საქართველოს ნაკრები კარგად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ სერბეთთანაც დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრები ბელგრადში სერბეთთან 18 ქულით დამარცხდა.

მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები წინაზე უფრო ძლიერ მეტოქეს ხვდებოდა. მართალია, სერბეთსაც არაერთი წამყვანი კალათბურთელი აკლდა, მაგრამ ევროპირველობის ვიცე-ჩემპიონი ნებისმიერ შემთხვევაში გერმანიის ეროვნულ გუნდზე ძლიერია და ეს ავსტრიის განადგურებითაც დაამტკიცა (85:64).

ნებისმიერი მწვრთნელი მატჩის წინ მოწინააღმდეგის თამაშს ნახავდა და იმის მიხედვით აირჩევდა სტრატეგიასა და ტაქტიკას. ბუნებრივია, ასე მოიქცა სლავების თავკაცი ალექსანდრ ჯორჯევიჩი, რომელმაც
არც დამალა, რომ ჩვენი წამყვანი კალათბურთელებისთვის მაიკლ დიქსონისა და მანუჩარ მარკოიშვილისათვის არ უნდა მიეცა პერიმეტრიდან სროლის საშუალება. არაფერი უთქვამს საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილზე - გერმანიასთან წაგებულ ფარზე. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდი ამ კომპონენტში დიდწილად ერთ ცენტრალურ თავდამსხმელზე, გამოუცდელ, მაგრამ პერსპექტიულ 18 წლის გოგა ბითაძეზეა დამოკიდებული, რომელმაც ჰემნიცურ შეხვედრაში ოდენ 4 ქულა ჩააგდო და 5 პერსონალური მიიღო.
ეს რაც შეეხება ვიზავის.

ბუნებრივია, თავისი ჩანაფიქრი და მონახაზი საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ილიას ზუროსსაც ქონდა და ძალიან საინტერესო იყო რა სიურპრიზს შესთავაზებდა მეტოქეს. ისიც უნდა ითქვას, ამ შემადგენლობით ბერძენ სპეციალისტს თამაშის გადაწყობის და გამრავალფეროვნების დიდი საშუალებაც არ აქვს და რაც წინა მატჩში ჩვენმა გუნდმა აჩვენა, მიმდინარე ეტაპზე ალბათ, მისი მაქსიმუმია.

პირველმა მეოთხედმა დაგვანახა, რომ ამ ფორმაციის სერბეთის ნაკრები იმის აჩრდილიც არაა, რომელიც კონტინენტის გასულ ჩემპიონატზე ვიხილეთ. ვერც პერიმეტრი ჩაგვიკეტეს, დაცვაშიც უამრავი შეცდომა დაუშვეს და საჯარიმოებიც ვერ გამოიყენეს. ჩვენმა გუნდმა კი მოახერხა შორიდან სროლებით ქულების აღება, ოღონდ ეგაა, ფარი წააგო და დაცვაშიც ვერ ვარგობდა. მოკლედ, თანაბარი თამაში წავიდა და საწყისი მეოთხედი ფრედ დასრულდა.

მეორე პერიოდში მასპინძლებმა აქტიურ დაცვას მიმართეს და 6 ქულით დაწინაურდნენ, თუმცა დიქსონის 3 სამქულიანით ანგარიში გათანაბრდა,  თამაში ქულა-ქულაზე წავიდა და პირველი ტაიმი 45:44 მოვიგეთ. აღსანიშნავია, რომ დიქსონმა უნიკალური შედეგი აჩვენა, 17:43 წუთში 23 ქულა ჩააგდო. სერბეთის ნაკრებიდან ყველაზე შედეგიანი 15 ქულით ცენტრალური თავდამსხმელი მიროსლავ რადულიცა იყო.

მესამე პერიოდში სერბებმა ჯარიმების სროლა გამოასწორეს, დაცვაშიც უფრო ყურადღებით გაისარჯნენ, თანაც შეცვლაზე კარგად შესულმა მიხეილ ბერიშვილმა მე-4 პერსონალური მიიღო, ბითაძეს ჯარიმები არ წაუვიდა, დიქსონმაც რამოდენიმე შეცდომა დაუშვა და 64:74.

დასკვნით პერიოდში იგივე პრობლემის წინაშე დავდექით, რაც გერმანიასთან მატჩში გვქონდა - ძალა აღარ ეყო ჩვენს გუნდს, მოკლე სათადარიგოთა სკამმაც არ მისცა ჩვენს წამყვან კალათბურთელებს დასვენებისა და ოდნავი ამოსუნთქვის საშუალება, მარკოიშვილმა შეხვედრის დასრულებამდე 6 წუთით ადრე მეხუთე პერსონალური მიიღო, სამწამიანის ზონაში ადვილად ვუშვებდით მოწინაღმდეგეებს, დაცვა მოიშალა, დიდი ანგარიშით 87:105 დამვარცხდით და თქვენ წარმოიდგინეთ რამხელა იქნებოდა ანგარიშში სხვაობა დიქსონს 36 ქულა რომ არ აეღო...

ერთი სიტყვით, ისევ დავმარცხდით, რაც საკადრო პრობლემებიდან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჯგუფიდან სამი გუნდი გადის, ყველაზე სუსტ მოწინააღმდეგესთან, ავსტრიასთან ორივე თამაში ჩასატარებელი გვაქვს, ყველაზე რთული მატჩები უკან მოვიტოვეთ, მომავალ წელს გერმანიასაც და სერბეთსაც თბილისში ვმასპინძლობთ, ვითარება კატასტროფული არაა. თან, იქნება მაშინ თორნიკე შენგელია და გიორგი შერმადინიც დაგვეხმარონ.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 28 /
ეს არის ჯერჯერობით მაქსიმუმი. იმედი გვქონდეს, რომ მოვუმატებთ.ვერ ვუძლებთ ბოლომდე
გგგ
01:14 28-11-2017
1
ვფიქრობ, ზუროსი არა მარტო ევროპის, მსოფლიოს ერთ-აერთი საუკეთესო მწვრთნელია. მის ხელში საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი პერსპექტივა აქვს. ბიჭებმა პირველ ტაიმში საკმაოდ კარგად ითამაშეს და დაცვაშიც რომ ეყოჩაღათ, შესაძლოა მოგებაზეც გვეფიქრა. დიქსონი საუკეთესო გამთამაშებელია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, თანაც ყველა მატჩში ბოლომდე იხარჯება და ჯიგრით თამაშობს. მარკოიშვილიც კარგია. ბითაძე ამხელა პასუხისმგებლობას მიჩვეული არ არის, მაგრამ ნელ-ნელა გამოცდილებას შეიძენს და იმედია, მალე მაღალ დონეს აჩვენებს. მოკლედ, თებერვლის თამაშებს ველით, წარმატებას ვუსურვებ. აუცილებლად უნდა შეავსოს გულშემატკივარმა სპორტის სასახლე
კოტე
10:13 28-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული