ყატარი, ნაკრები და ქართველი ქომაგი - ინტერვიუ მიხეილ ბერიშვილთან

AutoSharing Option
ფოტო: fiba.com

Sportall.ge-მ  საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების წევრთან და უბრალოდ კარგ ადამიანთან ინტერვიუ ჩაწერა.

როგორც მოგეხსენებათ, მიშა წლევანდელ სეზონს ყატარის საკალათბურთო ლიგაში ატარებს. ის გიორგი ცინცაძესთან ერთად საკუთარი კლუბის, "ალ შამალის" ერთ-ერთი ლიდერია და მათ საკმაოდ სოლიდური მიზნებიც აქვთ.

აღნიშნულ ინტერვიუში ის სწორედ იმ ასპექტებზე საუბრობს, რომლებიც მის საკალათბურთო ცხოვრებას უკავშირდება, როგორც ეროვნულ ნაკრებთან, ისე საკუთარ კლუბთან მიმართებაში.

- მიშა, პირველ რიგში, როგორ ხარ? და როგორ გრძნობ თავს უცხო ქვეყანაში?
- მადლობა, კარგად. უცხო ქვეყანას რაც შეეხება, ყატარის დედაქალაქ დოჰაში პირველად
ვარ და თავს კარგად ვგრძნობ. ამ ყველაფრის ერთ-ერთი განმაპირობებელი ყველასთვის კარგად ნაცნობი გიორგი ცინცაძეა, რომელთან ერთადაც ვთამაშობ.

- რა არის ყატარში ისეთი, რაც მოგწონს და რა არის რთული უცხო ქვეყანაში?
- პირველ რიგში, მომწონს ის, რომ სითბოა (იცინის). სირთულეს რაც შეეხება, რთულია, რომ ჩემი ქვეყნისგან და ჩემი ოჯახისაგან შორს ვარ.

Sportall.Ge

- გასული წელი შენ საქართველოს სუპერლიგაში გაატარე, წლევანდელ წელს ყატარის საკალათბურთო ლიგაში ატარებ. რომ შეადარო ერთმანეთს ამ ორი ქვეყნის პირველობა და ამ ეტაპისთვის რომელი ქვეყნის საკალათბურთო ჩემპიონატი უფრო მაღლა დგას?

- საქართველოს ჩემპიონატში ქართველი მოთამაშეები უფრო ნიჭიერები და უკეთესები არიან,  ვიდრე ყატარში ყატარელები, მაგრამ ყატარში ლეგიონერები საკმაოდ მაღალი დონით გამოირჩევიან. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ორი ჩემპიონატი დაახლოებით თანაბარი დონისაა.

- რა მიზნები აქვს წლევანდელ სეზონში "ალ შამალს"?
- ყველა სპორტსმენისა და კლუბის მიზანი, ვფიქრობ, ჩემპიონობაა.

- საქართველოს ნაკრებსაც რომ შევეხოთ, ახლოვდება მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 მატჩი, საბერძნეთთან და ესტონეთთან. რა განწყობაა გუნდში და თეორიულ შანსს თუ მაინც ინარჩუნებს ჩვენი ნაკრები ჯგუფიდან გასასვლელად?
- მიუხედავად იმისა, რომ ნაკრებს ამ თამაშებში ვერ ეხმარებიან ის მოთამაშეები, რომლებიც "ევროლიგაზე" ასპარეზობენ: თორნიკე შენგელია, გოგა ბითაძე და მეტ ჯენინგი, გუნდში მაინც საკმაოდ ამაღლებული და საბრძოლო განწყობაა.

რაც შეეხება ჯგუფიდან გასვლის შანსებს, თეორიულად ამ შანსს ჯერ კიდევ ვინარჩუნებთ, თუ ჩვენ ორივეს მოვიგებთ და სერბეთის ნაკრები ორივე თამაშს დათმობს, თუმცა ამის ალბათობა, ფაქტობრივად, მინიმალურია, რადგან სერბეთი ორივე მატჩს გაცილებით სუსტ მეტოქეებთან ატარებს.

ჯგუფიდან გასვლის რეალური შესაძლებლობა ჩვენ მაშინ გავუშვით ხელიდან, როდესაც თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ დრამატულ მატჩში საბერძნეთის გუნდთან ბოლო წამებზე დავმარცხდით.

Sportall.Ge

- მიშა, როგორც ვიცით, საქართველოს ნაკრებში დაწყებულია თაობათა ცვლის პროცესი, სანაკრებო კარიერა დაასრულა გუნდის ყოფილმა კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ, არ არიან ვიქტორ სანიკიძე და მანუჩარ მარკოიშვილი... შენ, როგორც მოთამაშე, რას ფიქრობ? რამდენად კარგი ახალგაზრდები მოდიან ჩვენს ნაკრებში და რამდენად ღირსეულად ჩაანაცვლებენ ისინი ე.წ. ძველ თაობას?

- მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრებს საკმაოდ კარგი ახალგაზრდა ბიჭები ჰყავს, რომლებიც ვიმედოვნებ, რომ ღირსეულად ჩაანაცვლებენ "ძველ თაობას". იგივე თუნდაც, გოგა ბითაძე, რომელიც მართლაც უდიდესი და უნიკალური ტალანტია. სანდრო მამუკელაშვილი, რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე და კიდევ მრავალი სხვა, ვისიც ძალიან გვეიმედება. მთავარია, ბიჭებმა თავდაუზოგავად იშრომონ და არ დაიშურონ ძალისხმევა, წარმატება კი აუცილებლად მოვა.

- ინტერვიუს დასასრულს, გვითხარი, როგორ შეაფასებდი ქართველ გულშემატკივარს და რა როლი აქვთ მათ გუნდის წარმატებაში?
- შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენთან თამაში არავის უხარია, განსაკუთრებით, ჩვენს ძვირფას სამშობლოში. როდესაც მოედანზე გავდივართ, ის ემოცია და ეიფორია იმდენად დიდია, რომ ეს ყველაფერი მართლაც ენითაღუწერელია.

შესაბამისად, ქართველი გულშემატკივრის როლი ჩვენი გუნდის წარმატებაში უდიდესია.

- ძალიან დიდი მადლობა, მიშა, საინტერესო ინტერვიუსთვის და ბევრ წარმატებას გისურვებთ.

altილიას ზუროსმა საქართველოს ნაკრები Dyo Aorakia არენაზე ავარჯიშა [VIDEO]

altგიორგი შერმადინი: მიზერული, მაგრამ შანსი მაინც გვაქვს

altილიას ზუროსი: ტრადიციულად გვაქვს დიდი დანაკლისი და მცირე დრო

ლაშა ჯავახიშვილი, სპეციალიურად Sportall.ge-სთვის

მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბიჭებს. კარგი ინტერვიუა ნამდვილად.
გიორგი
00:54 21-02-2019
0
მამამისის, ბახული ბერიშვილის სული აცხონოს ღმერთმა, კაი კაცის შვილი, თვითონაც კარგი იქნება, მარტო მაგისთვის უნდა იყოს კარგი და არის კიდევაც! წარმატებები
სენაკელი
16:54 20-02-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული