"ყველას უდიდესი მადლობა მხარდაჭერისთვის, გვერდში დგომისა და პოზიტიური მესიჯებისთვის. ვერ გადმოგცემთ, თუ რა გრძნობა მეუფლება, როდესაც ასეთ მხარდაჭერას ვგრძნობ თქვენგან.
იმ დღიდან, როდესაც გაირკვა, რომ ეს ღონისძიება ჩემს სახლში ტარდებოდა, ალბათ, არცერთ დღეს ჩაუვლია ისე, რომ ამ ევრობასკეტზე არ მეფიქრა. თითოეული ჩემი მოქმედება იყო მიმართული იმისკენ, რომ მაქსიმალურად მზად შევხვედროდი თამაშებს და თქვენი მოლოდინები გამემართლებინა, მაგრამ სპორტში სხვა ბევრ დადებითთან ერთად, სამწუხაროდ, ასეთი მომენტებიც ხშირია.
მხარზე
ჩემზე არ იდარდოთ. ამ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარ და უფრო ძლიერიც დავბრუნებულვარ. მადლობა ღმერთს, რომ მომცა ბრძოლის უნარი და მეხმარება სირთულეების გადალახვაში.
ახლა კი გთხოვთ, ყველა თქვენი პოზიტიური ენერგია და მხარდაჭერა ჩვენი ნაკრებისკენ იყოს მიმართული. პირადი გამოცდილებიდან გეტყვით, რომ თქვენს თითოეულ გამამახნევებელ შეძახილს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის. მხოლოდ ერთად, გუნდურად შევძლებთ დიდი მიზნების მიღწევას!", - წერს შენგელია.
მოგეხსენებათ, შენგელიამ ნიდერლანდებთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო. ის მკურნალობას იტალიაში გადის და დაახლოებით, 2 თვის გამოტოვება მოუწევს.