NBA. რეგულარული ჩემპიონატი: "გოლდენ სტეიტს" სათადარიგოები დასჭირდა

AutoSharing Option
გუშინ, რეგულარულ ჩემპიონატში მხოლოდ სამი მატჩი იყო, რომელთგანაც ორი ლოგიკური შედეგით დასრულდა, ხოლო ერთში მოულოდნელად "ჩიკაგომ" შინ წააგო "ვაშინგტონთან". დედაქალაქელები მარცინ გორტატის, კრის ჰემფრიზისა და ბრედლი ბილის გარეშე თამაშობდნენ, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მათთვის, მატჩის მსვლელობისას 18-ქულიანი უპირატესობა მოეპოვებინათ.

"ჩიკაგომ" შეძლო მეოთხე მეოთხედის სტარტისთვის სხვაობის ოთხ ქულამდე შემცირება, მაგრამ იქვე "ვაშინგტონი" 13:2 გაიქცა და საფინალო სირენამდე ექვსი წუთით ადრე, 15-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა, რის შემდეგაც, გამარჯვება აღარ გასჭირვებია.

"უიზარდსის" რიგებში შვიდმა კალათბურთელმა შეძლო მინიმუმ 10 ქულის დაგროვება, მათგან ყველაზე შედეგიანი
კი ჯონ უოლი იყო - 17 ქულა და 10 შედეგიანი პასი.

"ვაშინგტონმა" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო, არადა, მანამდე ექვს შეხვედრაში ხუთი წაგება ჰქონდა. "ჩიკაგომ" კი შეწყვიტა შინ ხუთმატჩიანი მოგებათა სერია, თუმცა ზედიზედ მე-11 მატჩში დააგროვა მინიმუმ 100 ქულა, რაც 1995 წლის შემდეგ არ მომხდარა.

"ბულზის" ლიდერმა დერიკ როუზმა 23 ქულა დააგროვა და კარიერული 7 383 ქულით, "ჩიკაგოს" ყველა დროის ბომბარდირებს შორის მეათე ადგილზე გადავიდა. მან ბენ გორდონს გაუსწრო, ხოლო მეცხრე ადგილზე მყოფ რეჯი ტეუსს დაახლოებით 900 ქულით ჩამორჩება.

* * *
მოიგეს გუშინ, დასავლეთი კონფერენციის ლიდერებმა. "სან ანტონიომ" სტუმრად სძლია უმწვრთნელოდ დარჩენილ "ბრუკლინს" და ეს ძალიან იოლად გააკეთა. თუ "ნეტსი" პირველ ტაიმში ასე თუ ისე ეწინააღმდეგებოდა მეტოქეს, მეორე ნახევარი "სპურსმა" 61:41 მოიგო. გრეგ პოპოვიჩის გუნდისთვის ეს ზედიზედ მერვე მოგება იყო, "ბრუკლინმა" კი შინ ზედიზედ მეათედ წააგო.

უფრო სერიოზული მეტოქე ჰყავდა მთლიანად ჩემპიონატის ლიდერს "გოლდენ სტეიტს". ის შინ იღებდა "მაიამის" და სამი მეოთხედის შემდეგ, მხოლოდ სამ ქულას იგებდა. თავიდან ტყორცნები არ წაუვიდა სტივენ კარის - პირველი ცხრა სამქულიანიდან შვიდი ააცილა, სულ კი 11-დან ოთხი შორეული სროლა მოათავსა კალათში. და საერთოდაც, კარიმ ამ სეზონში პირველად დაასრულა მატჩი მარგი ქმედების კოეფიციენტის უარყოფილი მაჩვენებლით.

ამიტომაც, მეოთხე მეოთხედი "გოლდენ სტეიტის" სათადარიგო მოთამაშეებმა დაიწყეს. და მარის სპეიტსმა, რომელმაც პირველ სამ მეოთხედში ქულა ვერ აიღო, ზედიზედ ექვსი ქულა მიითვალა და საბოლოოდ მოუპოვა თავის გუნდს ინიციატივა. "უორიორზი" ცხრა ქულით გავიდა წინ და ახლოს აღარ მიიკარა მეტოქე. ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში - საფინალო სირენამდე 26 წამით ადრე, სტივენ კარიმ სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში 110:101 გახდა...

"გოლდენ სტეიტმა" ზედიზედ 36-ე საშინაო მატჩი მოიგო, რაც ხანგრძლივობით მეოთხე სერიაა ისტორიაში. აბსოლუტური რეკორდი - ზედიზედ 44 მოგება შინ 1996-97 წლების "ჩიკაგოს" ეკუთვნის.

"ფილადელფია" ლეგენდას დააფასებს
"ფილადელფის სიქსერზის" ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა უკვდავყოს კლუბის ლეგენდის დოლფ შეისის სათამაშო ნომერი. სპეციალური ცერემონია 23 იანვარს, "ბოსტონთან" მატჩის დროს გაიმართება.

"ფილადელფია" საკუთარი არენის თაღზე დაკიდებს მაისურს მე-4 ნომრით, თუმცა "სიქსერზის" ამჟამინდელ წევრს ნერლენს ნოელს უფლება ექნება ითამაშოს შესაბამისი მაისურით "ყველა ვარსკვლავის მატჩის" 12-გზის მონაწილისა და კლუბის ისტორიაში მესამე ბომბარდირის ხსოვნის საპატივცემულოდ.

