირფიტით. ეს ქირურგიული ჩარევა კალათბურთელს გასული წლის ოქტომბერში ჩაუტარდა ფეხის მოტეხილობის შემდეგ. პრობლემის მოგვარების გზა შეიძლება იყოს ფირფიტის შეცვლა.

მიმდინარე სეზონში დურანტმა ამ დაზიანების გამო უკვე გამოტოვა 28 მატჩი. არადა, წინა შვიდი წლის განმავლობაში მას მხოლოდ 16 შეხვედრის გამოტოვება მოუწია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული