NBA. პლეი ოფი: "კლივლენდი" თუ გაჩემპიონდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კლივლენდის" ლიდერმა ლებრონ ჯეიმსმა, შესაძლოა, მალე ისევ დატოვოს "კავალიერზის" რიგები. რამდენიმე წყაროს ცნობით, წელს "კლივლენდის" გაჩემპიონების შემთხვევაში, ლებრონი "მაიამიში" დაბრუნდება.

ამასთან, მიმომხილველები მიუთითებენ რამდენიმე ირიბ საბაბზე, რომელიც ლებრონის "ჰიტში" სავარაუდო დაბრუნებაზე ლაპარაკობს. მას შემდეგ, რაც კალათბურთელი საკლუბო "ტვიტერის" სიიდან ამოეწერა, მან განაცხადა, რომ სურს ერთ გუნდში ითამაშოს დუეინ უეიდთან ("მაიამი"), კრის პოლთან ("კლიპერსი") და კარმელო ენტონისთან ("ნიუ იორკი") ერთად.

ამასთან, ჯეიმსი, ერთგვარად, საკუთარი სიტყვების მძევალიცაა. როცა "კლივლენდში" ბრუნდებოდა, მან განაცხადა: "ვბრუნდები აქ იმისთვის, რომ "კლივლენდს" ტიტული მოვუტანო". მასვე ეკუთვნის შემდეგი
სიტყვები: "კვლავაც მინდა, რაც შეიძლება მეტი ტიტულის მოგება, მაგრამ უპირველესი ამოცანაა ამ გუნდისთვის ჩემპიონობის მოტანა".

ასე რომ, თუ მიმდინარე პლეი ოფს "კლივლენდი" მოიგებს, ჯეიმსის მისია ოჰაიოში შესრულებული იქნება, რის შემდეგაც, ფორვარდს სუფთა სინდისით შეეძლება "მაიამიში" დაბრუნება ან რომელიმე სხვა გუნდის არჩევა, მაგალითად, "ლოს ანჯელეს ლეიკერსის", რომელსაც სხვადასხვა ჭორის მიხედვით, ხშირად უკავშირებენ ლებრონს.

ისინი უკვე გმირები არიან
"ტორონტომ" მომდევნო ორი მატჩიც რომ წააგოს აღმოსავლეთი კონფერენციის ფინალში, კანადაში არ მოინახება თუნდაც ერთი გულშემატკივარი, რომელიც საყვარელი გუნდის გაკრიტიკებას მოინდომებს. "რეპტორზმა", რომელმაც ბოლო 42 დღეში 20 და ბოლო 25 დღეში 13 მატჩი ჩაატარა, აგრეთვე, ძირითადი ცენტრის იონას ვალანჩუნასის გარეშე თამაშობდა, სასწაული მოახდინა - ზედიზედ ორჯერ მოუგო "კლივლენდს" და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

როგორც იქნა, პირველად ამ სერიაში ერთდროულად კარგი თამაში აჩვენეს კაილ ლოურიმ და დემარ დეროზანმა, რომლებმაც 43-დან 28 ტყორცნა მოათავსეს კალათში და 67 ქულა დააგროვეს.

რა თქმა უნდა, "კლივლენდის" მარცხის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია სამქულიანების ცუდი შესრულება. პირველ ტაიმში სტუმრებმა 22-დან 19 შორეული ტყორცნა ააცილეს მიზანს. თუმცა მესამე მეოთხედში ეს პრობლემა მოგვარდა, როცა რვიდან ექვსი სამქულიანი ჩავარდა მასპინძელთა კალათში. ამის წყალობით, "კავალიერზი" თამაშში დაბრუნდა, თუმცა მესამე მეოთხედის ბოლოს, ტრავმა მიიღო კევინ ლავმა და ფორვარდი მოედანზე აღარ გამოჩენილა. თითქოს სტუმრების მდგომარეობა უნდა დამძიმებულიყო, მაგრამ ლავის ნაცვლად მოედანზე გასულმა ჩენინგ ფრაიმ 63 წამში სამი სამქულიანი ჩააგდო და პრაქტიკულად ყველაფერი თავიდან იწყებოდა.

და აი, შემდეგ, "კლივლენდმა" შეცდომა დაუშვა, როცა გადამწყვეტ წუთებში გამუდმებით აწვდიდა ბურთს ფრაის, მან კი ყველა ტყორცნა ააცილა. სწორედ შეტევაში საშინელმა თამაშმა გამოუწერა განაჩენი "კავალიერზს" - ლებრონმა და თანაგუნდელებმა ბოლო 4.52 წუთში 11-დან 10 შეტევა გააფუჭეს.

თუმცა წაგებაში მთავარი დამნაშავე არა ფრაი, არამედ ჯეი არ სმიტია, რომელმაც 32 წუთში 11-დან რვა სამქულიანი ააცილა, გარდა ამისა, 99:103-ზე ბისმაკ ბიიომბომ დაუფარა და აგრეთვე, სმიტს შემდეგ შეტევაში ლოურის გარღვევისას ჩაეძინა. ბიიომბო კი ორივე კანადური მატჩის ერთ-ერთი მთავარი გმირი აღმოჩნდა. მან ჯამში 40 მოხსნა და 7 დაფარება დააგროვა და "+21" ჰქონდა სარგებლიანობის კოეფიციენტი. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ პატრიკ პატერსონს ჩამორჩა. სხვათა შორის, გუშინდელი მატჩის დასრულებამდე 1.39 წუთით ადრე, 101:99-ზე სწორედ პატერსონმა მოიპოვა ბურთი მეტოქის ფარზე.

თუ გავიხსენებთ იმას, რომ იონას ვალანჩუნასი მზად არის მოედანზე დასაბრუნებლად, არ გაგვიკვირდეს, თუ სერია შვიდ მატჩამდე გაგრძელდება.

ტორონტო-კლივლენდი 105:99
27:24, 30:17, 21:28, 27:30
ტ: ლოური (35+5 პასი+5 მოხსნა+3 ჩაჭრა), დეროზანი (32+3 პასი), კეროლი (11), პატერსონი (9+5 მოხსნა), ჯოზეფი (8), ბიიომბო (5+14 მოხსნა+3 დაფარება), როსი (3), ჯონსონი (2).
კ: ჯეიმსი (29+9 მოხსნა+6 პასი), ირვინგი (26+6 პასი), ფრაი (12+6 მოხსნა), ლავი (10+7 მოხსნა+3 პასი), სმიტი (9), ჯეფეროსნი (8), დელავედოვა (2+5 პასი), ტომპსონი (2+9 მოხსნა), შამპერტი (1).
რეალიზაციის პროცენტი: თამაშიდან (53.8/47), სამქულიანები (31.8/31.7), საჯარიმოები (73.7/88.9).
სერია: 2-1

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული