როდესაც პარკეტზე "თავადი თავხედობს" - რატიმ ესპანეთთან მატჩის ბედი გადაწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ახალ არენაში მსოფლიოს ჩემპიონი დაამარცხა. ესპანურმა მედიამ აღნიშნა, რომ რიგი წამყვანი მოთამაშეები აკლდათ, მაგრამ ჩვენს გუნდს გოგა ბითაძე და სანდრო მამუკელაშვილი ვერ დაეხმარნენ, რაც ილიას ზუროსის კრებულის მოკლე სათადარიგო სკამის გათვალისწინებით, გაცილებით მნიშვნელოვანი დანაკლისი იყო, ვიდრე მათი. „მარკამ“ დაწერა, რომ საქართველოს ნაკრები კონტრასტების გუნდია, რამეთუ დიდი სამეული (შენგელია, მაკფადენი, შერმადინი) ჰყავს და ევროპაში ყველაზე სუსტია შემადგენლობის სიღრმის მხრივ. სწორედ ამ ტრიოს დამსახურებად იქნა ქართველების გამარჯვება მიჩნეული და მხოლოდ AS-მა გაუსვა რატი ანდრონიკაშვილის კარგ თამაშს ხაზი. გამოცემამ მას რატომღაც
„სპეციალური სტუმარი“ უწოდა. ბექა ბექაურის ჩინებული ასპარეზობა (10 წუთში 5 ქულა, 4 მოხსნა, 3 დაფარება) არც უხსენებიათ. თუმცა, უნდა ითქვას, შეხვედრა ძალიან ობიექტურად გააშუქეს.

იყო დრო, როდესაც ქართულ კალათბურთში ტანმაღალი მოთამაშეების პრობლემა იყო. თბილისის „დინამოში“ ლამის შეუცვლელად უწევდა ნიკოლოზ დერიუგინს თამაში (სიმაღლე 206 სმ) და ამიტომ ჩამოჰყავდათ ყოფილი სსრკ-ის სხვადასხვა გუნდიდან კალათბურთელები (ბოროდაჩევი, მილოვიდოვი, ოპოშნიანი, მარჩენკო, ტიუბინი). ახლა პირიქით, მცველებისა და გამთამაშებლების დეფიციტი გვაქვს, ამიტომ გვიჭირს შედარებით სწრაფ ტემპში თამაში. გუშინ კი სასიამოვნოდ გაგვაოცა ანდრონიკაშვილმა. გულშემატკივრები ხუმრობდნენ, მსოფლიოს ჩემპიონები ამერიკული კოლეჯის ქართველმა თავადმა დაამარცხაო.

რატიმ 32:58 წუთში 17 ქულა (8-დან 5 ორქულიანი, 3-დან 2 სამქულიანი, 2-დან 1 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, თუმცა მთავარი მისი მატჩის დასასრულს დიდებული გარჯაა - ძირითადი დროის ბოლოს მეტად საჭირო ორქულიანი, ხოლო ოვერტაიმში 8 ქულა ჩააგდო. ის თითქოს რაღაც ავანტიურულ, კარგი გაგებით თავხედურ კალათბურთს თამაშობს, ხანდახან ქუჩისასაც რომ მოგაგონებთ, მაგრამ სწორედ ასეთი არასტანდარტული სტილისა სჭირდება ჩვენს გუნდს. გაიხსენეთ, როგორ მოჰპარა ბურთი მეტოქეს და ქულები შეგვძინა. თანაც, რა საჭირო მომენტში და მაყურებლებმა მისი სახელის სკანდირება დაიწყეს. ასეთ სიტუაციაში იგრძნობს ხოლმე კალათბურთელი, რომ თამაში მისდის, მუღამზე მოდის და ყველაფერი გამოსდის.

ესპანეთთან თავი არავის დაუზოგავს, ყველა ბოლომდე დაიხარჯა, თუმცა ანდრონიკაშვილმა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. ამერიკის სტუდენტურ ლიგაში გადასვლის შემდეგ მას აშკარად მოუმატებია, აქვს ლიდერის თვისებები, არ აქვს კომპლექსები, შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და თუ პროგრესს ასეთი ტემპით გააგრძელებს, ბევრსაც მიაღწევს. ჩვენ კი გუშინდელი მართლაც გმირობისთვის სხვა რა გვეთქმის - მადლობა, რატი, ასე გააგრძელე!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხოდა ეგ მიკვირს მეც რატო არ ენდო უკრაინასთან რატის ზუროსი? ან თუნდაც ბექაურს? შერმადინის მეორე ტაიმში არ გამოყვანამაც გამაკვირვა.
რრრ
19:01 05-07-2022
1
აშკარად გაგვაოცა რატიმ,გენაცვალე. და ბოლოს იმასა ვიტყვი რომ გადამწყვეტ მომენტში იმ პატარა ბიჭებმა შეასრულეს.
გიო
22:12 05-07-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული