ოვერტაიმში, ბოლო წამებზე ფინეთთან განცდილი მარცხი და მომდევნო მეტოქე ხორვატიაა

AutoSharing Option
დასანანზე დასანანი მარცხი ფინეთთან, ოვერტაიმში, რის გამოც ახლა საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებს დარჩენილი ორივე მატჩის მოგება მართებს, რათა ელიტარულ, A დივიზიონში ადგილი შეინარჩუნოს. საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საქართველომ 1/8-ფინალის ისრაელთან წაგების შემდეგ 9-16 ადგილებისთვის ბრძოლაში გადაინაცვლა და დღეს, პლეი აუტის პირველივე მატჩი რომ მოეგო, მინიმუმ მე-12 ადგილს გაინაღდებდა, რითაც მთავარ მიზანს – A დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას – მიაღწევდა, მაგრამ…

ოვერტაიმის ბოლო წუთი დაიწყო თუ არა, მანამდე უქულოდ მყოფმა საბა ჟღენტმა გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთა. მათე ყავლაშვილის აცილებული
სამქულიანი მოხსნა და ფარქვეშიდან ჩასაგდებად ამხტარი, ფინელმა ამანი ჰარუნმა ჯარიმით შეაჩერა. უაღრესად დაძაბულ მომენტში საბამ ორივე საჯარიმო ჩააგდო და ოვერტაიმის დასრულებამდე 56 წამით ადრე საქართველოს ნაკრები 75:71 დააწინაურა. ეს ფაქტობრივად გამარჯვებას ნიშნავდა, საჭირო იყო ძალიან მცირე დროის მოგება, სტანტარტული წესების დაცვა და შესრულება, მაგრამ არ გამოვიდა.

ფინელებმა წუთშესევება აიღს და ბურთი ჩვენი ნახევრის გვერდითი ხაზიდან შემოიტანეს. 5 წამში მითვლილი ორქულიანით ფინელებმა რთული სიტუაციიდან თავი დაიძვრინეს, თუმცა ქართველებს 2-ქულიანი ლიდერობა და ბურთი დარჩათ. მათე ყავლაშვილმა მეტოქე კარგად ჩამოიშორა და მართალია, პირით ხაზთან, მაგრამ თავისუფალი დარჩა. ოთხიოდ მეტრიდან მისი ნასროლი მიზანს ასცდა და ოვერტაიმის დარსულებამდე 30 წამით ადრე ფინელებმა შეტევა წამოიწყეს.

აქ კი გათამაშდა ის, რასაც გნებავთ უიღბლობა, გნებავთ უყურადღებობა და გინდაც ორივე ამის სინთეზი დავარქვათ. საქართველოს ნაკრების მოთამაშეებმა, რომლებიც მანამდე სოლიდურად ჯობდნენ მეტოქეს მოხსნებში, ფინელების თავგანწირული შეტევების შემდეგ საკუთარ ფარზე ბურთი 2-ჯერ ვერ მოხსნეს. ჯერ იყო და მეტოქის უკანახაზელი სწორედ მოიქცა, როცა შესატევად განკუთვნილი დროის ამოწურვამდე ფარქვეშ შეიჭრა – ამით აცილების შემთხვევაში თამაშის გადასარჩენად დრო დატოვა და ასეც მოხდა: ბენჯამინ პასილამ გარღვევა ააცილა, თუმცა ფარიდან ასხლეტილი ბურთი ისევ მას ჩაუვარდა ხელში, რომელიც პერიმეტრზე გაიტანა. დასრულებამდე 12 წამით ადრე რეინო საივოსალმა სამქულიანი ააცილა და ფარიდან ასხლეტილი ბურთი ისევ პასილამ მოხსნა, რომელმაც ეგრეთწოდებული ANDONE-ი ჩააგდო. გიორგი დოხნაძე დაჯარიმდა და პასილამ გამთანაბრებელ ორქულიანს დამაწინაურებელი საჯარიმო მიამატა – 76:75 დასრულებამდე 9 წამით ადრე.

აქ ჩვენებმა გამართულად ითამაშეს, როცა თამაში საკუთრ თავზე გუნდის მთავარმა გამთამაშებელმა, მიმდინარე მატჩის ბომბარდირმა და რომ იტყვიან, დირიჟორმა, მათე ხატიაშვილმა აიღო. მათემ იოლად ჩამოიტოვა მეურვე, შეიჭრა ფარქვეშ და ჩასაგდებად სანამ ბურთს ფარისკენ აიტანდა, მას დამცველმა ხელი გაჰკრა. მსაჯებმა ვიდეო გადაახვიეს და დაადგინეს, რომ ფინელის შემდეგ ბურთი ხატიაშვილს ეხება და საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ტოვებს მოედანს. ამით საქართველოს ნაკრები წასაგებად გაიწირა. მართალია ქართველებმა ტაქტიკური ჯარიმა მყისიერად აიღეს, მაგრამ ფინელმა რეინო საივოსალმიმ ორივე საჯარიმო ჩააგდო. დარჩენილ 3 წამში ხატიაშვილმა მოასწრო ბურთის მეტოქის ნახევარზე გადატანა და სროლა, თუმცა მისი სამქულიანი მიზანს ოდნავ ასცდა – 78:75 ფინელთა სასარგებლოდ.