სახელოვანი ცენტრი "ნიუ იორკმა" 1948 წელს, დრაფტზე მეოთხე ნომრად აირჩია. 1955 წელს, "სირაკუზ ნეშნლზთან" ერთად შეისი NBA-ის ჩემპიონი გახდა. 1973 წელს ის დიდების დარბაზში შეიყვანეს.
შეისი გასული წლის დეკემბერში, 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კვირის მოთამაშეები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გასული კვირის ლაურეატები დაასახელა. აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდი კავალიერზის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც თავის გუნდს ოთხიდან ოთხი მატჩი მოაგებინა. ჯეიმსმა საშუალოდ 26.0 ქულა, 7.8 მოხსნა და 7.0 პასი დააგროვა. მან ორ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა და ორჯერ გადალახა 30-ქულიანი ზღვარი.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" მცველი კრის პოლი, რომელიც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩის მოგებაში დაეხმარა. პოლის ანგარიშზე საშუალოდ 23.7 ქულა, 5.3 მოხსნა, 12.3 შედეგიანი პასი და 2.0 ჩაჭრა მოდის. სამივე მატჩში დააგროვა მინიმუმ 20 ქულა, "პორტლენდთან" შეხვედრაში კი 19 შედეგიანი პასი მიითვალა, რაც ამ სეზონის პირადი რეკორდია.

ჯეიმსის კვირა
4 იანვარი. კლივლენდი-ტორონტო 122:100. 20 ქულა, 7 პასი, 3 ჩაჭრა.
6 იანვარი. ვაშინგტონი-კლივლენდი 115:121. 34 ქულა, 10 მოხსნა, 4 პასი.
8 იანვარი. მინესოტა-კლივლენდი 99:125. 13 ქულა, 12 მოხსნა, 8 პასი.
10 იანვარი. ფილადელფია-კლივლენდი 85:95. 37 ქულა, 7 მოხსნა, 9 პასი.

პოლის კვირა
6 იანვარი. პორტლენდი-კლიპერსი 98:109. 21 ქულა, 19 პასი.
9 იანვარი. კლიპერსი-შარლოტი 97:83. 25 ქულა, 7 მოხსნა, 7 პასი.
10 იანვარი. კლიპერსი-ნიუ ორლეანი 114:111 (ო). 25 ქულა, 5 მოხსნა, 11 პასი, 3 ჩაჭრა.

კვირის მოთამაშის ტიტულზე პრეტენზიას აცხადებდნენ: ელ ჰორფორდი ("ატლანტა"), ჯიმი ბატლერი ("ჩიკაგო"), დანილო გალინარი ("დენვერი"), რეჯი ჯექსონი ("დეტროიტი"), კლეი ტომპსონი ("გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), დეანდრე ჯორდანი ("კლიპერსი"), ზაკ რენდოლფი ("მემფისი"), კარმელო ენტონი ("ნიუ იორკი"), კრისტაპს პორზინგისი ("ნიუ იორკი"), იშ სმიტი ("ფილადელფია"), დამიენ ლილარდი ("პორტლენდი") და კაილ ლოური ("ტორონტო").

ბრუკლინი-სან ანტონიო 79:106
20:22, 18:23, 18:32, 23:29
ბ: ლოპესი (18), ჯონსონი (16), რობინსონი (10).
ს-ა: ოლდრიჯი (25+11 მოხსნა), ლეონარდი (17+8 მოხსნა), მარიანოვიჩი (13), დიაო (11).

ჩიკაგო-ვაშინგტონი 100:114
25:28, 23:34, 26:21, 26:31
ჩ: როუზი (23), ბატლერი (19+7 პასი), პ. გასოლი (15+10 მოხსნა), ბრუქსი (10).
ვ: უოლი (17+10 პასი), სეშენსი (16), ტემპლი (14), პორტერი (14+8 მოხსნა), ნენე (14), ნილი (11), გუდენი (10+12 მოხსნა).

გ. სტეიტი-მაიამი 111:103
27:25, 29:29, 24:23, 31:26
გ-ს: კარი (31+6 პასი), გრინი (22+12 მოხსნა+6 პასი), ტომპსონი (17+7 მოხსნა), ბარნსი (12).
მ: უეიდი (20+11 პასი), გრინი (15), ბოში (15+12 მოხსნა), დენგი (14+10 მოხსნა), დრაგიჩი (13), ჯონსონი (13).

აღმოსავლეთი
თ მ წ %
1. კლივლენდი 35 26 9 74.3
2. ტორონტო 39 24 15 61.5
3. ჩიკაგო 36 22 14 61.1
4. ატლანტა 38 23 15 60.5
5. მაიამი 38 22 16 57.9
6. ინდიანა 37 21 16 56.8
7. დეტროიტი 37 21 16 56.8
8. ორლანდო 38 20 18 52.6
9. ბოსტონი 37 19 18 51.4
10. ნიუ იორკი 39 19 20 48.7
11. ვაშინგტონი 36 17 19 47.2
12. შარლოტი 37 17 20 45.9
13. მილუოკი 39 15 24 38.5
14. ბრუკლინი 38 10 28 26.3
15. ფილადელფია 40 4 36 10.0

დასავლეთი
თ მ წ %
1. გ. სტეიტი 38 36 2 94.7
2. სან ანტონიო 39 33 6 84.6
3. ოკლაჰომა 38 26 12 68.4
4. კლიპერსი 38 25 13 65.8
5. დალასი 38 22 16 57.9
6. მემფისი 39 21 18 53.8
7. ჰიუსტონი 38 19 19 50.0
8. იუტა 37 17 20 45.9
9. საკრამენტო 37 15 22 40.5
10. პორტლენდი 40 16 24 40.0
11. დენვერი 38 14 24 36.8
12. ფინიქსი 39 13 26 33.3
13. მინესოტა 38 12 26 31.6
14. ნ. ორლეანი 36 11 25 30.6
15. ლეიკერსი 39 8 31 20.5

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული