NBA.. რეგულარული ჩემპიონატი: "მეომრების" 41, "სპურსის" 37

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტი" და "სან ანტონიო" არაფრის დიდებით არ მარცხდებიან საკუთარ მოედანზე.

სტივენ კარის არც ისე შედეგიანი თამაშის (26 ქულა) მიუხედავად, NBA-ის მოქმედი ჩემპიონი საკუთარ მოედანზე გაუსწორდა ერთ-ერთ მთავარ კონკურენტს "ოკლაჰომა-სიტის", რომლის რიგებში ისევ ბრწყინავდნენ კევინ დურანტი (40 ქულა, 14 მოხსნა) და რასელ უესტბრუკი (27 ქულა, 12 პასი). შარშანდელი რეგულარული ჩემპიონატიდან მოყოლებული, ეს იყო "გოლდენ სტეიტის" 41-ე გამარჯვება საკუთარ არენაზე. კიდევ სამი საშინაო მოგება და "უორიორზი" გაიმეორებს ლიგის აბსოლუტურ რეკორდს, რომელიც "ჩიკაგოს" ეკუთვნის.

"გოლდენ სტეიტისთვის" ეს იყო სეზონში 50-ე შეხვედრა და
46-ე მოგება. ამით "მეომრებმა" გაიმეორეს საუკეთესო სტარტი ისტორიაში - 50 მატჩში მხოლოდ ოთხი წაგება 1966-67 წლების სეზონში "ფილადელფიას" ჰქონდა. რეგულარულის ბოლომდე დარჩენილ 32 მატჩში, "გოლდენ სტეიტს" კიდევ შვიდი შეხვედრის წაგების უფლება აქვს და ამ შემთხვევაში, გააუმჯობესებს "ჩიკაგოს" "სამუდამო" რეკორდს სეზონში მოგებების რაოდენობით (70 მოგება - 12 წაგება).

მაგრამ, სავარაუდო რეკორდებზე უფრო მნიშვნელოვანია პლეი ოფის გადამწყვეტ ბრძოლებამდე რეგულარულ ჩემპიონატში უშუალო კონკურენტებზე მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა. ცოტა ხნის წინათ, "უორიორზმა" ჯამში 64 ქულის სხვაობით მოუგო "კლივლენდსა" და "სან ანტონიოს", ხოლო გუშინ, 20 ქულას უგებდა "ოკლაჰომას", თუმცა ბოლოს ოდნავ ანერვიულა საკუთარი გულშემატკივარი.

სტუმრებმა შეძლეს ჩამორჩენის გაბათილება, შეხვედრის მიწურულს კი ენეს კარტერმა ანგარიში გაათანაბრა - 104:104. მაგრამ აქ კარიმ და კლეი ტომპსონმა ექვსი უპასუხო ქულა აიღეს და ანგარიში 110:104 გახდა საფინალო სირენამდე წუთნახევრით ადრე. "ოკლაჰომას" ყველა მცდელობას - ისევ დაწეოდა მეტოქეს, კარის ზუსტი სროლა მოჰყვებოდა.

* * *
რაც შეეხება "სან ანტონიოს", მან საშინაო მოგებათა სერია 37 მატჩამდე აიყვანა. თითქოს "სპურსს" იოლი გასეირნება უნდა ჰქონოდა აუთსაიდერი "ლეიკერსის" წინააღმდეგ, მაგრამ ამ გუნდმა ბოლო დროს აშკარად მოუმატა, მისმა ვეტერანმა კობი ბრაიანტმა კი ჩვეული შედეგიანობა გაიხსენა.

კობი კარიერაში ბოლო მატჩს ატარებდა სან ანტონიოში და ამიტომაც, განსაკუთრებით მონდომებული იყო. ბრაიანტმა პირველ ტაიმში ძალიან ბევრი ტყორცნა ააცილა და მხოლოდ ცხრა ქულა აიღო, სამაგიეროდ, მეორე ტაიმში 16 ქულა მიითვალა და სწორედ მისი მონდომებით, "ლეიკერსმა" მეოთხე მეოთხედი ორქულიანი უპირატესობით დაიწყო - 81:79.

ამ სეზონში, "სან ანტონიო" საშინაო მატჩების მეოთხე მეოთხედებში, ჯამში მხოლოდ ორი წუთი იყო ჩამორჩენილი, მაგრამ "ლეიკერსთან" თამაშში დრო გადიოდა, კალიფორნიელები კი ლიდერობას არ თმობდნენ. საფინალო სირენამდე ორი წუთით ადრე, სტუმრები ისევ წინ იყვნენ - 101:99 და სწორედ ამ საპასუხისმგებლო მომენტში "სან ანტონიომ" ბრწყინვალე დაცვა ითამაშა და დარჩენილ ორ წუთში მხოლოდ ერთი ქულა ააღებინა მეტოქეს.

* * *
ზედიზედ ორმატჩიანი წაგებათა სერია შეწყვიტა "კლივლენდმა". ლებრონ ჯეიმსის გუნდმა წინა მატჩში "ბოსტონთან" 15-ქულიანი უპირატესობა გაფლანგა და დამარცხდა. და ახლაც, კინაღამ იგივე დაემართა "ნიუ ორლეანის" წინააღმდეგ. "კავალიერზი" კომფორტული უპირატესობით ლიდერობდა, მაგრამ მეოთხე მეოთხედში მეტოქე წამოეწია (74:70). რომ არა ლებრონისა და კაირი ირვინგის მონდომება (ამ დუეტმა ჯამში 56 ქულა დააგროვა), ფავორიტი ზედიზედ მესამე მარცხის პირას იდგა.