ფინეთს გამართული ტაქტიკის, ან კომბინაციების უკეთსად გათამაშების გამო არ მოუგია. მათი შეტევები პრიმიტიული იყო. უმეტესად სამქულიანებს ესროდნენ (35 ცდიდან მხოლოდ 7 ჩააგდეს), ფარქვეშ კი იშვიათად შედიოდნენ, რადგან ქართველებს სამწამიან ზონაში სიმაღლისა და სხვა ფაქტორების გამო გარკვეული უპირატესობა ჰქონდათ. სამწუხაროდ, ამ უპირატესობამ გადამწყვეტ მომენტში ვერ იმუშავა და ბოლო წამებზე საკუთარ ფარზე ზედიზედ 2-ჯერ ვერმოხსნილი ბურთის გამო საკვანძო მატჩი დავთმეთ.

მათე ხატიაშვილმა სამმაგი დუბლის ზღვარზე გაიარა. მან 24 ქულა, 11 მოხსნა და 8 პასი მიითვალა. 15 ქულა და 13 მოხსნა ილია სულაძემ მოაგროვა. 9-9 ქულა დავით ჭუაძისა და ირაკლი ქარდავას ანგარიშზეა. ამ უკანასკნელმა 11 ბურთიც მოხსნა და ორმაგ დუბლამდე 1 ქულა დააკლდა.

საქართველოს ნაკრებს A დივიზიონში 2 მატჩი დარჩა ჩასატარებელი და ორივეს მოგება სჭირდება, B დივიზიონში დაქვეითება რომ თავიდან აირიდოს. პირველი მეტოქე ცნობილია – ეს გახლავთ ხორვატია, რომელმაც საქართველოს მსგავსად A დივიზიონის საგზური შარშან მოიპოვა. ხორვატებმა B დივიზიონი დამაჯერებლად მოიგეს, ფინალში ბულგარეთი დაამარცხეს, საქართველომ კი ელიტ-დივიზიონის საგზური მესამე ადგილის დაკავებით მოიპოვა.

ხორვატებმა მიმდინარე A დივიზიონში ყველა მატჩი წააგეს. ჯგუფში ხორვატები უშანსოდ იყვნენ ისრაელთან, იტალიასა და საბერძნეთთან, ხოლო მერვედფინალში საფრანგეთთან 59:90 განადგურდნენ. დღეს, პლეი აუტის პირველი მატჩი ხორვატიამ დაძაბულ ბრძოლაში – 61:63 დათმო გერმანიასთან.

საქართველოსა და ხორვატიის დაპირისპირება, რომლის მოგებულიც ტურნირზე მე-13 ადგილისთვის მატჩში მონაწილეობის უფლებას მოიპოვებს, 16 აგვსტოს, თბილისის დორით 17:00 საათზე გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
საქართველოს ყველა ნაკრებს,პირველს თუ ასაკობრივებს,ერთ საერთო სენი აქვთ.პერიოდის თუ თამაშის ბოლოს,ბოლო შეტევაში,ჩვენ შეტევის განვითარებას ვერ ვახერხებთ და მეტწილად მოუმზადებელ სროლას ვახდენთ,ზოგჯერ კი,საერთოდ ვერ ვესვრით.როცა მეტოქეს აქვს შეზღუდული დრო,მაშინ პირიქით ხდება,ყოველთვის ვაძლევთ სროლის საშუალებას და ხშირად თავისუფალი პოზიციიდანაც.ძაღლის თავი,ალბათ უფრო ფსიქოლოგიაშია დამარხული,თუმცა კალათბურთელების დაღლილობის წვლილიც უნდა იყოს.ჩვენ თითქმის ყოველთვის ძლიერი კალათბურთეების რაოდენობით შეზღუდულნი ვართ და რაკი,ღირსეული შემცვლელები არ ჰყავთ,დიდხანს უწევთ,მოედანზე ყოფნა.ბოლო წუთზე,როცა მეტოქე მჭიდროდ და მაღალ სისწრაფეზე იწყებს თამაშს,მათ უჭირთ,ადექვატურად სისწრაფის მომატება,ხოლო როცა მეტოქე აქვს ბურთი,მათ ამოკეტვას ვერ ახერხებენ.ალბათ ამიტომაცაა,რომ რა ანგარიშითაც არ უნდა დავწინაურებულიყავით ანგარიშში,საქართველოს ნაკრებს,ყოველთვის შეეძლო,სულ რამდენიმე წუთში,უპირატესობის განიავება და მერე,ხელმეორედ გვიხდებოდა მოსაგები,თითქოს უკვე მოგებული თამაში.
სოსო
21:13 15-08-2024
0
ერთი წლის წინ დავწერე და ვთქვი რომ ჩაერთვებოდნენ მამიკოები მეგიბრები და ნეპოტზმი ....ამ ტურნირზე მართლაც გამოჩნდა და ბ ლიგისკენ მივექანებით.ერთი კარგი გამთამაშებელი დატოვეს რომ მათეს შეცვლიდა და ხანდახან დაასვენებდა რომ არ გადაღლილიყო.მეორე 2 კარგი ნომერი დატოვეს რომელიც ამინდს შექმნიდა.
2 მოთამაშე რომ წაიყვანეს რათ უნდოდათ ვერ ვხვდები...1 ნომერი და 23 ნომერი.
მე ვერ ვხვდები რატო წაიყვანეს და იქნებ თქვენ გამარკვიოთ რატო ყავთ წაყვანილები?
ასე ვერ გავფრინდებით...სულ ერთი და იგივე საახეები.
ადამიანი
19:20 15-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული