როგორც იცით, უეიდმა გაწყვიტა ფლორიდულ კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება და პირველი ივლისიდან თავისუფალი აგენტების ბაზარზე გავიდა. იტყობინებოდნენ, რომ 33 წლის მცველმა ვერ მოახერხა "ჰიტთან" მოლაპარაკება ახალ კონტრატზე.
- ლამარკუს ოლდრიჯი "ლეიკერსში" არ გადავა. "ლოს ანჯელეს თაიმსის" მიმომხილველის, მაიკ ბრესნეჰენის ინფორმაციით, "პორტლენდის" ფორვარდი ვერ მოიხიბლა კალიფორნიელთა წინადადებით. გარდა ამისა, სასურველი შედეგი არ მოიტანა ოლდრიჯისა და კობი ბრაიანტის საუბარმა.
ამასთან, იტყობინებიან, რომ ლამარკუსი მოხიბლული ყოფილა "ჰიუსტონის" შეთავაზებით.
შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს
- "გოლდენ სტეიტმა" ხუთწლიანი კონტრაქტის დეტალები შეათანხმა ფორვარდ დრეიმონდ გრინთან, რომლის მიხედვითაც, საჩემპიონო შემადგენლობის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელი 85 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
- "საკრამენტო" ჩაერთო მცველ უესლი მეტიუზისთვის ბრძოლაში, რომელზეც ასევე პრეტენზიას "დალასი" და "ტორონტო" აცხადებენ. იმის გამო, რომ "კინგზი" ასევე დაინტერესებულია რაჟონ რონდოსა და მონტა ელისის გადაბირებით, კლუბს სახელფასო ბიუჯეტის განტვირთვისთვის გაცვლის განხორციელება მოუწია "ფილადელფიასთან". შედეგად, "სიქსერზში" გადადიან ფორვარდები: ჯეისონ ტომპსონი და კარლ ლენდრი, აგრეთვე, მცველი ნიკ სტაუსკასი.
- ფორვარდმა პოლ მილსეპმა, რომელსაც რამდენიმე სარფიანი შეთავაზება აქვს, არჩევანი თავის ამჟამინდელ კლუბზე - "ატლანტაზე" გააკეთა და მასთან სამწლიანი და 58-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა.
- "ნიუ ორლეანმა" თავის ორ ცენტრთან - ომერ აშიქთან და ალექსის აჟინკასთან მიაღწია შეთანხმებას. ორივე ევროპელი ოთხწლიან ხელშეკრულებას მიიღებს. აშიქი ამ დროის განმავლობაში 60 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, აჟინკა - 20 მილიონს.
- "მემფისის" მფლობელი რობერტ პერა ბარსელონაში ჩაფრინდა ცენტრ მარკ გასოლთან ახალი კონტრაქტის პირობებზე მოსალაპარაკებლად. შეგახსენებთ, რომ ესპანელმა სხვა კლუბებთან მოლაპარაკების წარმოებაზე უარი განაცხადა.
- "კლიპერსი" დაინტერესებას გამოთქვამს ცენტრ კენდრიკ პერკინსის შეძენით. კალიფორნიელებს სურთ, კალათბურთელს ვეტერანის მინიმალური კონტრაქტი შესთავაზონ. გასული სეზონი პერკინსმა "კლივლენდში" დაასრულა, სადაც ძირითად დროს სათადარიგოთა სკამზე ატარებდა, თავის დროზე კი, დოკ რივერსის ხელმძღვანელობით, "ბოსტონში" თამაშობდა.
- ესპანელმა მცველმა სერხიო ლიულმა ისევ უარი თქვა ოკეანის გაღმა გადაბარგებაზე. როგორც Yahoo! Sports-ის მიმომხილველი ედრიან ვოინაროვსკი წერს, მადრიდის "რეალის" კალათბურთელმა არ მიიღო "ჰიუსტონის" წინადადება და თავის ამჟამინდელ კლუბში დარჩენა ამჯობინა. ასე რომ, "როკეტსი", დიდი ალბათობით, შეეცდება შემადგენლობაში პატრიკ ბევერლის შენარჩუნებას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"