* * *
რაც შეეხება სხვა მატჩებს. შესანიშნავ ფორმაში შევიდა "იუტა ჯაზი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ფინიქსი" და ზედიზედ მეექვსე გამარჯვება გაიფორმა. "სანზმა" კი ზედიზედ მეშვიდე თამაში წააგო.

"ჩიკაგომ" ტრავმირებული ჯიმი ბატლერის გარეშე ითამაშა "მინესოტას" წინააღმდეგ და ბოლო ხუთ მატჩში მეოთხედ დამარცხდა. "მინესოტას" ლიდერმა ენდრიუ უიგინსმა ბოლო 90 წამში ექვსი ქულა აიღო და თავის გუნდს 12:0 გაქცევაში დაეხმარა, რამაც "მგლებს" ზედიზედ მეორე მოგება მოუტანა.

მაგარი კონკურსი იქნება
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ გამოაცხადა "ყველა ვარსკვლავის უქმეებზე" სამქულიანების კონკურსის მონაწილეები. ეს იქნება შთამბეჭდავი სანახაობა, რადგან ერთმანეთს შეეჯიბრებიან ლიგის საუკეთესო სნაიპერები: სტივენ კარი, კლეი ტომპსონი (ორივე - "გოლდენ სტეიტი"), ჯეიმს ჰარდენი ("ჰიუსტონი"), ჯეი ჯეი რედიკი ("კლიპერსი"), კაილ ლოური ("ტორონტო"), დევინ ბუკერი ("ფინიქსი") და კრის ბოში ("მაიამი").

სამქულიანების კონკურსის მოქმედი ჩემპიონია სტივენ კარი.

ჰიუსტონი-პორტლენდი 79:96
23:29, 13:26, 17:19, 26:22
ჰ: ჰარდენი (33), ჰოვარდი (17+14 მოხსნა).
პ: ოლადიპო (21+10 პასი), მაკალუმი (16), ჰენდერსონი (16), ჰარკლესი (14), ამინუ (11), პლამლი (10).

შარლოტი-ვაშინგტონი 108:104
25:25, 23:33, 30:17, 30:29
შ: ბატუმი (26+11 მოხსნა+9 პასი), უოკერი (23), ჰოიესი (14), მარვ. უილიამსი (13+10 მოხსნა).
ვ: უოლი (23+10 პასი), ბილი (22), პორტერი (20), გორტატი (11+13 მოხსნა), დადლი (10).

ინდიანა-დეტროიტი 112:104
34:22, 28:26, 25:33, 25:23
ი: ჯორჯი (30), ჯორჯ ჰილი (17), ტერნერი (16), ჯორდან ჰილი (12), მაილზი (10).
დ: ჯექსონი (26), ტოლივერი (17), მორისი (16), ჯონსონი (14+10 მოხსნა), დრამონდი (10+13 მოხსნა).

კლივლენდი-ნიუ ორლეანი 99:84
28:20, 26:23, 20:27, 25:14
კ: ირვინგი (29), ჯეიმსი (27+8 პასი), სმიტი (20), ვარეჟაო (2+10 მოხსნა), ტომპსონი (0+15 მოხსნა).
ნ-ო: კოული (26), დევისი (24+11 მოხსნა), ჰოლიდეი (12), აშიქი (6+12 მოხსნა).

ფილადელფია-ბრუკლინი 103:98
24:12, 17:27, 28:25, 34:34
ფ: ოკაფორი (22+17 მოხსნა), ნოელი (18), მაკონელი (17), ტომპსონი (14).
ბ: იანგი (22+10 მოხსნა), ლოპესი (17), ბრაუნი (15), ელინგტონი (11).

მემფისი-დალასი 110:114 (ო)
30:25, 22:29, 28:25, 22:23, 8:12
მ: მ. გასოლი (22), რენდოლფი (20+14 მოხსნა), ბარნსი (17+11 მოხსნა), კონლი (16+7 პასი), ჩელმერსი (12), ლი (10).
დ: პარსონსი (26), უილიამსი (22+11 პასი), ნოვიცკი (18), ფელტონი (16), პაუელი (10).

მინესოტა-ჩიკაგო 112:105
26:21, 23:34, 35:29, 28:21
მ: თაუნსი (26+17 მოხსნა), დიენგი (24+13 მოხსნა+7 პასი), უიგინსი (21), რუბიო (14), ლავინი (13).
ჩ: პ. გასოლი (25), როუზი (18+10 პასი), მური (17+7 პასი), პორტისი (15).

სან ანტონიო-ლეიკერსი 106:102
29:20, 25:31, 25:30, 27:21
ს-ა: ოლდრიჯი (26+9 მოხსნა), ლეონარდი (20+13 მოხსნა), პარკერი (14), მილზი (13), გრინი (11).
ლ: ბრაიანტი (25), კლარკსონი (21), რენდლი (15+17 მოხსნა), უილიამსი (14), რასელი (12).

ფინიქსი-იუტა 89:98
12:31, 23:22, 23:18, 31:27
ფ: ბუკერი (18), მორისი (17+8 პასი), ტელეტოვიჩი (15), გუდვინი (14), ჩენდლერი (10+14 მოხსნა).
ი: ჰუდი (25), ჰეივორდი (22), ნეტო (13), გობერი (13+13 მოხსნა+4 დაფარება), ფეივორსი (11).

გ. სტეიტი-ოკლაჰომა 116:108
36:31, 37:28, 18:24, 25:25
გ-ს: კარი (26+10 პასი), ბარნსი (19), ტომპსონი (18), სპეიტსი (15), ლივინგსტონი (10), გრინი (9+14 მოხსნა+6 პასი).
ო: დურანტი (40+14 მოხსნა), უესტბრუკი (27+12 პასი), კანტერი (14+15 მოხსნა), ადამსი (12+8 მოხსნა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული