NBA. ფინალი. V მატჩი: წყალში გადაყრილი სამმაგი დუბლი

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" მთავარმა მწვრთნელმა არ შეცვალა ახალი სასტარტო შემადგენლობა, რომელმაც წინა შეხვედრაში გაამართლა. ცენტრის პოზიციაზე ენდრიუ ბოგუტის ადგილას ისევ დრეიმონდ გრინი ვიხილეთ, რომელმაც სტარტზე ორჯერ გადაატენა ბურთი ტიმოფეი მოზგოვს.

ამას დაემატა კლეი ტომპსონისა და სტივენ კარის ტრადიციული სწრაფი თამაში და ამან გამოიწვია მასპინძლების 8:2 გაქცევა. ამის გამო დევიდ ბლატს მოუწია სასწრაფოდ ტაიმ-აუტის აღება და მოზგოვის სათადარიგოთა სკამზე დასმა. რუსმა მოედანზე 4 წუთი და 51 წამი გაატარა და მესამე მეოთხედის ბოლომდე მოედანზე არ გამოჩენილა.

ბლატის სვლამ გაამართლა: მოედანზე გამოსულმა ჯეი არ
სმიტმა სტუმრების თამაშში დაბრუნებას დაუდო სათავე - მის ანგარიშზე ორი ზუსტი სამქულიანი იყო. მართალია, იქვე სმიტმა არასპორტული ჯარიმა მიიღო, მაგრამ "კლივლენდმა" აშკარად დაიჭირა თამაშის რითმი. და, როცა იმან შამპერტმა კიდევ ერთი შორეული ტყორცნით პირველად გაიყვანა სტუმრები წინ - 17:16, ისე ჩანდა, რომ "კავალიერზი" მეტოქეს მისსავე იარაღით დამარცხებას უპირებდა.

თუმცა სტუმრების გაქცევის მიზეზი არა სამქულიანები, არამედ ლებრონ ჯეიმსი გახდა. მან შორეული ტყორცნაც ჩააგდო, საშუალო სროლაც და სამწამიანიდანაც გამოიჩინა თავი ორმაგი მეურვეობის დროს - 30:37.

თუმცა შვიდქულიანი უპირატესობა "კლივლენდისთვის" - საეჭვო ცნებაა. სწორედ ამდენს იგებდნენ "კავალერები" წინა მატჩის სტარტზე, მაგრამ შეხვედრა მათი განადგურებით დასრულდა. და მართლაც, გუშინ, მათი ლიდერობა ისევ ამ ნიშნულზე დარჩა. მეორე და მესამე მატჩების გმირი მეტიუ დელავედოვა ამჯერად ვეღარ იჭერდა კარის. და "გოლდენ სტეიტის" სუპერსნაიპერი ორი ზუსტი სამქულიანის შემდეგ ძალიან იოლად დაბრუნდა თამაშში. "კლივლენდი" კი შემთხვევით სროლებზე გადავიდა - ჯეიმსმაც კი ერთხელ სამქულიანი ფარს ვერ მოახვედრა.

პირველი ტაიმის შემდეგ სხვაობა ერთი ქულა იყო "უორიორზის" სასარგებლოდ - მაიკ მილერმა პირველ ნახევარში "კლივლენდის" რიგით მეშვიდე სამქულიანი ჩააგდო, მაგრამ იქვე ჰარისონ ბარნსმა ერთ შეტევაში სამი ქულა აიღო - 51:50 "უორიორზის" სასარგებლოდ.

პირველ ნახევარში კლეი ტომპსონი ერთგვარად ჩრდილში მოექცა, თუმცა მესამე მეოთხედში კარგად დაეხმარა გუნდს, როცა სამქულიანი შეტევა შეასრულა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა. სამაგიეროდ, "უორიორზის" სხვა მოთამაშეები იყენებდნენ სტუმრების დაცვაში არსებულ ხარვეზებს და ფარქვეშ აღწევდნენ. "კლივლენდი" კი ისევ მოიკოჭლებდა თამაშიდან რეალიზაციის მხრივ - პირველ სამ მეოთხედში მხოლოდ 38 პროცენტი. ბოლო შესვენებაზე ბლატის შეგირდები ექვსქულიანი ჩამორჩენით გავიდნენ.

მეოთხე მეოთხედი "გოლდენ სტეიტმა" ნამდვილი ცენტრით ფესტუს ეზელით დაიწყო. "კლივლენდი" თითქოს ამას ელოდა და ისევ აამოქმედა სამქულიანები. ჯერ ლებრონმა თავად ჩააგდო, შემდეგ კი პერიმეტრზე შამპერტი მონახა - 75:75! სწორედ ამ სათამაშო ეპიზოდში ჯეიმსმა მეათე შედეგიანი პასი შეასრულა და ამ ფინალურ სერიაში მეორე სამმაგი დუბლი შეასრულა.

"კლივლენდმა" თამაშის მოგების კარგი შანსი მიიღო. ლებრონმა მორიგ 40 ქულას დაუმიზნა. მაგალითად, ფანტასტიკური ბურთი ჩააგდო 10 მეტრიდან, თან წინააღმდეგობისას! მაგრამ "კავალერებს" ერთი რამ დაავიწყდათ: "მეომრრების" შემადგენლობაშიც არიან სუპერსნაიპერები, თანაც მინიმუმ ორი. და ჯერ კარიმ, შემდეგ ტომპსონმა სულ მალე ისევ გამოაცოცხლეს დარბაზი - 85:80.

