"ხარების" წარმომადგენლები და ფრედ ჰოიბერგი უარს ამბობენ ნებისმიერი ჭორის კომენტარზე, რომელიც ახალგაზრდა მწვრთნელს ილინოისურ კლუბთან აკავშირებს, მაგრამ საკალათბურთო მიმომხილველები ერთხმად აღიარებენ, რომ მხარეებმა უკვე შეათანხმეს ხუთწლიანი კონტრაქტის დეტალები, რომლის მიხედვითაც აიოვას უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის ამჟამინდელი დამრიგებელი 25 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
- თითქმის დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ "გოლდენ სტეიტის" მცველი კლეი ტომპსონი, რომელმაც "ჰიუსტონთან" სერიის მეხუთე მატჩში ტვინის შერყევა მიიღო, მოასწრებს "კლივლენდთან" დაპირისპირების პირველი შეხვედრისთვის აღდგენას.
ეს დაადასტურა "უორიორზის" დამრიგებელმა
- "ჰიუსტონის" ცენტრმა დუაიტ ჰოვარდმა ერთმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ტექნიკური და არასპორტული ჯარიმების ზედმეტი რაოდენობის გამო. "სუპერმენი" ამ ერთ შეხვედრას მომავალი რეგულარული ჩემპიონატის სტარტზე გამოტოვებს.
- ამასობაში, "ჰიუსტონის" ლიდერმა ჯეიმს ჰარდენმა გამოთქვა აზრი იმის შესახებ, რომ კლუბის ხელმძღვანელობამ ამ ზაფხულს უნდა იზრუნოს გამთამაშებლის პოზიციის გაძლიერებაზე. შეგახსენებთ, რომ პლეი ოფში ტექსასელები იძულებულნი იყვნენ ტრავმირებული პატრიკ ბევერლის გარეშე ეთამაშათ და მხოლოდ ვეტერანების - ჯეისონ ტერისა და პაბლო პრიჯიონის იმედად დარჩნენ, რომელთა მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა ტიტულის მოსაპოვებლად.
- ტრავმირებულ მხარზე ოპერაციის შემდეგ "კლივლენდის" ფორვარდმა კევინ ლავმა პირველი ინტერვიუ მისცა პრესას და განაცხადა, რომ არ აპირებს ამ ზაფხულს გეგმების შეცვლას. კერძოდ, ფორვარდს შეუძლია გახდეს შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი, თუ გამოიყენებს მის კონტრაქტში არსებულ პუნქტს კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის შესახებ. ლავს ძალიან ბევრი მთხოვნელი ჰყავს "ბოსტონის", "ლეიკერსისა" და სხვა კლუბების სახით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"