ილიას ზუროსი - საქართველოს "მეექვსე მოთამაშე", რომელიც სწრაფად აზროვნებს და თამამ გადაწყვეტილებებს იღებს

AutoSharing Option
ალბათ, ისრაელთან მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრების ყველა გულშემატკივარმა ძალიან ინერვიულა. ასეთ ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ათმაგად უფრო სასიხარულოა და ახლა, როდესაც ემოციები დაცხრა, მშვიდად შევეცადოთ, განვიხილოთ გასული შეხვედრა.

ამ თამაშში მთელმა გუნდმა სული და გული ჩადო, ყველა ბოლომდე დაიხარჯა. დიდებული იყო თორნიკე შენგელია, დუდა სანაძე, ნაკრების ახალწვეული მეტ ჯენინგი და რა თქმა უნდა, გოგა ბითაძე, რომელმაც კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მან დაგვანახა, რომ არ დარჩება პერსპექტიულ კალათბურთელად და დიდი მომავალი აქვს. თავდადებისთვის მადლობას იმსახურებს ჩვენი გუნდის
თითოეული წევრი და გვჯერა, კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ.

და მაინც, გვგონია, მატჩის საუკეთესო მოთამაშე ჩვენი ნაკრების მწვრთნელი ილიას ზუროსი გახლდათ. დიახ, დიახ, მოთამაშე, რადგან საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების თავკაცის, ვლადიმირ ვაისისგან განსხვავებით, ის წარმართავს თავისი გუნდის თამაშს, იღებს თამამ და ხანდახან არაორდინარულ გადაწყვეტილებებს; შესაძლოა, ზოგჯერ მცდარსაც, მაგრამ ის სიტუაციიდან გამომდინარე, მუდამ სიახლის ძიებაშია, ფორსმაჟორულ ვითარებაში არ იბნევა, სწრაფად აზროვნებს და სრულიად ადეკვატურად რეაგირებს.

altილიას ზუროსი: მაგარი თამაში მოვიგეთ და საბერძნეთთან კიდევ უფრო მაგარი თამაში იქნება

ბერძენი სპეციალისტი მთლიანადაა ჩართული თამაშში, ძალიან ტემპერამენტიანია და ამით თავის გუნდსაც ვნებს ხოლმე. ის კარგი მწვრთნელია, სამხრეთელია და საქართველოს ნაკრებს სწორედ ასეთი ხელმძღვანელი ესაჭიროება. უხდება კიდეც. რაღაცნაირად ჩვენებურია.

ილიასი ფლობს გუნდის მართვის სადავეებს და რამდენადაც განერვიულებული უნდა იყოს, წონასწორობას ბოლომდე არასოდეს არ კარგავს, როდესაც მაქსიმალურად აღელდება, მომენტალურად დაწყნარდება და ჩადგება მწყობრში.

გუშინდელი მატჩი გავიხსენოთ. ისრაელს არ ჰყავდა ე.წ. მძიმე ცენტრი და ასეთ თამაშში გიორგი შერმადინზე უფრო სასარგებლო ბითაძე რომ იქნებოდა, ამას უმალ მიხვდა ზუროსი და შეცვლა გააკეთა, რამეთუ უფრო მოძრავი და სწრაფი გოგა გაცილებით ეფექტური გამოდგა.

ამის დასტურია ბითაძის სტატისტიკური მონაცემებიც. ის შეხვედრის ყველაზე სასარგებლო კალათბურთელი გახდა. მისი ეფექტურობის მაჩვენებელი +21-ია, რაც ყველაზე მეტია ორივე გუნდის კალათბურთელებში. გარდა ამისა, ბითაძე აღარ არის ის გამოუცდელი ბიჭი, რომელიც პარკეტზე გამოსვლისას უმალ იღებდა ფოლებს და თითქმის ყოველ მატჩს 5 პერსონალურით ასრულებდა. მან შეძლო იმ ბალანსის პოვნა, რომელიც მის ეფექტურობას და აგრესიულობას ათანაბრებს. ამის ნათელი მაგალითია შეტევაში მოპოვებული 7 მოხსნა (!). არანაკლებ ნაყოფიერი იყო დაცვაშიც, სადაც 2 მოხსნასთან ერთად 4 ბლოკი განახორციელა.

