მოულოდნელად, დაძაბული შეხვედრა გამოუვიდათ "ოკლაჰომასა" და "ფილადელფიას". "თანდერს" ერთმატჩიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა რასელ უესტბრუკი, რომელიც სახის ძვლის დაზიანების გამო მოედანზე ნიღბით გავიდა და სწორედ ის გახდა გუშინდელი საღამოს გმირი.
თუმცა თავდაპირველად ის უნდა ვთქვათ, რომ "ფილადელფიამ" ორჯერ შეძლო ორნიშნა უპირატესობის მიღწევა, მაგრამ ორივეჯერ "ოკლაჰომამ" მოახერხა სხვაობის გაბათილება.
მეორედ ეს მეოთხე მეოთხედში გააკეთა და შემდეგ თავად გავიდა წინ, რაც წესით, გამარჯვების გარანტია უნდა ყოფილიყო
დამატებით დროში კი მოედანზე ერთი კაცი თამაშობდა. ჯერ უესტბრუკის ზუსტი პასით სამქულიანი ჩააგდო ოგასტინმა, რის შემდეგაც "ოკლაჰომას" მხრიდან ქულებს მხოლოდ რასელი აგროვებდა. მან 10 ქულა მიითვალა, იმ დროს, როცა მთლიანად "ფილადელფიამ" რვა ქულა ჩააგდო.
საბოლოოდ, უესტბრუკს ფანტასტიკური სტატისტიკა დაუგროვდა: 49 ქულა, 16 მოხსნა (ორივე კატეგორიაში პირადი რეკორდი), 10 პასი, 3 ჩაჭრა და ერთი დაფარება. ის გახდა პირველი კალათბურთელი მაიკლ ჯორდანის შემდეგ, ვინც ზედიზედ ოთხ შეხვედრაში შეასრულა სამმაგი დუბლი. თუმცა შორეულ 1989 წელს ჯორდანი ოთხ მატჩზე არ გაჩერდა და ზედიზედ 7(!) შეხვედრაში ჰქონდა ტრიპლ-დაბლი.
და კიდევ, უესტბრუკი სეზონის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში პირველ ადგილზე გადავიდა - მან უკან ჩამოიტოვა ჯეიმს ჰარდენი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"