"კლივლენდი", როგორც შეეძლო, ახერხებდა ბრძოლას, ერთხელ მინიმუმამდეც შეამცირა სხვაობა, მაგრამ შემდეგ ისევ დაიწყო დაცვაში შეცდომების დაშვება. სტუმრებზე ძალიან ცუდად იმოქმედა პრაქტიკულად როტაციის გარეშე თამაშმა, მოზგოვის არყოფნაში კი ფარქვეშ ბრძოლას აგებდნენ. აქ ერთი სახასიათო მომენტი უნდა აღვწეროთ: იგუოდალამ შეტევაში მოხსნის შემდეგ ჯარიმასთან ერთად ჩააგდო ბურთი და შვიდ ქულამდე გაზარდა უპირატესობა. "საპრიზო" ჯარიმა მან ააცილა, მაგრამ მასპინძლებმა ისევ აიღეს შეტევაში მოხსნა, შემდეგ ისევ... და ისევ! შედეგად, "გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ ოთხი შეტევის უფლება მიიღო!

ბრძოლა, ფაქტობრივად, საფინალო სირენამდე 2.44 წუთით ადრე დასრულდა, როცა კარიმ მორიგი სამქულიანი ჩააგდო - 96:86. მაყურებელი მატჩის ბოლომდე სკანდირებდა: "M-V-P!!!". მწვრთნელმა სპეციალურად არ გაიყვანა კარი მოედნიდან, რათა მცველს სრულად მიეღო სიამოვნება ამ მომენტისგან. "გოლდენ სტეიტს" ერთი მოგება სჭირდება ტიტულამდე, რომელიც 40 წელია არ ღირსებია.

ციფრები მეხუთე მატჩიდან
- სტივენ კარიმ თავისი 37 ქულიდან 17 ბოლო მეოთხედში დააგროვა. სულ მან 13-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. ფინალის ერთ მატჩში რეალიზებული შორეული ტყორცნების რაოდენობით რეკორდი რეი ალენს ეკუთვნის (8 - 2010 წელს "ბოსტონისა" და "ლეიკერსის" სერიაში).

- ლებრონ ჯეიმსმა 40 ქულა, 14 მოხსნა და 11 შედეგიანი პასი დააგროვა - ეს მისი მეორე სამმაგი დუბლია მიმდინარე სერიაში და მეექვსე ფინალებში მთელი კარიერის განმავლობაში. ამასთან, ლებრონმა სერიაში მესამედ დააგროვა მინიმუმ 40 ქულა. ჯერი უესტისა და მაიკლ ჯორდანის რეკორდის გამეორებამდე ჯეიმსს კიდევ ერთი ასეთი მატჩი სჭირდება.

გ. სტეიტი-კლივლენდი 104:91
22:22, 29:28, 22:17, 31:24
გ-ს: კარი (37+7 მოხსნა), დ. გრინი (16+9 მოხსნა), იგუოდალა (14+8 მოხსნა+7 პასი), ბარბოზა (13), კ. ტომპსონი (12).
კ: ჯეიმსი (40+14 მოხსნა+11 პასი), ტ. ტომპსონი (19+10 მოხსნა), სმიტი (14+7 მოხსნა), შამპერტი (10).
სერია: 3-2

***
- "ფილადელფიას" ცენტრი ჯოელ ემბიდი ვერ შეძლებს მომავალ საზაფხულო ლიგაზე გამოსვლას - კამერუნელის ტერფის აღდგენა ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ვიდრე ამას ექიმები ვარაუდობდნენ. ლოს ანჯელესში სკანირებამ აჩვენა, რომ ემბიდი ჯერ მზად არ არის სრულფასოვანი დატვირთვებისთვის.

- თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ "დეტროიტის" მძიმე ფორვარდი გრეგ მონრო ზაფხულში კლუბს შეიცვლის. The Racine Journal Times შეუზღუდავი უფლებების თავისუფალ აგენტს "ნიუ იორკში" ან "ბოსტონში" უშვებს. ოფიციალურად ახალ გუნდთან შეერთება მონროს პირველი ივლისიდან შეეძლება.

- "შარლოტის" ლიდერმა ელ ჯეფერსონმა გადაწყვიტა, რომ კიდევ მინიმუმ ერთი წელი დარჩება "ჰორნეტსის" რიგებში. 30 წლის კალათბურთელს აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს კონტრაქტში არსებული პუნქტი და თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდეს, მაგრამ არ აპირებს ამის გაკეთებას. მომავალ სეზონში ვეტერანი ცენტრი 13.5 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.

- "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" მომავალ დრაფტზე, შესაძლოა, ლატვიელი ფორვარდი კრისტაპს პორზიგისი აირჩიოს, რომელმაც ამასწინ მოხიბლა სკაუტები ლას ვეგასში გამართული ღია ვარჯიშის დროს. კალიფორნიელებს დრაფტზე მეორე ნომრის არჩევის უფლება აქვთ და შეუძლიათ გეგმები ჩაუშალონ "ფილადელფიას", რომელსაც ასევე სურს 19 წლის ბალტიისპირელის აყვანა.

- NBA-ის ექვსგზის ჩემპიონი მაიკლ ჯორდანი საფრანგეთში იმყოფებოდა, სადაც ინტერვიუ მისცა გაზეთ "ეკიპს". "შარლოტის" მფლობელმა მეშვიდე ტიტულს დაუმიზნა, ამჯერად, კლუბის მფლობელის რანგში: "მინდა მოვიგო კიდევ ერთი ტიტული. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჯერ ისევ ვრჩები კალათბურთში. როცა ეს მოხდება, უბედნიერესი ადამიანი ვიქნები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული