NBA: ლებრონი უკვე მეშვიდეა

AutoSharing Option
- "დალას მავერიქსის" ფორვარდმა დირკ ნოვიცკიმ "ჰიუსტონთან" მატჩში დაგროვებული 10 ქულით პლეი ოფში თავისი საერთო მონაგარი 3489 ქულამდე აიყვანა. ამ მაჩვენებლით მან გაუსწრო "მაიამის" მცველ დუეინ უეიდსა და საერთო სიაში მე-17 ადგილზე გადაინაცვლა.

ნოვიცკის შემდეგი სამიზნე გახდა ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი, რომელსაც პლეი ოფის მატჩებში 3607 ქულა აქვს მოპოვებული. მოქმედი კალათბურთელებიდან კი გერმანელს უსწრებენ - ტონი პარკერი (3715), ლებრონ ჯეიმსი (4469), ტიმ დანკანი (4999) და კობი ბრაიანტი (5640).

- "ჰიუსტონ როკეტსმა" "დალასთან" გუშინდელ შეხვედრაში 14 ჩატენვა შეასრულა. ამით "რაკეტებმა" გაიმეორეს პლეი
ოფის რეკორდი ერთ მატჩში დანკების რაოდენობით. ეს რეკორდი 15 წლის წინ "ლეიკერსმა" დაამყარა.

- "კლივლენდ კავალიერზის" ფორვარდმა ლებრონ ჯეიმსმა "ბოსტონთან" სერიის მეორე მატჩში 30 ქულა დააგროვა და ახლა 4469 ქულით პლეი ოფის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელების სიაში მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა. "მეფემ" უკან ჩამოიტოვა ლეგენდარული ჯერი უესტი.

ამ მომენტისთვის, 30 წლის ლებრონზე მაღლა არიან: კარლ მელოუნი (4761), ტიმ დანკანი (4999), შაკილ ო'ნილი (5250), კობი ბრაიანტი (5640), ქარიმ-აბდულ ჯაბარი (5762) და მაიკლ ჯორდანი (5987).

- "ვაშინგტონ უიზარდსის" გამთამაშებელმა ჯონ უოლმა 17 შედეგიანი პასი შეასრულა "ტორონტოსთან" შეხვედრაში. ეს ახალი საკლუბო რეკორდია პლეი ოფის მატჩებისთვის. წინა რეკორდი - 14 შედეგიანი გადაცემა გილბერტ არენასს ეკუთვნოდა, რომელმაც 2004-05 წლების სეზონში, მეორე რაუნდში "მაიამისთან" მატჩში გამოიჩინა თავი.

ტრავმები
- "ტორონტო რეპტორზის" გამთამაშებელმა კაილ ლაურიმ ვერ შეძლო "ვაშინგტონის" წინააღმდეგ მატჩის დასრულება. ამის მიზეზი გახდა მარცხენა ფეხის ტრავმა, რომელიც მცველმა მეოთხე მეოთხედში მიიღო. დღეს კალათბურთელს სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და გაირკვევა - შეძლებს თუ არა "ტორონტოს" ლიდერი სერიის მესამე მატჩში მონაწილეობას.

- "დალას მავერიქსის" ფორვარდმა ჩენდლერ პარსონსმა, შესაძლოა, პლეი ოფის ბოლომდე ვერ შეძლოს თამაში მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო. ამ დაზიანებამ კალათბურთელს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო ექვსი მატჩი გამოატოვებინა, თუმცა მონაწილეობა მიიღო "ჰიუსტონთან" სერიის პირველ მატჩში. გუშინ კი პარსონსი მოედანზე ვერ ვიხილეთ. მას ამ დღეებში სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება და ცნობილი გახდება აღდგენის ზუსტი თარიღი.

- "ჩიკაგო ბულზის" ფორვარდმა ნიკოლა მიროტიჩმა, შესაძლოა, მონაწილეობა ვერ მიიღოს "მილუოკისთან" სერიის მესამე მატჩში. სერბული წარმოშობის ესპანელ კალათბურთელს მარცხენა ბარძაყის კუნთი აქვს დაზიანებული. "ხარების" დამრიგებლის, ტომ ტიბოდოს თქმით, 24 წლის კალათბურთელს რამდენიმე დღე დასჭირდება სრული გამოჯანმრთელებისთვის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული