შეგახსენებთ, რომ შესარჩევის პირველი მატჩი ჩვენმა ნაკრებმა გერმანიასთან სტუმრად გამართა და ანგარიშით 70:79 წააგო.
ილიას ზუროსის გუნდის მეტოქე ევრობასკეტის მოქმედი ვერცხლისმედალოსანი და მსოფლიოს ერთ-ერთი გრანდი სერბეთი იქნება, რომელსაც ქართველები ბელგრადის ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზში დაუპირისპირდებიან.
საქართველოს ნაკრები ბელგრადში გერმანიიდან, 25 ნოემბრის დილას
ილიას ზუროსმა გუნდი სრული დატვირთვით მეორე დღეს, 26 ნოემბერს ავარჯიშა.
ქართველებამდე ალეკსანდარ ნიკოლიჩის დარბაზი სერბებს ჰქონდათ დაკავებული და გასასვლელში ილიას ზუროსი მათ მთავარ მწვრთნელ ალეკსანდარ ჯორჯევიჩს შეხვდა.
მწვრთნელებმა ფიბას ახალი სანაკრებო ფორმატის შესახებ ისაუბრეს, რომელიც ფაქტობრივად, NBA-სა და ევროლიგის მოთამაშეების გარეშე ტოვებს ნაკრებებს. ზუროსმაც და ჯორჯევიჩმაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს ამის გამო.
ილიას ზუროსმა ასისტენტებთან ერთად ნაკრები კომბინირებულად ავარჯიშა. სროლები, კომბინაციები, ორმხრივი თამაში და რა თქმა უნდა, მოთელვები - ეს გახლდათ ის კომპონენტები, რაზეც ნაკრების წევრებმა "ალეკსანდარ ნიკოლიჩზე" იმუშავეს.
ჯერჯერობით უცნობია, შეუერთდებიან თუ არა ნაკრებს თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინი, რომლებსაც 30 ნოემბრამდე და პირველ დეკემბრამდე კლუბებში თამაში არ უწევთ.
ყველა მოთამაშე მხნედაა და ტრავმა არავის აწუხებს.
შესაძლოა, ითქვას, სერბებთან 100-პროცენტიანი მაჩვენებელი გვაქვს. პირველი ამხანაგური მატჩი 2013 წლის 16 აგვისტოს გაიმართა და ჩვენი ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 75:71 დასრულდა, ხოლო მეორე შეხვედრა "აკროპოლისის თასზე" 2017 წლის 24 აგვისტოს ჩატარდა და საქართველოს გამარჯვებით, ანგარიშით 68:66 დასრულდა.
რაც შეეხება ოფიციალურ შეხვედრებს, ეს გუნდებს შორის პირველი დაპირისპირება იქნება.
სერბეთი-საქართვეელო თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ამ დროისთვის საქართველოს ნაკრები ჯგუფში მესამე ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შემდეგ ეტაპზე სამი გუნდის გადის.