Sportall.Ge

როდესაც მესამე პერიოდში ვაგებდით და საქმე ცუდად მიგვდიოდა, გუნდის უპირობო ლიდერი შენგელია დაასვენა და მხოლოდ მეოთხე მეოთხედის მიმდინარეობისას შეუშვა პარკეტზე. ამ სვლამაც გაამართლა.

იყო მომენტი, როცა სწრაფ თამაშში მოწინააღმდეგემ საქართველოს ნაკრები დაჯაბნა. როცა ისინი თავისუფლად შედიოდნენ ჩვენს სამწამიანში, ამ დროს ზუროსმა გუნდი გადააწყო, საერთოდ, ცენტრის გარეშე ათამაშა. შედეგად, მეტოქემ სისწრაფეში უპირატესობა დაკარგა.

პირველი ტაიმი ქართველმა კალათბურთელებმა 12 ქულით მოიგეს და თითქოს, ფორა საკმაო იყო. შესვენების შემდეგ კი ეს ფორა გაზაფხულის თოვლივით გადნა. რატომ? კალათბურთი სპორტის სპეციფიკური სახეობაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხშირია "ამპლიტუდური რხევები", ერთი გუნდის გაქცევა, მერე თამაშის შემოტრიალება, თამაშში დაბრუნება და ა.შ. ამაშია სწორედ მისი ხიბლი.

ამასთან ერთად, მთავარი ფაქტორი, რამაც საქართველოს ნაკრების მიერ მესამე მეოთხედის ჩაგდება გამოიწვია - არაზუსტი სროლებია.

დიაგრამაზე ნათლად ჩანს, რომ ქართველ კალათბურთელებს შეტევებში ცდა არ დაუკლიათ, თუმცა სიზუსტემ აშკარად უმტყუნათ და ასევე, მშვენივრად გაისარჯა სამწამიანში ისრაელის ნაკრები.

Sportall.Ge

თანაც, ისრაელი არაა ხელწამოსაკრავი გუნდი და მით უმეტეს, მასპინძელი გახლდათ. მათმა მწვრთნელმა ოდენ კატაშმა შესვენებაზე შეგირდებს შენგელიას წინააღმდეგ უფრო აგრესიულად თამაში და ჩვენი სნაიპერებისთვის პერიმეტრის გადაკეტვა დაავალა, რაც შესანიშნავად შეასრულეს (ცოტა გაუმართლათ კიდეც, რადგან ჩვენებს იმ მომენტში სროლები არ წაუვიდათ). თორნიკემ პირველი ქულები მესამე მეოთხედში მხოლოდ დასასრულს ჩააგდო. ისრაელმა მთელ პირველ ტაიმში 37 ქულა ჩააგდო, მესამე პერიოდში კი - 31 და წინ გაიჭრა.



altისრაელის ნაკრების მწვრთნელი: საქართველოს ნაკრებმა შეტევაში 17-ჯერ მოხსნა ბურთი და ეს გადამწყვეტი გახლდათ

ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ, მასპინძლები მეოთხის დასაწყისში 6 ქულით დაწინაურდნენ და აი, ამ დროს არ გატყდა ჩვენი გუნდი ფსიქოლოგიურად, ამ მომენტში გამოამჟღავნა მთელი ოსტატობა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

გაიმარჯვა უკეთესმა გუნდმა. გაიმარჯვა გუნდმა, რომელსაც უკეთესი შემსრულებლები და უკეთესი მწვრთნელი ჰყავს.

ზუროსმა ნამატჩევს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მაგარი თამაში მოიგეს და კიდევ უფრო მაგარი თამაში ელით საბერძნეთთან. მის მშობლიურ საბერძნეთთან. კიდევ ბრძანა, რომ შედეგთან ერთად პერსპექტივაზეც უნდა იზრუნონ და უთუოდ მისცემს თავის გამოჩენის შესაძლებლობას ახალგაზრდებს. აი, ესაა გლობალურად ფიქრი და აზროვნება, ფიქრი ქართული კალათბურთის ხვალინდელ დღეზე.

ხვალინდელი დღე კი უკვე აღარ მოჩანს მუქ ფერებში, თუ რა თქმა უნდა, ევროლიგამ ისევ არ შეგვიქმნა ხელოვნურად პრობლემები.



altსაქართველოს ნაკრებმა ჩაგდებული მესამე მეოთხედის შემდეგ ისრაელი დაამარცხა [VIDEO]

alt რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!

მკითხველის კომენტარები / 16 /
საერთოდ სპორტში არ არის ჯანსაღი მდგომარეობა,ფედერაციებში რა ხდება კაცმა არ იცის,ესვრიან კიდეც ერთმანეთს,ახლა კალათბურთის ფედერაციაში პროკურატურაა შესული,სხვაგანაც არ იქნება ჯანსაღი მდგომარეობა,მერე ამათ ჰგონიათ მთავრობა აფინანსებს,მთავრობა კი არა ხალხი გაფინანსებთ,სპორტული ოჯახი ვართ და ჩვენ გავარკვევთ თქვენ არავინ გეკითხებათო ნუ ერევითო,ინტერვიუებში არ გაგიგონიათ?რას ნიშნავს ეს,დაუკვირდით არც ერთ ასაკობრივ ნაკრებში ბიჭებს არ უთამაშიათ და სადღაც გამოჩნდება კაცი,მაგრად თამაშობს,როგორ გამორჩათ,არა მგონია,გახსოვთ არაბიძემ ერთ ინტერვიუში ახსენა,რომ არ იძახებენ იმას.ვისაც.საჭიროაო,კალათბურთშიც მასეა და ზოგადად სპორტში,მერე ახალგაზრდებს უჭირთ განვითარება,ერთეულებს თუ უმართლებთ,სადღაც წავლენ თავისით უი აღმოჩნდება,რა კარგი კალათბურთელი გვყოლიაო ნუ ზოგადად სპორცმენი,საერთოდ ვსაუბრობ თორემ ვინმეს ჯინი კი არ მაქვს,ყველგან ფულია საჭირო,ასეა ბატონო და რა ვქნათ,ისრაელის დამარცხება საკუთარ კედლებში მართლა მაგარია ჯიგრები ხართ ბიჭებო.
გოჩა
14:37 14-09-2018
2
სტატიას პათოსი მთლიანად მისაღებია, ზუროსს და მთელ გუნდს დიდი მადლობა ეკუთვნის. თუმცა ხვალინდელი დღე იმედიანი ნამდვილად არ ჩანს. რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ჯერ ერთი არ გვყავს ძლიერი ინდივიდუალისტები, მარკოიშვილს, ცინცაძეს, სანიკიძეს 16-18 წლის ასაკში უკვე ეტყობოდათ რა დონის და გაქანების მოთამაშეები იყვნენ, შეგვიძლია მხოლოდ ბითაძეზე ვილაპარაკოთ ასე თუ ისე, თუმცა იგივე ფაჩულია ამ ასაკში უფრო მაღალ დონეზე იდგა. თუმცა გოგას იმედი მართლაც უნდა გვქონდეს, მაგრამ ვინ არის სხვა? 19-20 წლის კალათბურთელი ვისზეც შეიძლება თქვა, რომ დიდ კალათბურთს ითამაშებს, ასეთები არ არიან, ამ წლების მანძილზე არ არსებობდა ფედერაციის გამართული პოლიტიკა, რომელიც სამომავლვოდ ძლიერი კალათბურთელების ჩამოყალიბებას შეუწყობდა ხელს. შედეგიც სახეზეა, შეიძლება 4-5 წელიწადში ისევ გამოჩნდეს ასეთი კალათბურთელები, და ამაზე კარგი რა იქნება, მაგრამ ეს ისევ შემთხვევითობის დამსახურება იქნება და არა მიზანმიმართული პოლიტიკის.
გუგა
14:06 14-09-2018
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული